კოვიდეპიდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში: ჩაიკეტა საზღვრები, შინ გამოიკეტნენ ადამიანები. ახალი რეალობის წინაშე დადგა განათლების სისტემა.
საქართველოშიც,
პირველი დაავადებულის გამოვლენისთანავე შეჩერდა სასწავლო პროცესი, 2-3 კვირაში კი სკოლებიც
და უმაღლესი სასწავლებლებიც ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ. ამ პროცესს, ცხადია, ბევრი სირთულე ახლდა: ყველა
მოსწავლესა და სტუდენტს არ ჰქონდა ტექნიკური მოწყობილობები, ყველას არ მოუწვდებოდა
ხელი ინტრნეტზე, ბევრი მოსწავლისა და სტუდენტის, მასწავლებლებისა და
ლექტორისთვისაც რთული შესაგუებელი აღმოჩნდა ახალი რეალობა.
თუმცა ამ სტატიაში ამჯერად იმ სირთულეებზე ვისაუბრებთ, რომლიც წინაშეც უცხოელი სტუდენტები აღმოჩნდნენ.
***
კვლევის შედეგები
ტოლერანტობისა
და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, https://www.tdi.ge/sites/default/files/migrants_rights_2020-2021-geo.pdf
პანდემიის პირობებში არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა
გამოიკვეთა, მათ შორის საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა,
ბარიერები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისას, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში
ჩართვისას, საზღვრის კვეთისას შექმნილი დაბრკოლებები, საქართველოში მყოფი უცხოელი
სტუდენტების წინაშე წარმოქმნილი პანდემიით გამოწვეული ახალი წინააღმდეგობები და სხვა.
კვლევაში გამოკვეთილი პრობლემებიდან ჩვენ სტუდენტებისთვის აქტუალურ მიმართულებებს გამოვყოფთ.
პირველი პრობლემა
ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურებამდე
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან ამოცანად დაასახელა საზოგადოების უწყვეტი ინფორმაციით
უზრუნველყოფა (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულება
N164 „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული
დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების
გეგმის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი „ვ“).
პანდემიის პირველი ეტაპზე (გაზაფხული 2020) სერიოზული
პრობლემა იყო არა მხოლოდ ქვეყანაში მცხოვრები თუ დროებით მყოფი უცხოელების, არამედ საქართველოში
მცხოვრები იმ მოქალაქეების ინფორმირებაც, ვინც სახელმწიფო ენას არ ფლობდა.
მეორე პრობლემა
კოვიდპანდემიის პირობებში უცხოელებისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, ამას ართულებდა ის ფაქტიც, რომ სერვისების უდიდესმა ნაწილმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა.
უცხოელი მოქალაქეებისა და, მათ შორის სტუდენტებისთვის, გართულდა წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.
მესამე პრობლემა
კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოშიც, ისევე
როგორც მთელ მსოფლიოში იმატა სიძულვილის ენის გამოყენების, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის
შემთხვევებმა.
განსაკუთრებით ჩინელების, მათ შორის ჩინელი სტუდენტების
მიმართ იმატა აგრესიამ, საქართველოშიც იყო ცალკეული შემთხვევა, როცა მიგრანტებს და
განსაკუთრებით ჩინელებს ადანაშაულებდნენ ვირუსის გავრცელებაში. ისინი ხდებოდნენ სიტყვიერი
და ფიზიკური ძალადობის, დისკრიმინაციის მსხვერპლი.
მეოთხე პრობლემა
კვლევის პროცესში უცხოელი, განსაკუთრებით აფრიკელი და აზიელი სტუდენტები
საუბრობენ იმაზე, რომ ხშირად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას აწყდებიან ბინის გაქირავებისას,
როდესაც გამქირავებლები ქსენოფობიური მოტივით უარს ეუბნება ბინის გაქირავებაზე. კვლევაში მონაწილე სტუდენტები აღიშნავდნენ, რომ მსგავსი
ფაქტები გახშირდა პანდემიის პერიოდში, რაც არა მხოლოდ საცხოვრებლის დაქირავების პრობლემის
წინაშე აყენებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და სტუდენტებს, არამედ ხელს უშლიდა მათ
ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში (ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის
მისამართი).
