Saturday, September 17, 2022

კოტეს და ნიკას ამბავი... ანუ ამბავი იმისაც, რატომ უნდა გადარჩეს „რეცა"

რამდენიმე დღის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავტორიზაცია შეუჩერა რუსთავის გურამ რჩეულიშვილის სახელობის  სკოლა „რეცას". 

და მე ერთი ძველი პოსტი გამახსენდა - კოტეს და ნიკას ამბავი. 

https://www.facebook.com/photo/?fbid=10207363499987330&set=oa.948016901931603

და მგონია, რომ ეს არის ამბავი იმისაც, თუ რატომ უნდა გადარჩეს „რეცა". 



*** 

2015 წლის სექტემბერია, სწავლა ახალი დაწყებულია. პარასკევ საღამოს მირეკავს ვახო მასი და როგორც იცის ხოლმე:

„აბა, ხვალ სად მიბოდიალებთ შენ და შენი სტუდენტები?"
„ბევრი არ ვიქნებით და შორს ვერა, ზედაზენზე წავალთ ალბათ სარეისოთი", - ვპასუხობ.
„მე კიდევ ჩემი პირველკლასელები არმაზზე მიმყავს"
„რა მაგარია"... პირველკლასელებთან ერთად სიარული სახალისო ამბად მეჩვენა. მინდა ვუთხრა, ჩვენც ხომ არ წამოგყვეთ-მეთქი, მაგრამ აღარ ვეუბნები, ჩვენ ზედაზენი გვაქვს ნათქვამი.
მეორე დილას 8 თუ 9 საათზე დიდუბეში ვართ მე, სალო და ბაჩო, მეტი არავინ... 
სალო და ბაჩო შეყვარებულები არიან (ახლა უკვე ოჯახი აქვთ).
სამნი ვართ, მაგრამ ტურის გადადებას, ცხადია, არც ვაპირებთ, საგურამოდან ფეხით ავალთ ზედაზნისკენ. საგურამოსკენ მიმავალი მიკროავტობუსი ახალი გასულია, შემდეგი ნახევარ საათში იქნებაო... მცხეთისკენ კი უკვე გადის მიკროავტობუსი.
უცებ მახსენდება: გინდათ, რეცელ პირვეკლასელებთან ერთად არმაზზე წავიდეთ?
„კარგი", - არ ვიცი, იდეა მოსწონთ, თუ უბრალოდ ჩემი წინადადება რომ არის, იმიტომ თანხმდებიან.
ვახოს ამბავიც რომ ვიცი, ვურეკევ, მე და ჩემი ორი სტუდენტი არმაზზე რომ გამოგყვეთ-მეთქი. რაღაც თავისებურს კი მეუბნება, მაგრამ წამოდითო...
ჯერ არც არიან რუსთავიდან გამოსული.
ჩვენ დრო რომ არ დავეკარგოთ, მცხეთის სარეისოს მივყვებით და ბაგინეთში ავდივართ....
ბაგინეთი რომ მოვიარეთ და ფოტოებიც გადავიღეთ და რეცელებიც მოადგნენ მცხეთას. ორი მანქანით არიან. ჩვენ ვახოს მივყვებით.
პირვეკლასელები ძალიან საყვარლები არიან, ხან ტირიან, ხან იცინიან, ხან წუწუნებენ, ხან „კუკები" უნდოდათ 🙂
ბოლოს ერთმა გოგონამ, მგონი ლიზიმ, იტირა კიდეც, დავიღალეო... მოვეფერეთ, რასაკვირველია...
მეც, ვახოსი არ იყოც, ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ გასვლებს. 
მახსოვს, იმ დღეს ვახო მშობლებს ხომ ეკონტაქტებოდა ტელეფონზე (აქვე ვიტყვი, რომ არც ერთი მშობელი არ ჰყავდა წამოყვანილი) და ყველაზე ხშირად ერთი ბავშვის მკურნალ ექიმს ესაუბრებოდა. მანამდეც დეტალურად გაიარა იმავე ექიმთან კონსულტაცია, შეიძლებოდა, თუ არა ბიჭუნას წაყვანა.
ის პატარა ნიკას ექიმი იყო. ნიკას სიმსივნე ჰქონდა და ახალი ნაოპერაციევი იყო.
ვახო მასს, რომელიც ამ ბავშვების მძღოლიც არის, პირველი მასწავლებელიც და დირექტორიც, უბრალოდ უნდოდა, პირველი კლასის პირველ ექსკურსიაზე ნიკაც ყოფილიყო. ბიჭუნას სიარული უჭირდა. მთელი გზა კოტემ ატარა ხელით, ხან  სხვებიც ეხმარებოდნენ.
