Friday, September 24, 2021

ხახაბოს დიასახლისი ანუ ამბავი იმისა, დანგრეული სიყვარულს რომ უშენებია

 და წყვილი, რომელიც მიტოვებული სოფელის გაცოცხლდებას ცდილობს

#ხევსურეთი #მთა #ხახაბო #ქალი მთაში 



მასალის პირველი ვერსია გამოქვეყნდა 

https://publika.ge/article/khakhabos-diasakhlisi/


ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს, ჰოდა მეც ასე დავიწყებ:

უხსოვარ კი არა და, ჩვენს დროში, თუმცა თითქმის ცხრა მთასა და ცხრა მდინარის იქით, ხევსურეთის ერთ სოფელში ერთი მშრომელი ბიჭი ცხოვრობდა. მას პაატა ერქვა, თუმცა, ხეობაში ყველა ივანეს ეძახდა. 

საქართველოში ორი ხახაბოა, ერთი თუშეთში, მეორე - ხევსურეთში.

„გამიგონია, რომ თუშეთიდან გადმოვსულვართ“, - ამბობს პაატა.

თუშეთში სხვა ვერსიაც მსმენია: ხახაბო გათუშებული ხევსურების სოფელიაო, მაგრამ მიგრაციული პროცესების კვლევა სხვა დროს იყოს.

ახლა ხევსურეთზე და იქაურ ხახაბოზე, მის ერთადერთ (ახლა უკვე ორ) მოსახლეზე მინდა გიამბობთ.  

ხახაბო ხევსურეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, 2135 მეტრ სიმაღლეზე დათვიჯვრიდან მარჯვნივ, წუბროვანისა და ჭანჭახის უღელტეხილის მხარეს, 12 კილომეტრში მდებარეობს. გასული საუკუნის შუახანებშიც აქ 60-მდე კომლს უცხოვრია. 80-90-იანი წლებისთვის კი 5-6 ოჯახი იყო შემორჩენილი. მერე ისინიც წავიდნენ. 

პირიქითა ხევსურეთი კავკასიონს გადაღმა მდებარეობს. მართალია, თემის ცენტრი - შატილი თბილისიდან სულ 150-იოდ კილომეტრშია, მაგრამ ოქტომბერ-ნოემბრიდან აპრილ-მაისამდე გზა იკეტება. 

                                     

რაც შეეხება ხახაბოს, თემის ცენტრიდან, შატილიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. შატილის მხრიდან სამანქანე გზა მხოლოდ არდოტამდე მიდის, მერე ფეხით ან ცხენით უნდა წახვიდე. შარშან დათვიჯვრიდან ჭანჭახისკენ ტრაქტორით ახალი, თუმცა არცთუ მთლად სანდო გზა გაიჭრა.  



ხახაბოც, ხევსურეთის ბევრი სოფლის მსგავსად, დაცლილია, შუა საუკუნეების კოშკები და ციხე-სახლები - დანგრეული. 


***

როდესაც ამბავი იწყება, პაატა-ივანე, პაატა ხახიაური თავისი სოფლის,  ხახაბოს ერთადერთი მკვიდრია. უახლოესი მეზობელი, მარუსა ბებო, მარუსა მინდიკაური ორ-სამ კილომეტრში, ხახაბოს ჭალაში, ან, როგორც ახლა ეძახიან, ქვემო ხახაბოში ჰყავს. ათიოდ კილომეტრში  ანდაქია, სადაც პაატას და ცხოვრობს, უფრო ქვემოთ - არდოტი.

ამ სოფელებში ტურისტები ნაკლებად დადიან. ტურისტულ კომპანიებს ხევსურეთის მარშრუტებში ძირითადად შატილი და მუცო შეაქვთ. იქ ახლა კარგი გზაც მიდის.   

შატილი. კოშკებთან სელფის გადაღება, მერე მუცო და ბევრისთვის აქ მთავრდება ხევსურეთი. 

მიღმახევის სოფლებში ზაფხულშიც ცოტა ხალხია, ზამთარში კი მთელ ხეობაში სულ რამდენიმე ოჯახი რჩება.

