Tuesday, April 13, 2021

9 აპრილი - რა იწერებოდა 32 წლის წინ გაზეთებში



 9 აპრილი - ერთ-ერთი გამორჩეული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 32 წლის წინ საბჭოთა სისტემა უმოწყალოდ გაუსწორდა რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს.





იური მეჩითოვის ეს ფოტო იმ დღეების ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ფოტოა ჩემთვის. (ჩემი მოგონებები ერთ-ერთი გამოცემისთვის მოვყევი ერთხელ და ერთხელ კიდევ მოვუბრუნდები ალბათ).  

https://www.youtube.com/watch?v=R4tk6xo0ZNU 

რას წერდა ამ ამბებზე მაშინდელი პრესა?  როგორი იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა და საზოგადოების პოზიცია.

 

სკკპ ცენტრალური კომიტეტისგან, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსგან

8 აპრილს ღამით ქალაქ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთ ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი.

სკკპ ცენტრალური კომიტეტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

„კომუნისტი“, 11.04.

 

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისგან, საქართველოს სსრ  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსგან

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს სსრ  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე არეულობის დროს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ნათესავებსა და ახლობლებს და 11 აპრილს გლოვის დღედ აცხადებენ.

9 აპრილის ტრაგიკულმა ამბებმა მთელ რესპუბლიკას თავზარი დასცა. საქართველოს კომუნისტები, მშრომელები დიდი გულისტკივილით განიცდიან ყოველივე იმას, რაც მოხდა. ჩვენი მწუხარება უსაზღვროა და დარდი - უნუგეშო.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენი ხალხის სიბრძნე, მისი მაღალი სული და ზნეობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა დაგვეხმარება გადავიტანოთ ჩვენი რესპუბლიკისათვის ეს მძიმე დღეები.

„კომუნისტი“, 11.04.

 

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტში

10 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა, რომელმა განიხილა რესპუბლიკასა და მის დედაქალაქში შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ცენტრალური კომიტეტის ბიურომ აღიარა, რომ თბილისში, რესპუბლიკის მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონებში მორალურ-პოლიტიკური ვითარება უაღრესად დაძაბულია, რაც მოითხოვს მდგომარეობის სტაბილიზაციის გადაუდებელ ღონისძიებებს და აღინიშნა, რომ ამავე დროს შემქნილ სიტუაციას ძირიადად კონტროლს უწევენ პარტიული, საბჭოთა და სამართალდამცავი ორგანოები.

10 აპრილს დილიდანვე მრავალი სამრეწველო საწარმოსა და ორგანიზაციის კოლექტივები ნორმალური რიტმით შრომობენ.

ამავე დროს აღინიშნა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის სერიოზული შეფერხება, რის გამოც დაგვიანდა სამუშაო ცვლების მუშაობის დაწყება ცალკეულ საწარმოებში. გააქტიურდნენ მოპიკეტეთა ჯგუფები, რომლებიც ხელს უშლიან მთელი რიგი საქალაქო სამსახურების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 ცენტრალური კომიტეტის ბიურომ დაავალა პარტიული და საბჭოთა ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, თბილისისა და სხვა რეგიონების საწარმოთა და დაწებულებების ხელმძღვანელებს, პარტიულ აქტივს საკადრისი პასუხი გასცენ მოპიკეთეთა მართლსაწინააღმდეგო მოთხოვნებს, მთელი მეცადინეობა მოოახმარონ რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციას.

სხდომაში მონაწილეობდნენ ამხანაგები ე. ა. შევარდნაძე და გ. პ. რაზუმოვსკი.

„კომუნისტი“, 11.04.

 

მიმართვა ქალაქ თბილისის მოსახლეობასა და მშრომელებს

ამხანაგებო! მე, გენერალ-პოლკოვნიკი ი.ნ. რადიონოვი დანიშნული ვარ თბილისის სამხედრო კომენდანტად.

პატივცემულო ამხანაგებო, ქალაქ თბილისის მშრომელებო და მცხოვრებნო!