მეხუთე პრობლემა
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში 16 მარტს შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით საზღვრის კვეთაზე გავრცელდა სხვადასხვა შეზღუდვა. მათ შორის, მეზობელი მოსაზღვრე ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის უფლება, გამონაკლისის სახით, მიეცათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლის გზით.
2020 წლის 23 მარტიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისებიც.
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოში მცხოვრებმა ბევრმა უცხოელმა დაკარგა სამუშაო და შემოსავალი. მათთვის დღის წესრიგში დადგა სამშობლოში დაბრუნების საკითხი. თუმცა, საერთაშორისო მიმოსვლაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვამ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი გახადა მათი დაბრუნება მოქალაქეობის ქვეყნებში.
მეექვსე პრობლემა
კვლევის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს პრობლემები
შეექმნათ როგორც სასწავლო პროცესთან, ისე შემდეგ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
იმ სტუდენტებმა, რომელებსაც პანდემიის პერიოდში ეკონომიკური
თუ სხვა გარემოებების გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ვერ შეძლეს უკან დაბრუნება. პრობლემას
ქმნიდა უნივერსიტეტების გადაწყვეტილებებიც დისტანციური სწავლებიდან სასწავლო პროცესის
საუნივერსიტეტო გარემოში გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა
დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა სწავლა ჩვეულ
რეჟიმში განაგრძო.
ეს ცვლილება ყველაზე მტკივნეულად აისახა უცხოელ სტუდენტებზე, რომელთაც უჭირდათ საქართველოში დროულად დაბრუნება პანდემიის, გადაადგილებისა და მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
***
ინდოელი სტუდენტები და შერჩევითი სამართალი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევარები
აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული დაბრკოლებების წინაშე ინდოელი სტუდენტები აღმოჩნდნენ.
დარპან პრაშერი (რომელსაც საქართველოში დარისპან პრაშერად იცნობენ) პირველად 2002 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ დააარსა და საბოლოოდ აქ დამკვიდრდა.
დარპან (დარისპან) პრაშერი, ფოტო ფეისბუკიდანდარისპანი ამბობს, რომ საქართველოში დაახლოებით 8 ათასადმე ინდოელი სტუდენტია, აქედან 99 პროცენტი სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობს.
„კოვიდეპიდემია რომ დაიწყო, ინდოელი სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. დაწყებული ჰიგიენური საშუალებების არქონიდან (თუმცა ეს ზოგადი პრობლემა იყო საქართველოში. ჩვენ საელჩოს დახმარებით შემოვიტანეთ პირბადეები და, პირველ ყოვლისა, სტუდენტებს დავურიგეთ) დამთავრებული ონლაინსწავლების სირთულეებით.
როდესაც საქართველოს უნივერსიტეტები ონლაინსწავლებაზე
გადავიდნენ, ინდოეთის საელჩომ ჩარტერული რეისით წაიყვანა სტუდენტები, თუმცა მერე გაჩნდა დაბრუნების პრობლემა“.
ამ პრობლემაზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის
კვლევაშიც წერია:
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილეით 2021 წლის 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებსა და ინდოელ სტუდენტებზე განსხვავებული პირობები დაწესდა. კერძოდ:
ა) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს და ასევე დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს (საკუთარი ხარჯით); ბ) ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით“.
ტოლერანტობისა და მრვალფეროვნების ინსტიტუტს წარმოამდგენლებს
მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების
მიმართ ზედმეტად მკაცრი, არაპროპორიული და დისკრიმინაციულია.
24 წლის ვედანტ სინგი დელიდან არის და ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს.