ამ სკოლის ტრადიციით, მშობლები არ ან თითქმის არ დადიან ექსკურსიაზე, პატარებს მასწავლებლები და უფროსკლასელები მიჰყვებიან. ამ დღესაც უფროსი რეცელები იყვნენ, რამდენიმე მაღალკლასელი, ასევე, კურსდამთავრებულები, ანუ იქაურების ათვლით, მეცამეტე თუ მეთოთხმეტეკლასელები.
ჩვენც პატარა მოლაშქრეების მომსახურეთა რიგებში ჩავდექით. გამახსენდა, მე და სალომე გოგოებთან ერთად წინ მივდიოდით. კოტე და ნიკა ჩემგან ცოტა მოშორებით იყვნენ და ალბათ ამიტომაც ბევრი ფოტო არც აღმომაჩნდა.
ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი სახალისო დღე იყო. რამდენჯერ ვთქვით მე და სალომ, რა მაგარია, ცოტანი რომ ვიყავით და მარშრუტი შევცვალეთო...
მე კარგად მახსოვს გაკვეთილი არმაზის ციხეში, თუმცა ამაზე სხვა დროს...
მახსოვს ვახო მასის მიერ დასჯილი და რამდენჯერმე უკან მიბრუნებული პირველკლასელები, ერთ მწკრივში რომ ვერ შეძლეს სიარული...
მახსოვს უფროსების ზრუნვა პატარებზე...
მახსოვს ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც მხიარული კოტე და ძალიან ბედნიერღიმილიანი ნიკა... ბიჭი ხომ კლასთან ერთად იყო პირველ ექსკურსიაზე.
***
რამდენიმე დღის წინ მძიმე ამბავი დატრიალდა ხევში. ვერტმფრენი ჩამოვარდა და ამ ამბავმა ორ სხვა ადამიანთან ერთად კოტეც, რეცელების კოტე, უკვე „რუმსის" წარმატებული გიდი იმსხვერპლა.
მამუკამ დამირეკა ტელეფონზე: რა ხდება რეცელების თავს, ხომ არ იციო? ფეისბუკზე წერიაო რაღაც... სემესტრი მთავრდებოდა, მთელი დღე პრეზენტაციები გვქონდა, დაღლილი მივდიოდი შინ, ფეისბუკი არც მინახავს და არაფერი ვიცოდი...
„თინი, ვინ გარდაიცვალა, ის ბავშვი ხომ არა?", - მომწერა იმ დღეს სალომემაც.
„არა, სალო, იმ ბავშვს ჯვარი სწერია, ის ბიჭი დაიღუპა, ნიკა მთელი გზა ხელით რომ ატარა-მეთქი, სიმპატიური და ხალისიანი კოტე".
„კიდევ ერთხელ დადუმდა რეცა", - დაწერა ვახომ.
„რატომ, ღმერთო?", - კითხულობს ეს დღეებია ყველა.
მე კი მგონი ვიცი, რატომ წავიდა კოტე 🙁
დღეს ნიკაც გარდაიცვალა...
კოტე წინ წავიდა, რომ ავადმყოფობისგან დაუძლურებულ ბავშვს იქ დახვდეს და ხელით ატაროს ❤ ❤
კოტე და ნიკა ❤ ❤ ❤
ერთი ოცდაექვსის თუ ოცდაშვიდისაა, მეორე ალბათ ათის...
ეგრე გხედავთ: არმაზის აღმართზე მოდის ცოტა დაღლილი კოტე და ხან წინ მიუძღვის ხელჩაკიდებულს, უმეტესად კი მაინც ხელით მოჰყავს ბედნიერი ნიკა ❤
(დღეს შემინდეთ სტილი და კორექტურა, ხვალ გავასწორებ)
ვიპოვე ფოტოც, კოტე და ნიკა

და მერე  ბანაკი 


                          ამ ფოტოს ავტორი არ ვიცი, ვინ არის. „რეცას" გვერდიდან ავიღე, ალბათ                              ვახო აბაიშვილი 
                          სხვა ჩემი ფოტოებია  


*** 
თუნდაც იმიტომ, რომ იყვნენ, კოტე და ნიკა, იყო ეს დღე და ეს ამბავი, 
მე ვფიქრობ, რომ „რეცა" უნდა გადარჩეს, 
ბავშვებმა უნდა იარონ, იარონ, იარონ...












No comments:

Post a Comment