Tuesday, September 14, 2021

როცა ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს

მთაში დაზარალებული ადამიანები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ  



 ფოტოზე კაკო (ოფიციალურად, საბუთებით, ირაკლი) ბუქვაიძეა. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ თუშეთში და, კერძოდ, შენაქოში, ამ კუთხის მცოდნე გამყოლთან ან გიდთან ერთად, მისი სახელი გაგონილი უნდა გქონდეთ. კაკოს და ელენეს ლამაზაივნიანი სახლი და საოჯახო სასტუმრო „შენაქო", ან სოფლის გაღმა, ბოსლების მხარეს თითქმის ერთადერთი მოქმედი საზამთრო სახლი, ფერმა და დამუშავებულ-მოვლილი მიწის ნაკვეთი მაინც გექნებათ შემჩნეული. 

ვინც არ ყოფილხართ ან ცუდად იცით  საქართველოს გეოგრაფია, შეგახსენებთ, რომ თუშეთი საქართველოს კავკკასიონსგადაღმა მდებარე ულამაზესი კუთხეა. თუშეთში მოსახვედრად 2926 მეტრი სიმაღლის აბანოს უღელტეხილი უნდა გაიაროთ. გზა ჯერ კლდოვან ხეობაში გადის, მერე თანდათან ადის მაღლა ალპური მდელოებისა და კავკასიონისკენ.   

წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესია, მაგრამ თუშეთის გზა დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს გზად. აქეთ მგზავრობა ჯანმრთელ ადამიანებსაც უჭირთ და ბევრი ამიტომაც ამბობს უარს თუშეთში მოგზაურობაზე (რამდენს კარგავს, სხვა ამბავია). 

ნახევარ წელზე მეტხანს, ოქტომბრიდან მაისამდე გზა იკეტება და ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებად ვერტმფრენი რჩება.

***

კომუნისტებმა ოდესღაც, გასული საუკუნის შუა ხანებში მოშალეს მთაში ცხოვრება, იძულებით ჩაასახლეს ხალხი ბარში. თუმცა მერე „მთას დაუბრუნდა მთიელიო" - ასეთი კამპანია წამოიწყეს. მთაში დაბრუნებულებს ხელს უწყობდნენ, ასაქმებდნენ, სახლებს აძლევდნენ ან ნასახლარის აღდგენაში ეხმარებოდნენ. მთაში დასაქმებულებს ხელფასებიც განსხვავებული ჰქონდათ. 

მაშინ ბევრი დაბრუნდა თუშეთში, ხევსურეთში,  სვანეთში... 

კაკო ბუქვაიძისა და ელენე გაგოიძის ახალგაზრდა ოჯახმაც მაშინ მიატოვა ბარი და საცხოვრებლად მთაში გადავიდა. თუმცა ბევრი სხვა ოჯახისგან განსხვავებით, 90-იანებშიც და შემდეგაც მძიმე ფონის გამო ისევ რომ მიატოვეს მშობლიური სოფლები, ბუქვაიძეები აღარ წამოსულან. 

კაკო ბუქვაიძის ოჯახი ერთადერთია, რომელიც თითქმის 40 წელია, მუდმივად ცხოვრობს და იზამთრებს შენაქოში. 


ელენე და კაკო ზამთარ-ზახულ სოფელში არიან, მათი შვილიც ეროვნულ პარკში რეინჯერია. ბუქვაიძეები ამუშავებენ მიწებს, უვლიან საქონელს, აქვთ საოჯახო სასტუმრო და სტუმრებს თავისი ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით,  ხორცით უმასპინძლდებიან. 

მოკლედ, ეს არის ოჯახი, რომელიც აცოცხლებს და ინახავს შენაქოს. 


შემთხვევა 

რამდენიმე დღის წინ, საღამოს საქონლის მოსარეკად წასულ კაკოს ფეხი დაუცდა, დაგორდა და  თავი დაარტყა...  საბედნიეროდ, ზამთრის პერიოდისგან განსხვავებით, ახლა შენაქოში ხალხია. კაკოსა და ელენეს შვილები და შვილიშვილებიც იქ არიან. მამამ რომ დაიგვიანა, მოიკითხეს  და შენქოდან ასე 1 კილომეტრში, ნასოფლარ აგეურთის მიდამოებში იპოვეს. კაკო კისერს ვერ ამოძრავებდა. ოჯახის მანქანით სახლში მიიყვანეს.  