უკანასკნელ დღეებში უკიდურესი ყაიდის არაფორმალურ დაჯგუფებათ ლიდერებმა შეძლეს ვითარების გამწვავება თბილისში, სადაც ზედიზედ, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტისაბჭოური ხასიათია უსანქციო მიტინგები. პრაქტიკულად დაირღვა დედაქალაქის ცხოვრების ნორმალური რიტმი, მოიშალა უმაღლესი სასწავლებლებისა და მრავალი სკოლის მუშაობა...

გახშირდა ხელისუფლების ორგანოებისადმი აშკარა წინააღმდეგობის შემთხვევები, იმ სამხედრო მოსამსახურეთა ღირსების დამცირების ფაქტები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებამ არსებითად კანონთან და ხელისუფლების ორგანოებთან კონფრონტაციის ხასიათი შეიძინა. პოლიტიური სიმწიფის ნაკლებობამ, ამბიციურობამ და დემაგოგიამ უწესრიგობათა ორგანიზატორებს საშუალება მისცა პროვოკაციულად გამოეწვიათ დრამატული სიტუაცია 8 აპრილის ღამით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შენობასთან, რის შედეგადაც არის ადამიანური მსხვერპლი.

ჩვენ ღრმა სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ყველა ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბრალი ამისათვის ყოველმხრივ ედებათ ექსტრემისტ პროვოკატორებს.

შექმნილი ვითარება შეუწყნარებელია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ანარქიასა და უკანონობას....

რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქ თბილისში 9 აპრილის 23 საათიდან წესდება კომენდანტის საათი. ამ მიზნით ძალაში შედის მთელი რიგი სპეციალური ღონისძიებები...

მჯერა, რომ საქართველოს შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც უმდიდრესი ისტორია აქვს და თავდადებული გამრჯჯეობით გამოირჩევა, სწორად გაიგებს ამ საგანგებო ღონისძიებებს“

„კომუნისტი“, 11.04.

  

თბილისის პროკურატურა იუწყება

ქალაქში 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებს საქართველოს პროკურატურა.

დღეისათვის აღძრული საქმის გამო დაპატიმრებული არიან ხუხუნაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია. ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემულ, აგრეთვე რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობაში, დაპატიმრებულთა შორის შეცდომით აღნიშნულია წერეთლის გვარი. ამამად მას დაეძებენ.

„კომუნისტი“, 12.04.

მკურნალთა მძიმე დღეები

თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს ამ დღეებში სამედიცინო სამსახური, გვესაუბრება საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

იმისთვის, რომ საფრთხეში არ ჩავარდნილიყო მთავრობის სახლის წინ მოშიმშილე ახალგაზრდების სიცოცხლე, რამდენიმე დღის წინ გავხსენით სპეციალური სამედიცინო პუნქტი... ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უნდა მიეღოთ ზომები მიტინგის აღსაკვეთად, სამინისტრომ მობილიზება გაუკეთა ყველა მორიგე ბრიგადას.

9 და 10 აპრილს სამკურნალო დაწესებულებებს დასახმარებლად მიმართა 250-ზე მეტმა მოქალაქემ. მათგან 150 კაცი გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით.  საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებულია 157 ავადმყოფი (ძირითადად ახალგაზრდები).

ამჟამად კლინიკებში იმყოფება 149 დაშავებული ადამიანი, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.

სამწუხაროდ, მსხვერპლთა რიცხვი, ალბათ გაიზრდება.

10 აპრილს ღამით ქალაქის პირველ საავადმყოფოში და ქირურგიის ინსტიტუტში მოათავსეს სამი დაჭრილი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის გადარჩენა ეჭვს იწვევს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ ჭრილობები მიიღეს კომენდანტის საათის დროს სამხედრო პატრულებთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად.

„კომუნისტი“, 11.04.