სულ 30-იოდ წლის წინაც მეტი ადამიანი იყო ხეობაში. მოზამთრეებიც მრავლად იყვნენ.  

პაატა 11 წლის იყო, როდესაც ზამთრის ერთ დღეს მის სოფელში ზვავი ჩამოწვა. დედა და უმცროსი და-ძმა სტიქიას ემსხვერპლნენ. პაატა და მამამისი ზვავმა კოშკიდან გარეთ გააგდო. გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება მოყვება მაშინდელი ტკივილი.

ბიჭი გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, ჯარი მოიარა.

ის მესაქონლეობას მისდევდა, ზაფხულობით თავის სოფელში იყო, შემოდგომით საქონელი ბარისკენ მოჰყავდა და ანანურის სიახლოვეს იზამთრებდა. გაზაფხულზე ისევ მთას მიაშურებდა ხოლმე და მარტო იყო სოფელში. ხანდახან თუშეთიდან გადმოსული ტურისტები თუ შეუვლიდნენ, უფრო იშვიათად - ხახაბოს ნახვის მსურველები.

ზაფხულში მხოლოდ სამი დღე ცოცხლდებოდა ხახაბო, როცა იქედან წასული გვარები:  ხახიაურები, ხოსიაურები, მამიაურები, მინდიკაურები და მათი ახლობლები ათენგენობას ხატში ამოდიოდნენ. ნებით თუ უნებლიედ ყველა ხატობის მასპინძელი პაატა იყო.

საგვარეულო ადგილში, ნასახლარში  ორი ოთახი თავისი ხელით გააკეთა, ერთში თავად რჩებოდა, მეორეში - სტუმრებს ტოვებდა.  


პაატამ საქონლის გარდა, ცხენების მოშენებასაც მიჰყო ხელი. ხანდახან საცხენოსნო ტურებიც ჰქონდა და ტურისტები დაჰყავდა.

ხახაბოში მცხოვრებ მარტოკაცზე ზოგჯერ ჟურნალისტები სიუჟეტებს აკეთებდნენ. 


*** 

ერთხელ ერთმა გოგომ ნახა ერთი ასეთი სიუჟეტი და ხახაბოში ჩასვლა გადაწყვიტა. რადგან არც ხახაბოში და არც მიღმახევში ტელეფონი არ იჭერდა, უსადენო ინტერნეტი კი უკვე იყო, პაატა ფეისბუკში იპოვა.

ოქტომბრის პირველ რიცხვებში  ხევსურეთის ტურს ვგეგმავდი.

„არ გინდა, ხევსურეთში საცხენოსნო ტური გავაკეთოთ“, - მომწერა ერთ დღეს ნინომ. ნინო ბარნაბიშვილი თბილისელია, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ტუროპერატორად და იტალიურენოვან გიდად მუშაობდა. 

„მშვენიერი აზრია.  შევითანხმებ ვინმეს, ვისაც ცხენები ჰყავს“.

„არა, ცხენები და გამყოლი უკვე მყავს შეპირებული, უბრალოდ, რამდენიმე  ადამიანს მივწერე, მაგრამ ჯგუფი არ შედგა“, - მომწერა ნინომ.  

შარშან, ოქტომბრის პირველ შაბათს მამა დავითის მრევლთან ერთად წავედით ხევსურეთისკენ. ოღონდ ჯგუფი არდოტის, შატილისა და მუცოს მოვლის შემდეგ დაბრუნდა გორშეღმის ხეობისკენ, ჩვენ კი დავრჩით შატილში.

მეორე დღეს 2 საათზე არდოტის ჭალაში პაატა ცხენებით უნდა დაგვლოდებოდა.

ოქტომბერი იყო და უკვე ციოდა მთაში. ღამით იწვიმა კიდეც.  

„ახლა ცხენებით უღლეტეხილზე გადასვლა არ არის კარგი აზრი“, - გვითხრა დათო ჯალაბაურმა.

