Monday, September 12, 2022

ტურისტული მარშრუტები - ტობვარჩხილი - მუხურიდან ხაიშამდე

    ჩვენი ტურების ჯგუფიდან (მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველო) წელსაც           დავგეგმეთ ტობავარხილის ტური. ამჯერად მუხური - ხაიში - ეს მარშრუტი გვინდოდა გაგვვევლო. 

როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ბევრი იყო მსურველი და ბოლოს 6 კაცი დავრჩით. მე და ჩემი სტუდენტები: გიო და ტატო, მათი მეგობრები: რამაზი, ცოტნე და მარიტა.  ისინი სამეგრელოს და რუსთავის სკაუტები არიან, მოლაშქრეები, ამიტომ ვიცოდი, რომ მარშრუტის გავლისას პრობლემა არ შეგვექმნებოდა და შევძელებდით.


 
ჩემი ყოჩაღი ხუთეული 

ტობავარჩილი მეგრულად ვერცხლის ტბას ნიშნავს, რადგან ეს ლამაზი ტბა მართლაც ვერცხლივით ლივლივებს.

ტობაზე რამდენიმე წლის წინ სქურის მხრიდან ვიყავი, მუხურიდან პირველად მივდიოდი.

ზუგდიდი - მუხური - ხაიში - ზუგდიდი - ანაკლია
ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით 50 კილომეტრი ფეხით ვიარეთ - ნათიფურუდან თითქმის ქვემო ვედამდე.

31 აგვისტოს დილას უნდა გავსულიყავით ზუგდიდიდან მუხურში. უკვე დავწერე, რომ მეცხენეებმა დაგვაღალატეს და მუხურში მისულებს ორმაგზე მეტი თანხა მოგვთხოვეს. მეჯოგემ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ქალი ვიყავი, სტუდენტები მახლდა და მის იქით გზა არ მექნებოდა.
არ გვიცნობდა. ვიცოდი, რომ ბილიკი მარკირებული იყო. მეც და სტუდენტებმაც მოვიკიდეთ ზურგჩანთები და წავედით.



ჩვენ ასე გავიარეთ ეს მარშრუტი:
დღე პირველი: ზუგდიდი - მუხური - შურუბუმუს მღვიმე - ნათიფურუ - კალაშის კარე (მწყემსის ბინა)
დღე მეორე: კალაშის კარე - ცაშკიდულის ტობავარჩხილი
დღე მესამე: ცაშკიდულის ტობავარჩხილი - დიდი ტობავარჩხილი - დიდღალისა და კალაშის ტბები
დღე მეოთხე: ხობისწყლის სათავეები
დღე მეხუთე: ვედურას - ხაიშურას სათავეები, მთა გვანდრა, ქვემო ვედი, ხაიში - ზუგდიდი

თუმცა მივყვეთ თავიდან, გიამბობთ ჩვენს თავგადასავალს, აღვწერ მარშრუტს და ზოგიერთ რეკომენდაციასაც შემოგთავაზებთ.


დღე პირველი

ზუგდიდიდან დაახლოებით 9 საათზე გასულები 9.40-სთვის მუხურში ვიყავით. მეცხენეებთან საქმის გარჩევამ დრო წაიღო და როგორც გითხართ, ცხენ-გამყოლის გარეშე წავედით.
ნათიფურუმდე, ცოტა ზემოთაც მანქანით ავედით.
სამანქანო გზა დაახლოებით 30 კილომეტრიანია, მუხურის ცენტრიდან იწყება.

სამანქანო გზის დასასრულამდე როგორც კი გზისპირა საცავი ჯებირი მთავრდება, მარჯვნივ უნდა ჩაუხვიოთ (მძღოლმაც მიგვიყვანა აქამდე), ციცაბო ბილიკი ჩადის.

პირველი შეცდომა აქ დავუშვით.
ჩვენ წინ ჯგუფი მიდიოდა. კი გვითხრეს, ტბაზე ბოლომდე არ მივდივართო, მაგრამ ზუმელი მეგრელი კაცი გამყოლად ჩავთვალეთ და ჩვენც მივყვევით.
ბიჭები წინ მიდიოდნენ, გიორგის კი ვეკითხებოდი: მარცხნივ უნდა იყოს სადმე გადასახვევი. მძღოლმაც მიგვანიშნა დიდ ქვაზე, იქ გახვალთ და მანდვე მწყემსის კარე (ბინა) დაგხვდებათო. სიმაღლეს ძალიან ვკარგავდით და არც ნიშნულები იყო.

