ეს პოსტი ფბ-ზე დავდე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს
ვინც ქალაქიდან ვერ გადიხართ
მთავარია ის არის, რომ ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ერთად სიარული!
რასაკვირველია ძალიან კარგია უცხოეთში წასვლაც, ძვირადღირებულ სასტუმროებში დასვენებაც, კურორტებიც, სოფლებიც...
ჰო, სოფლის რესურსი კიდევ სხვა ფუფუნებაა, გაუფრთხილდით, თუმცა ამაზე სხვა დროს დავწერ.
ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა!
თქვენ მოინდომეთ და სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ ან 2-3-5 ლარად (ანუ 1 კოლოფი სიგარეტის ან ერთი ბოთლი ლუდის ფასად) მე მიგასწავლით!
თბილისის მუზეუმები ზოგი უფასოც არის (რომელია უფასო, მოდი ამას მაინც დაგიზუსტებთ და ისე დავდებ, მაგალითად, წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი - საჯარო ბიბლიოეკაში), სხვა მუზეუმებშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფასოდ შეიყვანთ, სასკოლო ასაკის ბავშვებს - უმეტესად ლარის, უფროსების ბილეთი 1-2-დან 15 ლარამდე მერყეობს.
(ინფორმაცია ფასების შესახებ დევს მუზეუმების ვებგვერდებზე)
მუზეუმში, სასურველია გიდთან ერთად იაროთ, ეს კულტურაა უნდა დავმაკვიდროთ (მაგალითად, ხალხური მუსიკისა და საკრავების მუზეუმში ქეთევან ბაიაშვილი სულ 5 ლარად საოცარ კონცერტს ჩაგიტარებთ და ერთხელაც არ დახედავს საათს, ექსკურსიის დრო გავიდა თუ არაო.
სხვა მუზეუმებშიც ბევრ კარგ გიდსაც ვიცნობ...
გიდის მომსახურების საფასური მუზეუმებში 5-25 ლარია.
კარგი, ზოგან ცოტა ძვირადღირებული ფუფუნებაა და თუ გიდის აყვანა ვერ შეძელით, არა უშავს, ექსპონატებს ხშირად აქვთ ანოტაცია, ან წინაწარ ვებგვერდზე ნახეთ მასალა და თქვენ აუხსენით ბავშვს, ან მერე ერთად მოძებნეთ ინტერნეტში (ამით მოზარდს მიაჩვევთ, რომ ინტერნტი მხოლოდ თამაშისთვის არ არის მოგონილი)
უფასოა:
თბილისის ზღვა და დენდროლოგიური პარკი (ზღვაზე ვარკეთილის მხრიდანაც მიდის ტრანსპორტი, ლოტკინიდანაც და თემქის მხრიდანაც )
ზღვასთან საქართველოს დიდების მემორიალი (როგორც გოგოებმა მომწერეს, 60 ნომერი ყვითელი ავტობუსი ადის ღრმაღელის მეტროდან)
კარგია:
ნარიყალა - მთაწმინდის ბილიკი
ნარიყალა - ლეღვთა ხევი - თაბორის მთა (ამ მარშრუტზე კრწანისი ბრძოლის ამბებიც შეიძლება უამბოთ ბავშვს)
კუს ტბა - მთაწმინდის პარკი (ახლა „ბომბორა" ვიცი რომ საკმაოდ ძვირია, მაგრამ შეგიძლიათ ბავშვს აუხსნათ, რომ ამჯერად სალაშქროდ წამოხვედით, ლაშქროობა მნიშვნელოვანი რამეა და საქანელები სხვა დროს იქნება)
კუს ტბა (თუ ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეხვალთ, იქ ბილეთის ფული კი დაგჭირდებათ. ფსები ერონული მუზეუმის ვებგვერდზეა მოცემული.
საბაგიროთი ასვლა 1 ლარი ღირს)
ბოტანიკურში შესვლაც არ დაგიჯდებათ ერთ კოლოფ სიგარეტზე ძვირი.