 

სამხედრო კომენდანტის ცნობა

სამხედრო კომენდანტის სამმართველო იუწყება, რომ ქალაქ თბილისში ვითარებას აკონტროლებენ საბჭოთა, ადმინისტრაციული ორგანოები და ჯარები.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში (10 აპრილის დილიდან 11 აპრილის დილამდე) თავი იჩინა ცენტრიდან მიკრორაიონებში მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების გავრცელების ტენდენციამ. აღინიშნება ანტისაზოგადოებრივი ელემენტების ცდები, ხელი შეუშალონ მთელი რიგი საწარმოების მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოზე გამოსვლას. არის შემთხვევები, როცა ემუქრებიან სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს, ვრცელდება გაუმართლებელი ხმები.

კომენდანტის საათის მოქმედების დროს დაკავებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისთვის გადაცემულია 464 კაცი, რომლებმაც დაარღვიეს დადგენიი რეჟიმი. ჩამორთმეულია 8 ერთეული ცივი აიარაღი.

„თბილისი“, 11.04.

 

ტრაგიკული ამბების მსხვერპლთა დაკრძალვა

15 აპრილს ათასობით თბილისელმა გააცილა უკანასკნელ გზაზე 9 აპრილის მთავრობის სახლთან მოედანზე მომხდარი ტრაგიკული ამბების დროს ზოგიერთი დაღუპული.

დაკრძალვის ცერემონიები გაიმართა ვაკის, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვარდის, დიღმის, თბილისის ზღვის და ავლაბრის სასაფლაოებზე.

დაკრძალვის დროს მოეწყო სამგლოვიარო მიტინგები.   

„კომუნისტი“, 16.04.

 

გლოვის ზარი

დღეს საქართველო გლოვობს, მერამდენედ გლოვობს უდანაშაულოდ დაღუპულ შვილთა უმანკო სისხლს?

მერამდენედ გაისმის დაგვიანებული ბოდიში უნუგეშო ჭირისუფალთა მიმართ?!

ვთქვათ, გაფიცულთა ზოგიერთი ლოზუნგი ნაადრევი და ნაჩქარევი იყო, ხოლო ზოგიერთი კი - აშკარად მიუღებელი, მაგრამ რაღა ყოფილა ჩვენი გარდაქმან, საჯაროობა, შეხედულებათა პლურალიზმი, თუკი ამ განსხვავებულ თვალსაზრისს, თუნდაც მცდარს, მიუღებელს, ისევ და ისევ შეუარაღებულ ძალებს დავუპირისპირებთ და სისხლით ჩავახშობთ?!

ის, რაც თბილისში მოხდა 9 პარილის განთიადზე, მე მიმაჩნია, რომ არის გარდაქმნისა და საჯაროობის ზურგში ჩაცემული მახვილი, ყოველგვარი დემოკრატიის დამღუპველი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა „სისხლის წვიმების“ დროში. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რასაც გულმხურვალედ ვქადაგებთ, მაგრამ ჯიუტად არ ვასრულებთ.

რითიღა უნდა აღვუდგეთ წინ განსხვავებულ აზრს? ისევ ტანკებით? ხელკეტებით? ორპირალესილი ვითომნიჩბებით? ფარებითა და ჩაჩქანებით აღჭურვილი სპეციალური რაზმებით?

მე არაფერს ვამუქებ, რასაც ვამბობ, ამ ყველაფრის თვითმხილველი გახლავათ, მოწმე და მონაწილე. მე თვითონ გამოვარიდე მათ წიხლებს აბუზული, შეშინებუი პატარა გოგონები და ჩემს სახლში ავიყვანე თავგაპობილი ყმაწვილები. მე მათი სისხი მეცხო ტანსაცმელზე, ვინაიდან ჩახუტებულნი მიმყავდა დაჭრილები და ალბათ ამიტომ დაირხა ხალხში ხმა - ვახუშტი კოტეტიშვილი მოკლესო. არა, ხალხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ ვაი, ამ სიცოცხლეს!“.