დაახლოებით 1,5 კილომეტრში გაჩერებულ წინა ჯგუფს მივადექით და იქ გავარკვიეთ, რომ ისინიც პირველად იყვნენ. ამოვბრუნდით უკან.
წყალიც თითქმის არსად იყო.
„აკი ამბობდით, წყალი სულ იქნებაო", - საყვედურიც გავიგე.
ერთგან პატარა ნაკადული იყო დაგუბებული, მე დავლიე, ახალგაზრდებმა თავი შეიკავეს. მერე კი „სად იყო თქვენი წყალიო?"...
გზას ცალკე ვეძებდით და წყალს ცალკე. თუმცა ამის მერე, მთელ გზაზე წყლის პრობლემა აღარ გაჩენილა.

ტობას ბილიკთან ბადე („სეტკა"), ტოტები და ქვები ეყარა, მაგრამ ეს ნიშნულად ვერ მივიჩნიეთ და ახლა ზემოთ ამედით. ისევ მძღოლმა (მეძინა და ახლა მოვბრუნდი, იქნები ვინმე ქვემოთ წამსვლელი იყოსო) გვიჩვენა ბილიკის დასაწყისი.

მოკლედ, დაახლოებით 3 საათი დავკარგეთ, თუმცა დავადექით ტყის ბილიკს, მდინარის გადავლის მერე მალე მივედით მეჯოგე გაბედავას კარესთან.
ცოტა ხანს გავჩერდით.
„ამის შემდეგ ალიოშას კარეა და იქამდე 40 წუთის გზაა", - გვითხრა მან და ცხენით მიმავალი ალიოშა გაგვაცნო.





მთაში დრო და მანძილები ძალიან პირობითი ცნება ხდება (ნიშნულზე მითითებულ ყველა მანძილს არ უნდა ენდოთ), მწყემსის ნათქვამი 40 წუთიც შეიძლება 2 საათად იქცეს.

ამჯერადაც 40 წუთი ძალიან გაგვეწელა, 9 იყო დაწყებული და ბინდდებოდა, კალაშში, ცირამუას ბინასთან რომ მივედით.

სასწრაფოდ გავშალეთ კარვები, გამოვიცვალეთ და მწყემსის კარეში ვივახშმეთ.
პური, ძეხვი და მშრალი სუპები ჩვენ გვქონდა. გაწურული მაწონი და ყველი მასპინძლებმა შემოგვთავაზეს. სამწუხაროდ, გვიან იყო, ელარჯის გაკეთება რომ გვეთხოვა. (მერე ვინანანეთ, რადგან გვანდრამდე მწყემსები აღარ შეგვხვდნენ და იქაც ძალიან ვჩქარობდით. ამდენად ეს მარშრუტი, რომელის ერთ-ერთი ხიბლი კარეში გაკეთებული ელარჯია, უეალარჯოდ გავიარეთ :(

ალიოშა ცირამუას მთაში ჰყავდა ოჯახიც.
„მუხურში ვხოვრობთ. ცირა და ცოტნე წელს მიდიან სკოლაში და ამ დღეებში წავიყვანო ბარისკენ", - გვითხრა მამამ.

მთლად სწორი ადგილი არ იყო, მაგრამ დავიძინეთ.



დღე მეორე
დილა სიურპრიზით დაიწყო.
„რამაზ, შენი ბოტასი აღარ არის", - გავიგე ტატოს ხმა.
ძაღლს რამაზის ცალი ბოტასი წაეღო.
გერმანელი გოგონას ბათინკი კი გავაგდებინეთ პირიდან ძაღლს, მაგრამ დიდი ხნის ძებნის შემდეგ რამაზის ბოტასი ვერ ვიპოვეთ. საბედნიეროდ, გიოს ბოტასი მოერგოსავით და სიარულს შეძლებდა.


