„წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო" (გალაკტიონი). მდებარეობა ვერეს ხეობაში, თბილისის დასავლეთ ნაწილში (დღეს ვაკის რაიონი, 2006 წლამდე იყო გარდაბნის რაიონი), სოფლების ბეთანიისა და კვესეთის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 804 მეტრ სიმაღლეზე, დგას ბეთანიის ტაძარი (გეოგრაფიული კოორდინატები ჩრ. გ. 41° 69′ აღ. გრ. 44° 61′). სამონასტრო კომპლექსის შესახებ კომპლექსი მოიცავს: XII–XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვან ტაძარს (რომელშიც ფრაგმენტულად არის შემორჩენილი ფრესკები), 1196 წელს აშენებულ წმინდა გიორგის პატარა დარბაზულ ეკლესიას, გალავანს, მონასტრის მამათა საცხოვრებელსა და სამეურნეო დანიშნულების შენობებს.
XIX საუკუნეში ჩატარდა ტაძრის რესტავრაცია. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აშენებული და ამიტომ ბეთანიობა 21 სექტემბერს აღნიშნება. ჩვენც ყველაზე ხშირად ამ დღეს მივდივართ. ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. აქ დღეს მამათა მონასტერია და ოთხი სასულიერო პირი მსახურებს. 2006 წელს ბეთანიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველმა პოეტმა გრიგოლ ორბელიანმა ნადირობისას „უდბურს ტყეში" შემთხვევით აღმოაჩინა ძველი, მივიწყებული და დანგრეული, „დარღვეული" ტაძარი. მერე დაწერა „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში". ფრესკები „სად სახე მეფის, ბეთანიაში დღემდე კარგად არის შემორჩენილი თამარ მეფის ფრესკა. თამარი ჩრდილოეთის კედელზეა გამოსახულია გიორგი მესამესა და ლაშა-გიორგისთან ერთად. მოპირდაპირე კედელზე ორბელიანების ფრესკაა. ბეთანია ორბელიანების საგვარეულო ტაძარი იყო. ორბელიანები კი ცნობილი და ძლიერი გვარი - ქვემო ქართლში. XX საუკუნეში ბეთანიაში მოღვაწეობდნენ ბეთანიელი მამები - მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე). მამები მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა და ისინი ტაძარში არიან დასვენებული. |
ბეთანია ვერესა და სამადლოს ხევის შესართავთან, ტყეშია აშენებული.
თბილისი-მანგლისის გზაზე (რომელი გზითაც უნდა წახვიდეთ ბაგები-წყნეთიდან თუ ოქროყანა-კოჯრიდან), ზუსტად თბილისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვარზე, აბრებიც დგას „ბეთანია 6.7 კმ", თუმცა ახალი ბილიკის მაჩვენებელზე უკვე მეტია მანძილი „ბეთანია 7.3".
აქედან მიდის ტაძრისკენ მიმავალი ერთდერთი სამანქანე - გრუნტის გზა. ამ მანძილის დაახლოებით ნახევრამდე კარგ ამინდში მიკროავტობუსებიც ჩადიან.
ჩვენ გირჩევთ, ბეთანიაში ჩასასვლელად მაღალი გამავლობის მანქანა გამოიყენოთ. მშრალ ამინდშიც კი ჩრდილის მხარეს ხშირად არის ტალახი, ზოგან გზა დახრამულია და ერთხიდიან მანქანას შეიძლება ჩასვლა ან უფრო ამოსვლა გაუჭირდეს.
ბეთანიის საბაგიროდან ან ახალდაბიდან ბილიკებით ჩასვლისას ფეხით 10-12 კილომეტრის გავლა მოგიხდებათ, სამანქანე გზას თუ გაყვებით - დაახლოებით 14.5 კმ-ის. გრაფაში: ბილიკის სირთულე წერია: მარტივი.
თუ ფეხით სიარული გიყვართ, ამ გზას იოლად გაივლით.
თანხები
რა დაგიჯდებათ ეს მარშრუტი?
ახალდაბიდან ან ბეთანის საბაგიროდან საფეხმავლო ბილიკით ჩასვლას თუ გადაწყვეტთ, ბილიკის დასაწყისამდე, შესაბამისად, წყნეთის ან კიკეთის ავტობუსებს შეიძლება გაყვეთ. საქალაქო ავტობუსებით მგზავრობა, მოგეხსენებათ, 50 თეთრია (ხომ დასრულდება კორონაეპიდემია და გაიხსნება საქალაქო თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი).
თუ სამანქანე გზით დააპირებთ ჩასვლას (თავი რომ დაიზღვიოთ და ტყეში ბილიკი არ აგერიოთ), მაშინ მანგლისის მიკროავტობუსს ან ტაქსს შეგიძლიათ გაყვეთ (მიკროავტობუსებიც და ტაქსებიც ვაგზლის მოედნიდან გადიან და მგზავრობის ფასი 4-6 ლარია). უკანა გზაზე შეეცადეთ, წინასწარ შეუთანხდეთ მძღოლს, რომ ადგილი შეგინახოთ. შესაძლებელია ტაქსის გამოძახებაც.
წყალი
მონასტრთან არის წყარო. იქვეა საპირფარეშო.
ტყეში კეთილმოწყობილი საპიკნიკე ადგილები არ არის, თუმცა ნაკლებადპრეტენზიული მოლაშქრეები მონასტრის სიახლოვეს შეიძლება დარჩნენ კარვებით.
კომუნიკაციები
და ბოლოს
მოკლედ, თუ თბილისიდან გაუსვლელად მის შემოგარენში გინდათ გასეირნება ისე, რომ დიდი ხარჯებისაც არ შეგეშინდეთ, ბეთანია ერთ-ერთი კარგი მარშრუტია. ჯიპით მოგზაურობის შემთხვევაში ასევე შეიძლება ნახოთ წვერის წმინდა გიორგი, მანგლისის სიონი, დიდგორი...
ისევ გალაკტიონი გამახსენდა:
„მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ
კუთხე ქედმაღალო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ!" ....
P.S. მადლობა ნინო ბარნაბიშვილს დღევანდელი გასეირნებისთვის. მადლობა პაატა ხახიაურს და გიორგი ახვლედიანს.
დღეს, თებერვლის მშრალი და მზიანი ამინდის მიუხედავად, ტალახშერჩენილ გზაზე ერთხიდიანი მანქანით ცოტა გაგვიჭირდა.
მონასტრის ბერებმა დაგვარიგეს, გაჭირვების დროს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთო 112-ს. თუმცა „ოპერატორებმა უმეტესად არ იციან ბეთანია, ამიტომ ადგილის მითითებისას სოფელი კვესეთი უთხარითო".
ჩვენ დღეს მშვიდობით ვიარეთ. ასეთ ტაძარსა და მონასტერს ნამდვილად უკეთესი გზა კი სჭირდება, მაგრამ თბილისის მერიას ჯერ ამისთვის არ სცალია.
No comments:
Post a Comment