2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა.
გოდერძი გამორჩეული გუდამაყრელი იყო და ამიტომაც, წლებია, ამ დღეს სტუდენტებთან და სხვა მსურველებთან ერთად დავდივართ გუდამაყარში.
გოდერძი ჩოხელზე ცალკე დავდებ ბლოგს...
სევდისფერი და წვიმიანი დაგვხვდა გუდამაყარი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მოგვევლო რამდენიმე სოფელი. მთავარი დანიშნულების ადგილი ამჯერად მაინც ჩოხი იყო.
გზა
„თეთრი არაგვი შავ არაგვს ერთვისო", - გახსოვთ ალბათ.
ჰოდა, სწორედ ფასანაურთან, იქ, სადაც თერთი არაგვი შავ არაგვს ერთვის, მარჯვნივ უნდა გადაუხვიო, ფასანაურის უბანი „ჰოშპიტალი" გაიარო და შავი არაგვის ხეობას შეუყვე.
გუდამაყარი შავი არაგვის ხეობას ეწოდება. სოფელ ჩოხამდე 17 კილომეტრია, ბურსაჭირამდე - 23.
ხეობის შუა ნაწილამდე, სკოლამდე ასფლატიანი გზა მიდის, ჩოხში, მუზეუმის ასასვლელში ბეტონია დასხმული.
თბილისიდან გუდამაყრამდე გზის გავლას დაახლოებით 2 საათი სჭირდება.
ხეობაში 21 სოფელია. თუმცა დღეს ზოგიერთი უკვე ნასოფლარად არის ქცეული. ზამთარში ცენტრალურ სოფლებში (კიტოხში, ზანდუკში, გამსში, ჩოხში, ლუთხუბში) 3-4 ოჯახი რჩება.
აქ არის სოფლები: ბახანი, დიხჩო, წინამხარი, მარჯვნივ შედის ლუთხუბის ხეობა, გზაზე გვხვდება მაქართა, კიტოხი, მდინარის გაღმა ხეობა შედის, სადაც სოფლებია: თორელანი, ფახვიჯი, საჩალის ჭალა, სიჯანანი, თოთიაურნი, ბაკურევი, საკერპო. სამანქანე გზას თუ მივყვებით: ზანდუკი, ჩობალაურნი, ჩოხი, მდინარის გაღმა - დიდებანი, გამსია. ჩოხის მოპირდაპირე მხარეს მთაზე ათნოხია, ჩოხის მერე ჭალაში - ბოსელი, მთაზე - დუმაცხო. გზას თუ გავაგრძელებთ ჯერ სოფელ ბურსაჭირში ავალთ, მერე კი ჭაუხისკენ ან სნოს ხეობაში შეიძლება გადავიდეთ.
1851 წლის მონაცემებით, 1955 კაცს უცხოვრია, 1926 წელს - 1541 კაცს.
ბოლო პერიოდის აღწერის შედეგებით, 2002 წელს ყველა სოფელში 682 კაცი იყო, ხოლო
2014 წლის აღწერით, 234.
2 ოქტომბერს აქაც, ისევე როგორც სხვაგან, მთელ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.
მთელი ხეობის ერთადერთ სკოლაში, რომელშიც ზანდუკში მდებარეობს, სულ 6 ბავშვია. ამ სკოლაში, ტრადიციულად ყოველთვის მივდივარ ხოლმე სტუდენტებთან ერთად.
სკოლა ხეობის ყველა სოფელს ემსახურება. ადრე აქ პანსიონი იყო და 300-400 მოსწავლე ჰყავდათ.
ადრეც დამიწერია
https://mtisambebi.ge/news/people/item/125-gudamaybris-skola-tertmeti-mosxavlit
და როცა სწავლა დაწყება, კიდევ ჩავალთ სკოლაში.
ამჯერადაც „მომავლის პროექტის" სახელით საჩუქრები წავიღეთ სკოლას, ნინო ერემაშვილმა და მარინა მამულიამაც წამოიღეს საჩუქრები.
ბოლო დროს ჩოხში, იქ, სადაც ადრე სკოლის შენობა იყო, გოდერძი ჩოხელის მუზეუმი აშენდა. ეს ერთადერთი ახალი შენობაა ხეობაში, მოწესრიგებული ეზოთი და სცენით (გოდერძობა ხომ სწორედ აქ ტარდება).
შენობა აშენდა, თუმცა მუზეუმში ექსპოზიცია ჯერ არ არის მოწყობილი. არც ჩვენ მოგვეცა შიგნით შესვლის შესაძლებლობა.
No comments:
Post a Comment