„ამ დროს არ გირჩევთ მაგ მარშრუტის გაკეთებას“, -  გვირჩია გაგა ჭინჭარაულმაც.

მოვუსმინეთ ხევსურ ბიჭებს, თუმცა...

„რა ვქნათ, ნინ, წავიდეთ?“, - ვკითხე ნინოს.

„წავიდეთ“.

და ორმა გოგომ მარშრუტის გაგრძელება გადავწყვიტეთ.

მანქანა აღარ გვყავდა და ფეხით დავადექით გზას. შატილიდან პირველ საათზე გავედით.

„მგონი გვაგვიანდება“, - მითხრა ნინომ.

„იმედი მაქვს, მალე რაიმე მანქანა გამოჩნდება და აუცილებლად მივასწრებთ“.  

მუცოს მხრიდან შატილისკენ მომავალმა ლევან ზვიადაურმა მგზავრები შატილში დატოვა,  მანქანა მოაბრუნა და არდოტამდე აგვიყვანა.

7 წუთი დაგვაგვიანდა. სამის შვიდი წუთი იყო, არდოტში რომ ავედით. ლევანს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ.


წვიმდა. პაატა ხეებთან იყო შეფარებული. 

ჩვენ საწვიმრები ჩავიცვით. ცხენებზე შევსხედით და დავიძარით. 

გზად ნიკო არდოტელი შეგვხვდა, ბოდიშის მოხდით ცხენიდან მოვიკითხეთ. 

ჯერ ანდაქისკენ წავედით. ანდაქი არდოტიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია. ანდაქშიც  2 ოჯახი ცხოვრობს. 

ლევანის ძმა, სოსო ზვიადაური  ჩემი ძველი რესპონდენტია. ის სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ანდაქშია, თავის  ციხე-სახლს პატრონობს. მისი მეუღლე, მაიკოც, ანდაქში დაგვხვდა.    

ღუმელთან გავშრით. ზვიადაურებმა ცხელი ჩაი დაგვალევინეს.

„თუ დღესვე აპირებთ ზემოთ წამოსვლას, უნდა ვიჩქაროთ“, - გვითხრა პაატამ.

წავედით.   

„ცხენზე პირველად ვიჯექი, არ მინდოდა, შეგემჩნია, რომ მეშინოდა“, - მერე გამოუტყდება ნინო პაატას.

ავიარეთ ხახაბოს ჭალა ანუ ქვემო ხახაბო.  

აქედან ერთი კარგი აღმართი, მერე - დაღმართი და ხახაბოში ვართ.

წლების წინ ფეხით მოვედით აქამდე.

„იქით წასვლა აღარ შეიძლება“, - მითხრა მაშინ დათომ.

გავიხედე და სალოცავი დავინახე. ხევსურეთის ბილიკების ამბავი უკვე ვიცოდი.  არის ბილიკები სალოცავებთან, სადაც ქალები არ დადიან. 

„ჩემი წასვლა არ შეიძლება თუ შენიც?“

„შენი“ - ხმადაბლა მითხრა.

რა გაეწყობოდა, სადიაცო ბილიკის ძებნის დრო აღარ იყო, მარუსა დეიდასთან გველოდა ჯგუფი, მე იქვე, იმ ბილიკთან დავრჩი და დათო წავიდა ფოტოების გადასაღებად.

ეს დიდი ხნის წინ იყო, პირველად რომ ვიყავი ხახაბოსკენ.

ამჯერად ცხენებით სალოცავის ქვემოთ გავიარეთ და კოშკებისკენ დავეშვით.

პაატამ ღუმელი დაანთო. ჩვენი საწვიმრები და სველი ტანსაცმელი მივაფინეთ. დავპურდით.  ცოტა ოჯახის არაყიც მქოდა. პაატა არ სვამდა. გოგოებმა დავლოცეთ ხახაბო და ჩვენი მასპინძელი.

მე და ნინო სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში განვთავსდით.

დილას რომ გამეღვიძა, ნინო და პაატა ღუმელთან ისხდნენ და საუბრობდნენ.