სასწაფო დახმარება გამოიძახეს. საბედნიეროდ, ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ომალოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები მორიგეობენ, ამდენად, მედპერსონალს ახმეტიდან არ უწევს ასვლა. 

კაკოს მეუღლის, ელენეს თქმით, სასწრაფო მალევე მივიდა და ახალგაზრდა ყურადღებიანმა ექიმმა ივარაუდა, რომ დაზარალებულს კისრის მალები ჰქონდა  დაზიანებული. ექიმმა მაშინვე ითხოვა სამაშველო ვერტმფრენი. 

ომალოში სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა არის, თუმცა ექიმის გამოცდილი თვალის გარდა ადგილზე დიაგნოსტირების სხვა საშუალება არ არსებობს. 

გუშინ დავბრუნდით თუშეთიდან და ომალოს სასწრაფო დახმარების სადგურშიც მივედით (როგორ პირობებში არის მედპერსონალი, სხვა საკითხია, თუმცა ამბობენ, რომ შენობა რემონტდება). ექიმმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.  თუმცა დაადასტურა, რომ სამაშველო ვერტმფრენი ითხოვა. 


სასწრაფო დახმარების ოფისი ომალოში 

როგორც გაირკვა, ვერტმფრენის მიშველებაზე უარი მიიღეს, სავარაუდოდ, ჩაითვალა, რომ დაზარალებულს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. 

ადგილზე გვითხრეს, რომ  სამაშველო სამსახურს ვერტმფრენი დღემდე არ ჰყავს. 

„უღელტეხილამდე ომალოს სასწრაფო დახმარების მანქანით მიგვიყვანეს, ხოლო იქ თელავიდან წამოსული სასწრაფო დაგვხვდა, გადაგვიყვანეს თელავის საავადმყოფოში.   თელავში გვითხრეს, რომ სათანადო აპარატურა არ ჰქონდათ და ახლა თბილისში გადმოგვიყვანეს", - მეუბნება დაზარალებულის მეუღლე. 

როგორც გითხარით, თუშეთის გზა დღემდე რჩება ერთ-ერთ ურთულეს გზად, რომელზე  მგზავრობა ჯანმრთელ ადამიანებსაც უჭირთ. 


                                გზის მონაკვეთი წვიმის შემდეგ 

შენაქოს მკვიდრი 75 წლამდე კისერდაზიანებული კაცი კი ამ გზაზე ჯანჯღარისთვის გაიწირა. 

„დავარდნისას მიღებულ ტრამვას მგზავრობის ტკივილებიც დაემატა, მეტი რთული დაზიანება რა უნდა ყოფილიყო, რომ ვერტმფრენი გამოეშვათ? - კითხულობენ დაზარალებულის ოჯახის წევრები. 

მეუღლის თქმით, კაკო ბუქვაიძე ძალიან არის დასუსტებული, ფეხზე დგომა უჭირს, ისედაც ერთი თვე უნდა იწვეს და შემდეგ თვეების განმავლობაში მოუწევს კისრის ფიქსატორით სიარული, თუმცა, მთავარია, რომ გადარჩა. 

„კაკოს რომ არ მიხედეს და უპატრონეს, კაცს, რომელსაც მთელი საქართველო და ყველა სტუმარი იცნობს, სხვებს ვინ მოგვქცევს ყურადღებას.  უცხოელი რომ ყოფილიყო, ალბათ იმ ქვეყნის საელჩო ჩაერეოდა, მალევე გამოუშვებდნენ სამაშველო ვერტმფრენს. კაკოს კი არ მიაქციეს ყურადღება", - გულისტკივილით ამბობს შენაქოელი ნანო სეხნიაიძე. 

„წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ეს ამბავი რომ დავწერო", - ვეკითხები ბუქვაიძეებს. 

„დაწერეთ, იქნებ ვინმე დაფიქრდეს, რომ ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენი სჭირდება, მთაში მცხოვრებ ადამიანებს კი ცოტა მეტი ყურადღება", - მეუბნება ელენე გაგოიძე-ბუქვაიძე. 

კარგი ამ ბლოგის მთავარი თემა რომც არ იყოს საკითხი, ჰყავს თუ არა საქართველოს სათანადოდ აღჭურვილი სამაშველო ვერტმფრენი, ამჯერად მხოლოდ ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ შენაქოს თითქმის ერთადერთმა მკვიდრმა დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. 


ბოლოს და ბოლოს - გვყავს თუ არა სამაშველო ვერტმფრენი? 