ალიოშა დაგვპირდა, რომ ჩვენს ზურგჩანთებს (ადამიანურ ფასად) უღელტეხილამდე აიტანდა. ეს დიდი შეღავათი იყო.
„დაახლოებით 1.5 - 2 საათში იქნებით ტბასთან", - გვითხრა ალიოშამ.
სანამ ბიჭები ადგნენ, გავემზადეთ, ცხენებს ზურგჩანთები ავკიდეთ, პირველი საათი გახდა.
აღმართზე, მერე თოვლზე (სექტემბრის მიუხედავად, კარგად იყო ფერდზე შერჩენილი), ნაშალზე სიარულს 2 საათზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდა.
5 საათი იყო დაწყებული, ცაშკიბულთან რომ მივედით.




ამ მარშრუტზე რამდენიმე ტბა გვხვდება, მაგრამ ცაშკიბულის ტობავარჩხილი ჩემი და ბევრის ფავორიტი ტბაა.

(რეკომენდაცია, თუ ბილიკს სწორად დაადგებით და ყოჩაღად ივლით, პირველივე დღეს შეიძლება ცაშკიბულამდე ასვლა).

ექსპერიმენტი აღარ ჩავატარეთ და ტბასთან დავრჩით. იმ დღეს დიდად არ დავღლილვართ.

ტბასთან უკვე ალპური მდელოა, ასე რომ კოცონის დანთება გაჭირდება. ჩვენ ხმელი ტოტები გავიყოლეთ, ბიჭებმა ზოგან დეკის ხმელი ფესვები იპოვეს, სკაუტებს ცეცხლის დანთება კი ეხერხებოდათ და წყლის გაცხელება შევძელით. ისევ სუპები, ძეხვი გვქონდა ვახშმად.

ულამაზესი, ვარსკვლავებიც მოჭედილი ცა დაგვყურებდა და ტბაშიც კლდეებთან ერთად აირეკლებოდა.






დღე მესამე
მესამე დღესაც ცოტა გვიან ადგნენ ჩემი გოგო-ბიჭები. იმ დღეს ტობავარჩხილზე უნდა ავსულიყავით.


                            

                                                    მე და ჩემი ყოჩაღი ბიჭები 


ნიშნულზე 3.5 კილომეტრი და 2 თუ 2,5 საათი ეწერა.

ცაშკიბული ჯერ კიდევ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტია, დიდი ტობა კი უკვე- წალენჯიხას ეკუთვნის.

რამდენიმე წლის წინ სქურიდან ვიყავით. სასუფეველი დაუმკვიდროს მერაბ კვარაცხელიას, მის ჯგუფთან ერთად ავედით მაშინ ტბაზე.
მანამდე კი გია კვარაცხელიამ და ზაურ ჭანტურიამ გიმასპინძლეს სქურში, ჭანისწყლის ხეობაში.


სულ მინდოდა, ჩხოროწყუს მხრიდანაც მივსულიყავი ტობავარჩხილზე.

შარშანწინ კოვიდეპედემიისას რომ დავგეგმეთ ტობას ტური, გასვლის წინა დღეს სიცხე მქონდა და აღარ გავრისკე, ვინმეს პრობლემა არ შევუქმნა-მეთქი.

ჩემი ბიჭები, მეგრელობის მიუხედავად დინჯად ირჯებოდნენ, ამიტომ დავწინაურდი და დავადექი ბილიკს.
ორი უღელტეხილი გადავიარეთ, ალაგ-ალაგ თოვლი, ნაშალი... წყალიც გვხვდებოდა.
ავკრიფეთ და დავკარგეთ სიმაღლე, სადღაც შუადღისას ტობაზე ვიყავით.

„თქვენ ქალბატონი თინათინი არ ხართ?", - უცებ შემომესმა.
ონალინსწავლების „ხიბლი" - შეიძლება სტუდენტი ვერ იცნო, რადგან პირადად არც შეხვედრიხარ.
„ვიციდი, რომ მოდიოდით. მე ბექა ვარო", - მითხრა.
წინა დღეს ამოევლო (მე ვერ დავინახე). ტბასთან კიდევ ერთი კარავი იყო: ბექა ლაშქრობაში პირველად წამოსულ მთიულ-მეგრელის წყვილს შეხვედროდა და ერთად დაბანაკებულიყვნენ.