კოჯრის ციხე და უძოს მთა (მგზავრობა „ყვითელი ავტობუსით:, რომელიც ახლა გამწვანდა, 50 თეთრია, სკოლის მოსწავლეებისთვის - უფასო. სტუდენტებისთვის 20 თეთრი. ავტობუსი გადის ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობის მოედნიდან)
წავკისი - შინდისი - ტაბახმელა - კიკეთი - 50 თეთრი და „ყვითელი" (მწანე) ავტობუსები ისევ ორბელიანის მოედნიდან
ბეთანიაში ცოტა მეტი მოგიწევთ სიარული, მაგრამ ღირს. შეგიძლიათ გაყვეთ კიკეთის ან კოჯრისკენ მიმავალ ავტობუსს და მძღოლი მიგასწავლით, სად ჩახვიდეთ.
ბეთნიაში წასვლა შეიძლება ბეთანიის გაჩერებიდან, ახალდაბიდან.
ასევე შეგიძლიათ გაყვეთ მანგლისის სარეისოს და ოფიციალური სამანქანო გზით ჩახვიდეთ, გზა რომ არ აგერიოთ.
მცხეთა და მისი რესურსი ამოუწურავია:
(სვეტიცხოველი, ანტიოქია, სამთავრო, გეთსამანია, წმინდა ოლღას მონასტერი, ბებრის ციხე...
არმაზი
ბაგინეთი
(ახლა ალბათ 1.5 ლარია მგზავრობა, ანუ ისევ არ სცდება ერთ ლუდსა და სიგარეტს, ჰა, ორს)
ზედაზენი (მცხეთისა და საგურამოს სარეისოები დადის დიდუბიდან და 1.5 ან 2 ლარი ღირს. მძღოლი გეტყვით, სად ჩახვიდეთ და მერე მონასტრამდე 5,5 კილომეტრია)
შიო-მღვიმის მონასტერი (სამთავროდან ან ძეგვის რკინიგზის სადგურიდან ფეხით შეგიძლიათ იაროთ)
თხოთის მთა და ქსნის ციხე (აი, ავთომ გამახსენა და ტრასაზე კასპი-გორისკენ მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს გაყევით)
გრაკლიან-სამთავის-ქვემო ჭალა-სხვილოს ციხეც მშვენიერი მარშრუტია (2,5-3 ლარი ეღირება გზა)
წილკანი და ძალისი (დუდუბიდან გადის წილკნისკენ სარეისო და 1,5-2 ლარი ღირს მგზავრობა)
მუხრანის ტაძარი და შატო-მუხრანი (თუ რამე ღონისძიება არ აქვთ, ტერიტორიაზე უპრობლემოდ და უფასოდ შეგიშვებენ)
მარტყოფის მონასტერი (ნორიოს სარეისო გადის სამგორიდან და 1,5 ლარი, შეიძლება ახლა უკვე 2 ლარი ღირს, ბოლო გაჩერებიდან 4-5 კილომეტრის გავლა მონასტრამდე ფეხით მოგიწევთ)
შავნაბადა (ფონიჭალიდან ან თელეთიდან ფეხით ადით)
ბირთვისი (ფარცხისამდე გაყევით თერიწყაროს სარეისოს სამგორიდან, ალბათ ახლა 4 ლარი ღირს)
თუ ღამისთევით წახვალთ, საღამოს კოცონთან მწვადს თუ არა კარტოფილს ან სიმინდს შეწვავთ და კარავში გაათენებთ ღამეს, მერწმუნეთ, აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობით დაბრუნდებით.
ეს თქვენს შვილებს ძალიან სჭირდებათ და,
მათზე მეტად კი, მერწმუნეთ, თქვენ გაიხარებთ!
ჰო, მეზობელ ბავშვებს რომ ვუყურებ, აქ თბილისური და თბილისის შემოგარენის მარშრუტები დავწერე, თორემ ყველა ქალაქსა და სოფელს მოეძებნება ისეთი ადგილი, სადაც ოჯახი ერთად შეიძლება გავიდეს და დაისვენოს.
არ იყენებდე ბოტანიკური ბაღის, თბილისის ზღვისა და შემოგარენის რესურსს, მე დანაშაული მგონია!
ეს ერთი დაჯდომით რომ დავწერე ის მარშრუტებია, ცხადია, სრულად მოცვის ამბიცია არ მქონია...
დაიწყეთ და თუ ამას ამოწურავთ და დაინტერესდებით, ჩემზე იყოს...
მერე იქნებ სხვა ქალაქების მარშრუტებიც დავწერო.
დამერწმუნეთ, რომ მთავარი მონდომებაა და
ოჯახის ერთად ყოფნის სურვილი!
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სურვილი!
No comments:
Post a Comment