ახალ წელს ყოველთვის გამორჩეულად ხვდებოდნენ საქართველოს მთაში. ახალი წელი კი, 13-14 იანვრის ღამეს აღინიშებოდა და აღინიშნება დღესაც.
„ქრისტედან, ანუ ქრისტეშობიდან მოყოლებული ახალ წლამდე ხევისბერი სალოცავში რჩებოდა და აუცილებლად ინთებოდა 365 სანთელი. ხევისბერს ოჯახები რიგ-რიგობით აწვდიდნენ საჭმელს", - არაერთხელ მოუყოლია ჩვენთვის ფილა პაპას, ფილიპე ბაღიაურს, გოგოლაურთას თემის ხევისბერს.
ბიჭიკო მოხევიშვილის ფოტო
წელსაც არ ვუღალატე ტრადიციას და ახალ წელს უკანა ფშავში, გოგოლაურთას სალოცავში შევხვდი. მართალია, ფილა პაპა აღარ არის, მაგრამ ლევან გოგოლაურმა გააგრძელა მისი საქმე.
გოგოლაურთა თემი, რომელიც მოიცავს გვარებს: გოგოლაური, ბაღიაური, თურმანაული, მგელაშვილი, მგელიაშვილი, საღირიშვილი... ერთ-ერთი დიდი თემია ფშავში შემორჩენილი 12 თემიდან. მისი მთავარი სალოცავი ქმოდის გორს დაბრძანებული წმინდა გიორგია.
სოფელიც დიდი იყო ოდესღაც. მსმენია, რომ 300 კომლამდე ცხოვრობდა. ახლა ბოლო ორი მოსახლეც აღარ დარჩა: აღარც ფილა პაპაა, რომელიც მუქოსკენ ცხოვრობდა. გოგოლაურთას ბოლო სახლიდან მგელაშვილებიც აიყრნენ და ახმეტაში ჩასახლდნენ.
ახალი წლის მერე, სულ რამდენიმე დღეში (სანამ ამ ბლოგს დავდებდი) მუქოს ხევისბერი ვახტანგ წოწკოლაურიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის არაერთხელ მიხმარებია ფილა პაპას (ძველ ვიდეოებში ჩანს ეს კარგად).
https://www.youtube.com/watch?v=AfIFmfiHKUs
ადრე ჩვენც მეტნი ვყოფილვართ. ხან მარტო მე ვიყავი გოგო.
ლიტანიობის წესი წელსაც შესრულდა.
გოგოლაურთას მისულები სალოცავისკენ მიმავალ ბილიკს ავუყევით. მთავარი სალოცავი, სადაც ზაფხულში, ხატობისას აღესრულება წესი, კიდევ უფრო მაღლაა, დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე. ზამთრობით, ტრადიციულად, ცოტა ქვემოთ იკრიბებიან.
სალოცავი სოფლის თავშია, ტყის კორომთან. იგი რამდენიმე რიტუალურ ნაგებობას მოიცავს. როგორც მეუბნებიან, ზოგან ხევისბერიც არ შედიოდა.
ჯერ კიდევ დღე იყო, როცა ოთხი გოგოლაური მივიდა სალოცავში: ბიძა-ძმის შვილი ლევან და ნიკა გოგოლაურები თბილისიდან, მამა-შვილი კახა და ბიჭიკო მოხევიშვილები თიანთიდან.
ადრე წინასწარ ზრუნავდნენ, ახალი წლისთვის 365 კელაპტარი რომ დაეხვედრებინათ. ახლა სანთლის ჩამომქნელიც არ დარჩა სოფელში. კელაპტრების ნაწილი თბილისიდან წავიღეთ. ნაწილიც საღამოს ადგილზეც ჩამოვქენით.
ღამით გვიანობამდე ისმოდა სალოცავში სადღეგრძელოები და მილოცვა, სატელეფონო საუბრებიც (სულ ცოტა ხანია, რაც ტელეფონი იჭერს ამ ხეობაში).
ღამით სალოცავთან დავრჩით საგანგებოდ გადაფარებულ კარავში. მთელი ღამე წვიმდა და ახალი წლის ღამისთვის უჩვეულოდ ქუხდა კიდეც....
მთელი ღამე კოცონი ენთო და არც შეგვცივდა.
მეორე დილას ხევისბერმა ქადები აკურთხა და დაჭრა.
ვახსენეთ წასულები, დავლოცეთ ცოცხლები.
ავშალეთ კარავი და დასაშვებად მოვემზადეთ.
ჩამოვუარეთ გოგოლაურთას დარჩენილ ერთადერთ დაცარიელებულ სახლს და დავუყვით ფშავის ხეობას.
შუაფხოში გავიარეთ. თხილიანაში, ტრადიციულად, შევედით ჯაბანიშვილების ულამაზეს ოჯახში, ამ ოჯახზე სხვა დროს. თუმცა ახლაც ცდუნებას ვერ გავუძელი, რამდენიმე ფოტო რომ არ დამედო.
„ახალ წელს მამაკაცები უმეტესად ხატში ხვდებოდნენ. წუხელიც სალოცავში იყვნენ ზაზა და ბიჭები. 21 სანთელი აიტანეს და გვარის ბიჭების სახელზე დაანთეს.
ქალები სახლში ვიყავით. ადრეც ამ დროს უფრო სახლში იყვნენ. დიდი მზადება ჰქონდათ. ჩემი დედამთილი დილას ადრე ხინკლას
ახვედრებდა კაცებს", - გვიყვება ირმა,
ირმა ცქიფაშვილი, 10 შვილის დედა თხილიანადან.
ბავშვები ყველა ვერც მოხვდა კადრში.
ახალ წელს მეკვლე მიდიოდა და მას
ტრადიციული გოგა (სარიტუალო პური) სამჯერ უნდა შეეეგორებინა სახლში.
თუ გოგა წაღმა დაჯდებოდა, ოჯახს
კარგი წელი ექნებოდა.
„ბევრ პურს ვაცხობდით, ხაჭაპურებს, ბედის კვერსა და გოგას. ვამზადებდით ტკბილეულს: თაფლ-ერბოს, ხინკალს... ძირითადი სუფრა დილით იყო. დილით ამზადებდნენ სამეკვლეოს, მეკვლეს უდგამდნენ თაფლ-ერბოიან ჯამს.
მთელი ოჯახი ერთად მიუსხდებოდა სუფრას. იყო ლხინი. ყველა სახლიდან ისმოდა ფანდურის ხმა, სიმღერა... იყო ცეკვა, ლექსაობა,
ერთურთის გაშაირება“, - გვითხრა ერთ ახალ წელს სალომე ბებომ მაღაროსკარიდან.
მრავალ ახალ წელს ფშავისხევო და საქართველო!
ამ თემაზე რამდენიმე მასალა ადრეც მაქვს გაკეთებული
https://www.youtube.com/watch?v=AfIFmfiHKUs
https://www.youtube.com/watch?v=Sd4Fzr6n5vo
https://mtisambebi.ge/wandering/traveler-s-blog/item/250-%E2%80%9Exelixadi%E2%80%9C-pshavshi
ძალიან საინტერესო სტატიაა და მადლობა ამ კუთხის ადათ-წესების გაცნობისთვის.საოცარი ფოტოებია!
ReplyDeleteმადლობა გამოხმაურებისთვის <3
ReplyDeleteწარმატებები თინიათინ.
ReplyDeleteმადლობა, მირანდა, გამოხმაურებისთვის!
ReplyDelete