პაატა ამბობდა, რომ ნასახლარის აღდგენას აპირებდა.

ასე გამოიყურებოდა შარშან ნასახლარი 


რადგან უღელტეხილი გვქონდა გადასავლელი, უნდა ავჩქარებულიყავით. მთაში შემოდგომით კი არა, ზაფხულშიც ვერ ენდობი ამინდს.

პაატამ ისევ შეკაზმა ცხენები და ამხედრებაშიც მოგვეხმარა. მე ისევ ცქვიტო შემხვდა.

შევუდექით აღმართს უღლტეხილისკენ.


ჩვენ და სამანქანე გზა თითქმის ერთად მივედით ხახაბოში. ჩვენი სტუმრობისას სოფლის ცოტა ზემოთ იყვნენ ტრაქტორისტები მისული. გზას, როგორც ბევრგან ხდება, აქაც უპროექტოდ ალალბედზე ჭრიდნენ, რომელ ფერდზეც როგორ გამოვიდოდა. მერე სამ-ოთხ დღეში ჩავიდნენ სოფლამდე.

ჭანჭახის უღელტეხილზე, რომელიც დათვისჯვარზე ცოტა მაღალია, საკმაოდ ციოდა. მახსოვს, პაატას ცხენები გავაჩერებინე და თბილი ტანსაცმელი დავიმატე.

პირიქითა ხევსურეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ივნისიდან ოქტომბრამდე დადის (ზამთრის პერიოდში ვერტმფრენით შეიძლება მოხვედრა), ოღონდ კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და შაბათს თბილისიდან გადის შატილისკენ და ხუთშაბათსა და კვირას უკან ბრუნდება. შატილს ზემოთ სოფლები სატელეფონო კავშირსად  მოკლებულია და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. 

იმ დღეს, ჩვენ რომ მოვდიოდით, სარეისო ავტობუსის დღე არ იყო, ამიტომ თუ რამე შეგვხვდებოდა, იმას უნდა გამოვყოლოდით. 

დათვისჯვრის ასახვევში დავემშვიდობეთ ცხენებს და მასპინძელს. 


              

საბედნიეროდ, საგზაო სამუშაოები მიდიოდა და მეგზეევეების დიდი მანქანები დადიოდა გზაზე. 

მე და ნინოც მეგზევეებს გავყევით ბისომდე, იქიდან მეორე მანქანას, თვალივიდან კიდევ სხვას და ბოლოს ჟინვალიდან ყაზბეგის სარეისოთი ჩავაღწიეთ თბილისამდე.


***

ლამაზი და მხიარული თავგადასავალი იყო. მერე პერიოდულად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, ვკითხულობდით ამბებს.

ოქტომბრის ბოლოს ცხენებით და საქონლით წამოვიდა პაატაც მთიდან.

ფეისბუკში ვხედავდი, რომ პაატა და ნინო სულ უფრო ხშირად აზიარებდნენ ერთმანეთს ფოტოებს, იწონებდნენ, კომენტარს უწერდნენ.

თებერვალში პაატა თბილისში ჩამოვიდა და ნინოს მანქანით ბეთანიაში ვიყავით. კი გაუჭირდა ერთხიდიან მანქანას, მაგრამ... ვიარეთ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, მივხვდი, ორმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი.

მერე პაატა გაზაფხულზე ისევ ადრიანად გადავიდა ხახაბოში.

ციხე-სახლის მშენებლობაც დაიწყო.  

„მე პატარა საცხოვრებელი ოთახის აღდგენას ვაპირებდი, მაგრამ ნინოს „ბრალია“ ამხელა მშენებლობა რომ წამოვიწყე, - მეუბნება პაატა - ეს სახლი რომ შენებოდა, მთისკენ გავდიოდი ხოლმე და ვუყურებდი, ვფიქრობდი, როგორ მოეწონებოდა ნინოს. იოლი ხომ არ არის, თბილისი მოატოვოს და მთაში საცხოვრებლად წამოვიდეს ქალი. ეს სასტუმრო ნინოსი იქნება. მე საქონელსა და ცხენებს მივხედავ“.