ვედანტ სინგი„რატომ გადავწყვიტე საქართველოში სწავლა? პირველი მიზეზი იყო ლექტორების პროფესიონალიზმი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე მოვიხიბლე გარემოთი. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მეგობრულია, ქართველები პატივს სცემენ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ცდილობენ დაგვეხმარონ, თუ პრობლემები ჩნდება. ასევე ვიტყვი იმას, რომ საქართველოს კლიმატი მომხიბლავია ჩვენი ქვეყნის სტუდენტებისთვის", - ამბობს ვედანტი.
მისი თქმით, საქართველოში ყოფნისას გრკვეულ პრობლემებს წააწყდა, მართალია, ქართველთა ნაწილი პატივს სცემს უცხოელ მოქალაქეებს, მაგრამ ნაწილი აგრესიულად არის განწყობილი ფერადკანიანი მიგრანტების მიმართ. უცხოელებს გაცილებით ძვირ ფასს ახდევინებენ ბინის ქირაში, ასევე გაცილებით ძვირია სწავლის გადასახადიც.
ვედანტი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც თავის მემამულეების მსგავსად კოვიდპანდემიის პირობებში სწავლებისას რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ახალი რეგულაციები საქართველოში
ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი დროულად არ
უზრუნველყვეს სათანადო ინფორმაციით. 14 აპრილს, გამომგზავრებამდე, სტუდენტებმა ახალი
რეგულაციების შესახებ არაფერი იცოდნენ. იმავე დღეს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე,
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო
კარანტინს დაექვემდებარა. დამატებითი ხარჯის სახით თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის გადახდა
უწევდათ“, - წერია კვლევაში.
დარისპან პრაშერი იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო, ინდოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოეთხოვებოდათ, ყოფილიყვნენ ორჯერ ვაქცინირებულნი, მხოლოდ ჩარტერული რეისით ჩამოსულიყვნენ და მხოლოდ მათთვის (ინდოელებისთვის) იყო აუცილებელი ორკვირიანი კარანტინის გავლა, თან საკუთარი ხარჯით.
„საქართველოს მთავრობამ ეს მიიდგომა დისკრიმინაციული იყო. თან მიდგომა არ შეცვლილა მერეც, როცა ინდოეთი აღარ იყო წითელი ზონა და ეპიდემიოლოგიური
სიტუაცია გაუმჯობესდა“, - ამბობს პრაშერი.
ინდოეთის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარების შემდეგ 4 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.
საელჩოს ჩარევამ სტუდენტები იხსნა კარანტინის პერიოდში თანხის გადახდისგანაც.
თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი დღესაც ისევ ითხოვს სტუდენტების დასწრებას პრატიკულ კურსებზე. ექსპერტები კარანტინის გავლისას გარკვეულ კორუფციულ სქემებზეც საუბრობენ, რადგან სტუდენტებს კონკრეტულ ძვირადღირებულ სასტუმროებს სთავაზობენ. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა და ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით.
მაშინ, როდესაც საქართველოში გართულდა სიტუაცია, სომხეთმა
და უკრაინამ ძალიან მომხიბლავი პირობები შესთავაზეს აბიტურიენტებს.
***
კოვიდეპიდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა, თუმცა ამავე დროს გაჩნდა ახალი შესაძლებლობებიც.
მომავალში, როცა პანდემიას გადავაგორებთ, ონლაინსწავლა-სწავლება სწავლების ერთ-ერთ ფორმად დარჩება და ალბათ უფრო ფართოდ დამკვიდრდება.
ეს კი გაცილებით გაუმარტივებს სტუდენტს არჩევანს, შეუმცირებს ხარჯებს.
მთავარია, ქვეყნის მთავრობამ და განათლების სისტემამ ადგილობრივი თუ უცხოელი სტუდენტებისთვის სათანადო, კომფორტული და არადისკრიმინაციული პირობების შექმნა შეძლონ.
სტატიის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა ვუხდი:
ქეთი ზაალიშვილ-ჯავანდას
ნინო კრავეიშვილს
მარი კოპლტაძეს
No comments:
Post a Comment