კოვიდსტუდენტობის თემაზე მუშაობისას დავინტერესდით რამდენიმე სხვა ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტების მდგომარეობით.
სოფი ტარტარაშვილი ეთნიკურად ქართველი, თუმცა აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის 19 წლისაა, შარშან, 2020 წელს დაამთავრა ქალაქ კახის საშუალო სკოლა და ახლა ილიას სახელმწიო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეორეკურსელია.
1921 წელს, საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ისტორიული ჰერეთი, რომელსაც ხშირად საინგილოდ მოიხსენიებენ („ინგილო“ ახლადმორჯულებულს ნიშნავს. ასე გამუსლიმებულ ქართველებს უწოდებნენ, რადგან იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილი თავის გადარჩენის მიზნით იძულებული იყო, ისლამი მიეღო) კახი, ზაქათალა და ბელაქანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ასე იქცნენ იქაური ქართველები ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანის მოქალაქეებად.
აზერბაიჯანის ამ სამი რაიონიდან მხოლოდ კახში აქვთ ქართველებს შენარჩუნებული რელიგია და ქართული გვარ-სახელები, ბელაქანსა და ზაქათალაში, როგორც წესი, ქართველის მაგიერ ეროვნების გრაფაში „ინგილო“ უწერიათ და პრობლემები ექმნებათ ქართული გვარ-სახელით პასპორტის აღებისას.
რა სირთულეების წინაშე დგანან ამ რაიონებში მცხოვრები ქართველები, ამაზე ადრეც დაგვიწერია. ახლა ისევ სტუდენტურ პრობლემებს დავუბრუნდეთ.
განათლების მისაღებად ეთნიკური ქართველები აზერბაიჯანიდან უმეტესად საქართველოში მოდიან და საქართველოშივე ცდილობენ დამკვიდრებას, თუმცა არ კარგავენ კავშირს მშობლიურ კუთხესთან.
კოვისპანდემიამ რთული რეალობის წინაშე დააყენა სტუდენტები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო მწვანე ზონად რჩებოდა, აზერბაიჯანში საკმაოდ მაღალი იყო ინფიცირების შემთხვევები. ქვეყნებს შორის მომოსვლა შეწყდა.
იმ სტუდენტების უმეტესობა, რომელიც ამ პერიოდში საქართველოში იყო, ძალიან დიდხანს ვერ დაბრუნდა სახლში, სხვები პირიქით - სახლებში ჩაიკეტნენ.
„სახმელეთო გზით გადაადგილება დღესაც შეზღუდულია. პრობლემას გვიქმნის ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველო. ჰერეთის ქართველების მხიდან იყო მოთხოვნა, რომ დაგვხმარებოდნენ მიმოსვლის აღდგენაში, მაგრამ ამას სახელმწიფო დონეზე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - გვეუბნებიან კახის მკვიდრნი.
რაც შეეხება საჰაერო გზას, ასე მგზავრობა ბაქოდან შესაძლებელია, თუმცა გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კახი საქართველოს დღევანდელი საზღვრიდან 70 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული, ბაქომდე კი დაახლოებით 400 კილომეტრია.
„2020 წლის ივნისში, როდესაც სკოლა დავამთავრეთ და თბილისში უნდა წამოვსულიყავით სწავლის გასაგრძელებალდ, როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღვარი დაკეტილი იყო“, - იგონებს სოფო.
საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან იყო დაპირება, რომ გამოცდის წინ აზერბაიჯან - საქართველოს დამაკავშირებელ სახმელეთო გზას გახსნიდნენ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.
„გამოცდის წინა დღეებში მივიღეთ ინფორმაცია, რომ გზის გახსნა ვერ ხერხდებოდა. ამ დროს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდის ჩასაბარებლად ვერ ჩადიოდნენ საქართველოს საგამოცდო ცენტრებში, უგამოცდოდ ჩაერიცხათ საქართველოს უნივერსიტეტებში. ასეთივე მიდგომა იყო მაგალითად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართაც.
სასურველი უნივერსიტეტის სასურველ პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხეთ“, - გვიამბობს სოფო.
ამას გარკვეული პროტესტი მოყვა საქართველოში მცხოვრები აბიტურიენტების მხრიდან, რადგან მათ ყველა ვაკანტური ადგილი კონკურსის წესით დაიკავეს.
აზერბაიჯანში ბელაქანის, ზაქათალისა და კახის რაიონებში 7 ქართული სკოლა ან ქართულენოვანი სექტორია. ამ სკოლებს ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე კურსამთავრებული ჰყავს.
„ჩვენ კლასში 13 ვიყავით, სწავლა 8-მ გავაგრძელეთ და ყველამ საქართველოში. უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს 17 წლის ანუ არასრულწლოვანი ვიყავი და ამანაც გაართულა უნივერსიტეტში საბუთების მიღება. მინდომი პირი, ჩემი მამიდაშვილი აგვარებდა უნივერსიტეტში საქმეს. ჩვენ საბუთებს კახიდან ონლაინ ვგზავნიდით“, - გვიამბობს სოფო, რომელთან ინტერივიუც ჩვენ ასევე ონლაინ ჩავწერეთ.
ახლა რა პრობლემების წინაშე დგახართ?
„მთლიანობაში სასწავლო პროცესს ნორმალურად ვესწრები. ხან შეიძლება არ იყოს სინათლე, შეიძლება რაღაც სხვა ტექნიკური პრობლემაც გაჩნდეს, მაგრამ ეს ალბათ ყველგან ხდება და ჩვენც ვაგვარებთ.
ერთადერთი - წიგნებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მაქვს, თუმცა უნივერსიტეტი მიგზავნის პედეეფ-ფაილებს, მაგრამ ასე სწავლა ცოტა რთულია“.
სოფოს თქმით, მეორე წელია სწავლობს და უნივერსიტეტში ერთხელაც არ ყოფილა. სასწავლო პროცესი ონლაინ ტარდება, პირველი კურსის გამოცდებიც ასევე ჩააბარა.
No comments:
Post a Comment