მალე ნინოც ავიდა თავისი მანქანით.

ავიდა სწორედ იმ გზით, ჩვენი ასვლისას რომ გაჰყავდათ. ხახაბოს გზას კარგი არც ახლა ეთქმის, ამიტომ ნინოს მანქანას წინ პაატა მიჰყვებოდა და გზას წმენდდა.  საათები დასჭირდა 12-იოდ კილომეტრის გავლას.

სახლი აშენდა: ფიქალი ძირითადად ადგილზე იყო,  სხვა მასალა პაატას დანაზოგით შეიძინეს.   

ზუსტად ამ პერიოდში პაატამ „აწარმოე საქართველოს“ კონკურსშიც გაიმარჯვა. პროექტის დაწერაში მეგობრები დაეხმარნენ. გრანტის თანხით ინვენტარი შეიძინეს.

ჯერ სამშენებლო მასალა და მერე ინვენტარი ორჯერ დიდი საბარგოთი გადაიტანეს. შიშობდნენ, არ დაზიანებულიყო ავეჯი და ტექნიკა. შენებაშიც მეგობრები დაუდგნენ გვერდით. 

ნინომ თავისი მანქანით ჭურჭელი აიტანა.

ფეისბუკის ფოტოებით ვხედავდი, როგორ იცვლებოდა ნასახლარი, როგორ ამოდიოდა ციხე-სახლის კედლები. 

 


***

მინდოდა,  ათენგენობას ავსულიყავი ხახაბოში და სასტუმროს ერთ-ერთი პირველი სტუმარი ვყოფილიყავი, მაგრამ კოვიდმა შემიშალა ხელი. ხატობისას იზოლაციაში მყოფი შინ ვიჯექი. სამი კვირით დავიგვიანე, თუმცა აგვისტოში მაინც ავედი.

არც იმ დღეს იყო შატილის მიკროავტობუსი და რამდენიმე გადაჯდომით კორშამდე ჩავედი. კორშაში ჩემი ყოფილი მოსწავლე გიორგი წიკლაური შემხვდა, ბევრი უარის მიუხედავად, შატილში გადამიყვანა. 

ისევ ვესტუმრე შატილიონებს და მეორე დღეს მარტო დავადექი არდოტის გზას. ისევ ნაცნობი შემხვდა და ისევ არდოტამდე ამიყვანა.

არდოტის ჭალისკენ წავედი, მაგრამ ზემოდან, სოფლიდან ძახილი შემომესმა. 

„ვიფიქრეთ, თინი თუ ჩვენზე ადრე მოვიდა, აუცილებლად ავიდოდა არდოტელებთან", - მითხრა ნინომ. ამჯერად ნინო და პაატა ერთად მელოდნენ, ოღონდ. ყველა ბარელის მასპინძელ ნიკო არდოტელის ოჯახში. 

მე ისევ ჩემი ცქვიტო ჩამომიყვანეს. ნინო და პაატა ერთი ცხენით იყვნენ. მათ ცხენს უკან კვიცი მიყვებოდა.

„ეს კვიცი ნინოსია, მართა დაარქვა“, - მითხრა პაატამ.


ამჯერად  ანდაქისკენ არ წავსულვართ.

ქვემო ხახაბოში კი შევიარეთ.

„ვეღარც გიცანი“, - მითხრა მარუსა დეიდამ და გავახსენე 18 წლის წინ რომ ვესტუმრე. მაშინ ასე მითხრეს „ჩვენს სოფელში ცოცხალი ჟურნალისტი არც მოსულაო“.

მოვიკითხეთ ერთმანეთი,  ბუბა (მარუსა დეიდას ქალიშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია უცხოეთშია და ჯერ ვერ ჩამოდის), მისი ბიჭები. მოვიგონე ილო პაპა.

„ჩემს ქმარსაც ივანე გამორჩეულად უყვარდა, შვილებიდან არ არჩევდა. მიხარია ამათი ამბავი. იმ დღეს ვლოცავ, ეს გოგო ჩვენს სოფელში რომ მოვიდა“, - წასვლისას კიდევ ერთხელ დალოცა მარუსა დეიდამ პაატა (ივანე) და ნინო.  