„კომუნისტი“, 11.04.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიმართვა

1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხი საათისთვის, საბჭოთა სახემწიფოს სპეციალურმა ჯარებმა, სამხედრო ხელსუფლების მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემუშავებული გეგმის მიხედვით, შეურბილებლად დაარბია არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი თბილისში, მთავრობის სასახლისა და ტელევიზიის წინ. მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა - ჯარისკაცები წესრიგს კი არ იცავდნენ, არამედ დასდევდნენ გაქცეუთ - ბავშვებს, ქალებს, სრულიად უიარაღო ახალგაზრდებსა და ფოლადის გალესილი ბარებით უმოწყალოდ ჩეხდნენ მათ. ეს იყო საშინელი ბარბაროსული აქტი, როთაც არმიის ამ ნაწილმა დაამტკიცა, რომ იგი გარდაქმნის წინააღმდეგია, ხოლო საქართველოს მთავრობამ დააასტურა დემონსტრანტთა მიედ მთავრობის გადადგომის მოთხოვნის სამართლიანობა, რადგან მტავრობა, რომელის თავის ხალხს ტანკებსა და ჯარებს შეუსევს, ხელს აწერს თავის უუნარობას და გადადგომას.

უნივერსიტეტი მოითხოვს:

1.  შეიქმნას ცხრა აპრილის მშვიდობიანი მიტინგის ჟლეტაში მონაწილე პირთა დანაშაულის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომიისია, რომელიც გამოივლევს და დაადგენს მკვლელობის ყოველი ცალკეული შემთხვევის მიზეზს.  

2. დაუყოვნებლის მომზადდეს საქართველოს საბჭოთა სოოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებიი.

3.  9 აპრილი გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული გლოვის დღედ. შეიქმნას დარბევის მსხვერპლთა დამკრძალავი კომისია.

4.  რადგან ოფიციალური ცნობა პროგრამა „ვრემიას“ გადაცემისას და გაზეთ „იზვესტიაში“ საქართველოს ამბების, მიტინგების დარბევისა და მსხვერპლის შესახებ ყალბია, გამოცხადდეს იამაბე გაზეთებში და პროგრამა „ვრემიაში“ აღნიშნული ცნობის უარყოფა და მოვლენის სწორი, ობიექტური შეფასება.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მოუწოდებენ ახალგაზრდობას სიმშვიდისა და გონიერებისკენ საქართველოსთვის ამ უმძიმეს სიტუაციაში და სთხოვენ მას, ნუ აჰყვება შემქნილ ვითარებაში გაუმართლებელ, არარეალურ მოწოდებებს.

„ახალგაზრდა კომუნისტი“, 13.04.

 

საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის სხდომის მიმართვა

ამა წლის 9 აპრილს თბილისში, უსანქციო მშვიდობიანი მიტინგისა და დემონსტრაციის დაშლის საბაბით მოხდა ყოვლად გაუმართლებელი უპრეცედენტო მასობრივი ხოცვა-ჟლეტა უდანაშაულო ადამიანებისა. მოკლულთა დიდი უმრავლესობა ქალებია, მათ შორის - არასრულწლოვანები და მოხუცები. ამ ვანდალურმა აქტმა გამოიწვია საქართველოს საზოგადოებრიობის, ქართველ მეცნიერთა ღრმა გულისწყრომა და აღშფოთება. ეს აქცია სრულიად დაუშვებელია საჯაროობისა და დემოკრატიზაციის პირობებში. იგი ყოვლად შეუთავსებელია ცივილიზებულ სახელმწიფოში მიღებულ ზნეობრივ და სამართლებრივ ნორმებთან და უნდა შეფასდეს, როგორ დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ.

აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით ცენტრალური პრესა და საიფორმაციო პროგრამა „ვრემია“, ყალბად და ტენდენციურად აშუქებდნენ მოვლენებს, თითქოს ადამიანთა მსხვერპლი მოცდა წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად.