ჩვენ ცოტა ხანს შევისვენეთ ტბასთან და გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ.
დაახლოებით 35 წუთში კიდევ ერთ უღელტეხილთან ვიყავით. ჯვართან გიომ წმინდა გიორგის პარაკლისი წაიკითხა. 30 წუთშიც დიდიშღალთან ვიყავით. ეს კიდევ ერთი ტბაა ამ გზაზე. დაახლოებით 2 კილომეტრში კი კალაშის ტბაა.


კალაშის ტბა, რამაზის ფოტო



„მეტს ნუღარ ვივლით რა", - ითხოვა მარიტამ.
ჩვენც ტბის ცოტა ქვემოთ მდინარესთან დავბანაკდით.

მდინარესთან მრავალად იყვნენ მწერები. წინა დღეებშიც მე და გიორგის განსაკუთრებით გვემტერებოდნენ. ძალიან უცნაური იყო, რომ ერთსა და იმავე ადგილას გვკბენდნენ. მე ძირითადად შუბლსა და ყურზე. გიორგისაც სახესა და საფრთქლებზე.
ვიფიქრეთ, ერთი სისხლის ჯგუფი ხომ არ გვაქვსო, დადებითი კი აღმოგვაჩნდა. მე მეორე ჯგუფი, გიოს - მესამე.
ორ-სამჯერ დექსამეტაზონიც დავლიეთ.

რეკომენდაცია - ამ მარშრუტზე, განსაკუთრებით ზაფხულში თუ წახვალთ, ალერგიისა საწინააღმდეგო პრეპარატები იქონიეთ. ახლა საველე აფთიაქი რომ უნდა გქონდეთ მოლაშქრეებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. გიდები მედიკამენტებს არ ვთავაზობთ ტურისტებს, თუმცა ნაცადი პრეპარატი სასურველია ტურისტებს თავად ჰქონდეთ.

აქაც კარვებიდან მოშორებით ვივახშმეთ, იქნებ კოღოებს თავი დავაღწიოთო.
საღამოს კარტი გაგვახსენდა. ბევრი თამაში ბიჭებმა რომ გაიხსენეს, მე და მარიტამ არც ვიცოდით. ჯოკერი დავიწყეთ, თუმცა აღშფოთებულმა ცოტნემ ბოლომდე ვერ გაუძლო ჩვენს თამაშს და დავიშალეთ.

წინა საღამოს ქალაქობანათი და მსგავი თამაშებით შევიქციეთ თავი.

დღე მეოთხე

წინასწარ შევთანხმდით, რომ 10-ზე გავიდოდით და 15 წუთი დავაგვიანეთ მხოლოდ. დღეს ხობისწყლის სათავეები უნდა გადაგვევლო.
ისევ კალაშის ტბასთან ავედით და ბილიკს დავადექით.

რამდენიმე სიტყვა ნიშნულებზე.

ტობავარჩხილზე რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავით, ზუსტად მაშინ კეთდებოდა ნიშნულები - დაფები.
მახსოვს სქურის მხრიდან ყველგან გვხვდებოდა.
დღეს ეს დაფები უმეტესად მიმტვრეულ-მომტვრეულია (ალბათ თოვლის, ქარის, ხან შეიძლება ადამიანებისგანაც), ხანდახან გზის სიგრძეც საეჭვოდ არის მითითებული და მიმართულებაც უნდა გამოიცნო.


აი, ეს ნიშნული დაგვხვდა კალაშის ტბასთან


ამ მხრივ ქვაზე და ხეებზე გაკეთებული მარკირება უფრო სანდოა.





რეკომენდაცია. თუ ამ მარშრუტზე გამყოლისა და ტრეკინგის რუკის გარეშე წავალთ, ასეთ მარკირებებს მიყევით და თუ მალე არ შეგხვდათ, გზის აბნევას დროულად მიბრუნდით უკან და თავიდან გაიარეთ მონაკვეთი.

ჩვენ მერე ორგან კიდევ დავკარგეთ დრო ბილიკის ძებნაში, თუმცა ამაზე ქვემოთ.

კალაშის ტბის ზემოთ კიდევ ერთი ტბაა - ჭითაწყალი, შორი არ არის, მაგრამ ნაშალია, როგორც ბექამ და ბიჭებმა გვითხრეს: ლამის ოთხით ავედითო.