***

ვჩქარობთ. ნინოს სტუმრად და ჰყავს ოჯახით და რომ დავიგვიანოთ, ინერვიულობენ. მარუსა დეიდასთან ინტერნეტიც გათიშულია, რომ მივწეროთ.

მივუყვებით ხახაბოს აღმართს და ზემოდანვე ვხედავ, იქ, სადაც შარშან ნასახლარი იყო, ახლა ციხე-სახლი დგას.

ვფიქრობ, რამხელა ძალა აქვს, რამდენი შეუძლია სიყვარულს. 

რამხელა ძალა აქვს სოფელში ქალის გამოჩენას. 


სახლის წინ ბოსტანია.

მეორე დღეს პაატა კარტოფილსა და ჭარხალს იღებს. საკუთარი ბოსტნეულით გვიმასპინძლდებიან. 

„პაატას ჯერჯერობით საქმეში ვერც ვეწევი. ძალიან მშრომელია. ეს სახლი, ფაქტობრივად, აშენებული დამახვედრა.

ძალიან მინდა გაუმართლოს. საცხენოსნო ტურიზმი ააწყოს.  მე ყველანაირად შევეშველები და შევუწყობ ხელს“, - მეუბნება ნინო.


ზამთარში ხევსურეთში ბევრი ვერც ბედავს გამოზამთრებას. ტურისტული სეზონი რომ მთავრდება, მოდიან ბარისკენ. 

„აქ ხევსური ახალგაზრდებიც აღარ რჩებიან, შვილო", - მეუბნებიან იქაური მოხუცები. 

რთულია ხევსურული ზამთარი, ჯერ შატილშიც რთულია და კიდევ უფრო რთულია შორ სოფლებში. 

„ნინ, შენ ალბათ ზამთრამდე დარჩები ხომ?“,  - ვეკითხები.

„პაატა მეუბნება, რომ წავიდე. ვინ ვინ და მან ხომ კარგად იცის, როგორი რთულია ზამთარში აქ დარჩენა, მაგრამ ყველაფერი ასე რომ დავტოვოთ, გაფუჭდება, მღრღნელებიც შეჭამენ... პაატა დარჩენას აპირებს და სადაც პაატა იქნება, მეც იქ ვიქნები. მეც დავრჩები ზამთარში“, - მპასუხობს.

პაატა ღიმილიანია.

„ერთი მაშინ ვიტირე, დედა რომ გარდაიცვალა და მეორედ, ახლა მადგება ხოლმე თვალზე ცრემლი, მაშინ ტკივილის იყო, ახლა სიხარულის ცრემლი მადგას. ნინომ ჩემი სამყარო სრულიად შეცვალა“, - მეუბნება.

მე შემიძლია ვთქვა, რომ ნინოს გამოჩენამ შეცვლა ხახაბოც. 

მინდა სიყვარულისა და სოფლის შენების ეს ამბავი ისე დასრულდეს, როგორც ნამდვილ ზღაპარშია: ლამაზ ხევსურულ სოფელში ნინო და პაატა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

იმედი მაქვს, ხახაბო აღდგება და ერთ-ერთი საინტერესო სოფელი იქნება ხევსურეთსა და მთელ საქართველოში. 

ჩვენ ვივლით ამ სოფელში. ციხე-სახლ „ხახაბოში“  ღიმილიანი დიასახლისი გვიმასპინძლებს. პაატა კი ცხენით შემოგვატარებს ხახაბოს გარშემო მთებს.  

იქნებ მომავალ წელს ხევსურეთის ხახაბოდან თუშეთის ხახაბოსკენაც გადავიდეთ. წამოხვალთ? 

ცხენები და მასპინძლები გვყავს. 

 

 




თინათინ მოსიაშვილი 

თბილისი-ხახაბო-დათვისჯვარი-თბილისი 




No comments:

Post a Comment