როგორც ცნობილია, ამ აქციის გამოსაძიებლად შექმნილია სამთავრობო კომისია. ვინაიდან, საკდესის ცნობით, მიიტინგის მონაწილეთა დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, შეუძლებელია გამოძიება დაევალოს მის მიერ შემქნილ კომისიას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია კატეგორიულად მოითხოვს მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შეიქმნას სპეციალური კომიისია, რომლის შემადგენლობაშ შევლენ საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების კომპეტენტური წარმომადგენლები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 119-ე მუხლით.

ამავე დროს, კომისიის შედგენისას, გათვალისწინებული უნდა იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპი, რომელიც ზღუდავს ამგვარ კომისიებში მთავრობის წევრთა მონაწილეობას.

„ახალგაზრდა კომუნისტი“, 13.04.

   

ამხ. მ. ს. გორბაჩოვს

ქართველი მწერლების მიმართვა

თქვენთვის და მთელი მსოფლიოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ის ბარბაროსული აქტი, რომელც საბჭოთა არმიის ნაწილებმა ჩაიდინეს ქ. თბილისში ამა წლის 9 აპრილს დილის 4 საათზე უნებართვო მიტინგის დარბევის დროს.

თქვენთვის ცნობილია იისიც, რომ მოკლულთა შორის, რომელთა საერთო რაოდენობა ოფიციალური ცნობით, ჯერჯერობით თვრამეტია, 15 ქალი გახლავთ. დიახ, ჯერჯერობით, რადგან იმ 150 დაჭრილიდან, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოებში იმყოებიან, ბევრი სასიკვდილოდაა განწირული.

დიახ, თვენთვის ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ გვეპარება ეჭვი, რომ საქმის ნამდვილი არსი იცოდეთ, რადგან ამ სამარცხვინო აქციის ჩამდენნი პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ საქმე უკუღმართად წარმოესახათ.

არანაკლები უბედურება ის გახლავთ, რომ საკავშირო საინორმაციო პროგრამა „ვრემიამ“ არა მარტო დამახინჯებულად წარმოადგინა ტრაგედიის სურათი, არა მარტო შეცდომაში შეიყვანა ფართო საზოგადეობა, არა მარტო მტრულად განაწყო ისინი ქართველი ერისადმი, ცინიკური გამოხდომებით კიდევ ერთხელ და სამარადამოდ დაჭრა ქართველი ადამიანის გული. რა ცინიკურად, ბოროტ დაცინვად გაისმა ფრაზა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის საგანგებოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები თურმე განსაკუთრებული მზრუნველობით ცდილობდნენ, არაფერი ევნოთ ბავშვებისა და ქალებისათვის. ალბათ ამ გადაჭარბებული „მზრუნველობის“ ბრალია, რომ ბარბაროსულად მოკლულ ქალთა შორის ყველაზე ახალგაზრდა თექვსმეტი წლისაა, ყველაზე ხნიერი - სამოცდაათის....

პატივცემულო გენერალური მდივანო!

ქართველი მწერლები გამოვხატავთ რა ქართვეი საზოგადოებრიობის, მთელი ქართველი ერის სათქმელს, დაბეჯითებით მოვითხოვთ, გასცეთ განკარგულება, სასწრაფფოდ გამოიძიონ საქმის დანაშაულებრივი არსი, ამხილონ და სამაგალითოდ დასაჯონ ამ უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტის მომწყობი ყველა დამნაშავე...

აუცილებლა სათანადო შეფასება და განზოგადება უნდა მიეცეს თბილისის სისხლიან აქციას და ითქვას პირდაპირ, რამდენად შეეფერება იგი საბჭოთა დემოკრატიას,  გარდაქმნასა და საჯაროობას. 

„ახალგაზრდა კომუნისტი“, 14.04.

 

მოამზადა თინათინ მოსიაშვილმა

გამოყენებულია იმ პერიოდის გაზეთები და კრებული „9 აპრილი“ (გამომცემლობა „მერანი“, 1990 წელი)

No comments:

Post a Comment