- აბა ხომ არ ავირბინოთ? - ერთი კი ვთქვი გამომცდელად, მაგრამ შევთანხმდით, რომ შემდეგი წამოსვლისთვის მოტივაცია რომ გვქონდეს, რაღაც დაგვეტოვებინა.

მე პირადად ამ მარშრუტზე ერთი ბუნების ძეგლი დამრჩა - ქუაქანცალიაა - მოქალანე ლოდი, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა ვნახოთ.

მოკლედ, ჭითაწყალზე ასვლა შემდეგისთვის გადავდეთ და ბილიკზე დაბლა დაშვება დავიწყეთ.

რამაზი და ტატო წინ მიდიოდნენ.
ერთგან ბილიკზე დავარდი, ზურგჩანთამ ლამის გადამძალა, საბედნიეროდ, გიო ახლოს იყო და ხელი შემაშველა.
მერე ვამბობდით, მოდი, კონკურსი ჩავატაროთ, ვინ მეტჯერ დაეცემაო.

ბიჭები მდინარესთან რომ ჩავიდნენ, თოკი გაჭიმეს. რთული გადასასვლელი არ იყო, მაგრამ მაინც და მეც ვისარგებლე...





აქ კიდევ ერთი ნიშნული იყო, გვანდრა -13, ხაიში 26.

„კარგი, რა 2 კილომეტრზე მეტი არ გვივლია", - აღშფოთებას ვერ მალავდნენ ახალგაზრდები.

მდინარის მერე ჯერ მაღალ ბალახებში მივდიოდით, მერე ისევ აღმართი დაიწყო.

„კი, მაგრამ ახლა დაღმართზე არ უნდა წავიდეთ? ხაიში ქვემოთ არ არის?", - მგონი ტატო კითხულობს.
და მე ვიწყებ ახსნას რომ ჯერ ისევ სამეგრელოში ვართ, ხობისწყალის ხეობაში, ეს ყველა მდინარე ხობისწყალთან ერთად ბარისკენ მიდის.
ხაიშისკენ რომ ჩავიდეთ, ერთი ქედი მაინც კიდევ უნდა გადავიაროთ.
წყალგამყოფი, მდინარე და მისი ნაწილები - მოკლე ლექცია მაქვს.

გზაზე ტყის ფრაგმენტებიც გამოჩნდა.

ერთ ნიშნულთან, რომელსაც ფრთები აღარც ჰქონდა შერჩენილი, გზა პირდაპირ გავაგრძელეთ.

რამაზი წინ მიდიოდა, ბილიკი ტყეში შევიდა. წინ თითქმის გაუვალი კორომები იყო. რამაზი ქვემოთ წავიდა, ტატო და ცოტნე ზემოთ აფოფხდნენ.
„უკან ხომ არ დავბრუნდეთ?", - შემოგვთავაზა მარიტამ.
„უკან სად?"
„რა ვიცი, იმავე გზით"
არადა, იმავე გზით გაცილებით დიდია უკვე მანძილი.
„მოდი, ჩვენ ცოტა ხანს დავსხდეთ დავისვენოთ და მოვიფიქროთ, რა ვქნათ, - ბრძნულად შევთავაზე ახალგაზრდებს - ან დავბრუნდეთ წინა ნიშნულთან და ვნახეთ, რამე სხვა ბილიკი ხომ არ მიდის".
ამ დროს ცოტნეს ხმა ისმის:
„აქ წყალია და ნაბანაკარიც... ოღონდ თქვენამდე როგორ ჩამოვიდე, არ ვიცი".
„კარგი, შეეცადე ბილიკს გაყვე და და ჩვენც წინა ნიშნულამდე მივიდეთ".
ცოტა ხანში ცოტნეს ნიშნულთან ვხვდებით და ახლა ჩვენც ტყისკენ კი არა, ზედა ბილიკით მივდივართ.
რამაზი ისევ წინ მიდის.
„მოდით, აქ არის მარკირება".
„იმედი ცისფერი უნდა იყოს და ორი ანძა ჰქონდეს", - ერთი ძველი ქართული ფილმისაც არ იყოს, ეს ორ თეთრ და შუაში წითელხაზიანი ნიშნულები იმედს გვიტოვებენ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.