ახლა ეს ბლოგი ერთმა მეგობარმა გააზიარა და „ქვეყანას ჰყავს სამაშველო ვერტმფრენი - მიაწერა კომენტარი ერთმა ქალბატონმა - ალბათ არ იყო რთული შემთხვევა და ამიტომ არ გადმოიყვანესო". 

ნეტავ,  თუშეთში თუ არის ნამყოფი ის ქალბატონი. 

თუმცა „სამაშველო ვერტმფრენი არ გვყავს", - მითხრეს ადგილზე, 

„ვინმეს რამე უჭირს? სამაშველო ვერტმფრენი არ გვყავს, მომწერეთ აბა, იქნებ რამით დაგეხმაროთ", - ფბ-ში მომწერა ყოფილმა სტუდენტმა, რომელიც სამაშველო სამსახურში  მუშაობს, თუმცა მისი პასუხი ოფიციალური, ცხადია, ვერ იქნება, რადგან მოგეხსენებათ ამ სტრუქტურაში შემავალი სამსახურების  პიარებიც კი პირდაპირ და შეუთანხმებლად ვერ გვემენ პასუხს ჟურნალისტებს.

მიდგომა ასეთია, ყველა ზარი, რომელიც ირეკება 112-ზე, შედის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში  - ეს არის, ფაქტობრივად, ქოლ-ცენტრი, რომელსაც რამდენიმე ფუქნციასთან ერთად „საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტეგრირებული მართვაც" ევალება. 112-დან ზარები ნაწილდება სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო გადაუდებელი სამსახურების ცენტრებში. 

აქედან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 

„ჰყავს თუ არა ქვეყანას, ან უფრო ზუსტად შსს-ს და მასში შემავალ სამსახურს სამაშველო ვერტმფრენი? 

ასევე ჰყავს თუ არა ქვეყანას ავადმყოფის გადმოსაყვანად სათანადოდ აღჭურვილი სამაშველო (სამედიცინო) ვერტმფრენი", - ამ შეკითხვით მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.  

პრესსამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, სამინისტროს გვერდზე გამეგზავნა წერილი, პასუხსაც წერილობით მომწერდნენ. 

არ ვიცი, როდის მომივა პასუხი შეკითხვაზე. 

სანამ უწყებიდან მომივა პასუხი გეტყვით იმას, რაც მეც ვიცი და რაც არაოფიციალურად მიპასუხეს კიდეც: არ გვყავს არც სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო ვერტმფრენი, არც - სამაშველო ვერტმფრენი. 

საგანგებო შემთხვევებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს იყენებენ. 

რთული შემთხვევებისას უწყებებს შორის კოორდინაციას კი საკმაო დრო მიაქვს. 

მე კი მინდა, რომ ისეთი ქვეყანა გვქონდეს, ვერტმფრენი არა მხოლოდ შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსაც ჰყავდეს და განათლების საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ. 

თუმცა ეს სხვა თემაა. 


***

ზამთარი მოდის. ახლა თბილისში წვიმს. ეს წვიმა მთაში უკვე თოვლად მოდის. ჯერ მაინც ცოტა ადრეა და ასე ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე შეიძლება ისეთი თოვლი მოვიდეს,  გზაც ჩაიკეტოს (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გვზოგავს ბუნება და რთული ზამთრები არ გვაქვს). 

ბევრ სოფელში ორი-სამი, ზოგან თითო ოჯახი ან თითო ადამიანი რჩება. 

თუ გამართული სამაშველო სამსახური არ გვეყოლება, ამ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავისა და ღვთის იმედად დავტოვებთ. 


მერე ნუღარ დავსვამთ შეკითხვას: რატომ არის მიგრაცია მთიანი სოფლებიდან და რატომ იქცევა ხოლმე სოფლები ნასოფლარებად.

ინფორმაციისთვის,  ბოლო 30 წელიწადში, მოსახლეობის აღწერების მიხედვით, 223 სოფელი იქცა ნასოფლარად (იხ. ჩემი სტატია

https://mtisambebi.ge/news/people/item/172-%E2%80%9Esopeli-sopels-gaswaxis-%E2%80%9Edailie-tu-xarao%E2%80%9C-%E2%80%93-bolo-10-xelshi-223-sopeli-iqza-nasoplarad) 

აქედან 50-მდე ახმეტის რაიონსა და თუშეთში (თუშეთი ადმინისტრაციულად სწორედ ახმეტის რაიონში შედის).


პ.ს. როგორც კი შსს და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მივიღებ პასუხს, ცხადია, დავდებ, თუმცა...  













 

No comments:

Post a Comment