რეკომენდაცია
ყურადღება მიაქციეთ ნიშნულებს.
ეს იმდენად ნავალი მარშრუტია, მარკირებებიც ისეთი მანძილით არის დაშორებული, თუ არ გამოჩნდა, ყურადღებით იყავით.

მერე ტყიანი ბილიკი გავიარეთ, მდინარისკენ დავეშვით და ბილიკი უკვე მთისკენ წავიდა.
ეს უკვე ის ქედია, რომელიც უნდა გადავიაროთ, ზუსტად სად, ჯერ ვერ ვამბობ, რაღაც ბილიკები კი ჩანს, მაგრამ ნიშნულები ქვემოდან ჯერ არ ჩანს.

მდინარე გადავიარეთ და მორიგ აღმართს შევიყევით.
დიდ ქვემთან ნაბანაკარია.
საათს ვკითხულობ.
6 ხდება. ჯერ დაბინდებამდე დროა, მაგრამ
„აქ დავისვენოთ. მდინარეს სულ უფრო ვშორდებით. წავიდეთ დასაზვერად. ვახშმისთვის წყალი გვინდა"
„ვინ წავა?"
ვერავის ვამჩნევ ხალისს.
„კარგი თქვენ დაისვენეთ, მე წავალ, წამომყვებით ვინმე?"

ზედა ქვებამდე ავდივარ და ვხედავ, რომ წყალი ახლოს არ არის.
ვბანაკდებით, კარვებს ვშლით სასწრაფოდ

და მერე ასე 500 მეტრით ქვემოთ ჩავდივართ, მდინარესთან ხმელი ტოტები ყრია. ბიჭები ცეცხლის დანთებას მშვენივრად ახერხებენ და ვახშამიც მალე მზად გვაქვს.

ფარნებით ავდივართ ისევ აღმართზე.
ამაღამ ცოტა წყალი დალიეთ და მალე დაიძინეთ, რომ ხვალ დილას ადრე გავიდეთ, წყალზე ჩასვლაც არ დაგვჭირდეს. ზემოთ წესით წყალი უნდა იყოს.

ღამით რამდეჯერმე წვიმა მოდის.
„ღმერთო, მშვიდობით გვატარე", - ვცდილობ, დავიძინო, თუმცა ფხიზლად მძინავს.

დღე მეხუთე

წინა დღეებში ცოტა ვანეტარე, ამ დღე კი ვარბენინე გოგო-ბიჭები, რომ კავშირზე დროულად გამოვსულიყავით და წვიმიან ამინდში მშობლები არ გვენერვიულებინა.

„ხვალ 7-ზე ავდგებით, რომ 8-ზე დავიძრათ", - გავაფრთხილე საღამოს.

დილას გამეღვიძა, გარეთ გავედი.
ტელეფონი ჩავრთე და საათს დავხედე, 7-ის წუთები იყო, მე ჩანთის ჩალაგება დავიწყე.

„აბა, ავდექით", - 7-ის ნახევრიდან უკვე დავიწყე შეძახილები.

მეგრული ტემპი ვერ იყო, მაგრამ ადგნენ გოგო-ბიჭები.
მე წინ წავედი.

კიდევ ერთი მთა რომ გადავიარეთ და უკვე მეგონა, სვანეთისკენ ვიყავით, შევხედე, მთიდან მომავალი მდინარე ისევ სამხრეთისკენ, ხობისწყლისკენ მიდიოდა.

რამაზი ისევ წინ გავიდა და ბილიკს დაადგა, თუმცა იქ რომ მივედით ბილიკი აღარ ჩანდა. წვიმა წამოვიდა, თქეში. მანამდე მშვენიერი დღეები გვქონდა.

„ქუხილის ყველაზე მეტად მეშინია", - გვეტყვის მერე მარიტა. ქუხს, ჭექა-ქუხილია და წვიმს.

„გინდა აქ გავჩერდეთ ცოტა ხანს", ვეუბნები პატარა კულუართან.
„იქნებ სჯობდეს, ვიაროთ", - მპასუხობენ.

სველები ვართ და წვიმა გადაღებას არ აპირებს.
რამაზი ისვ წინ მიდის. ბილიკი აღარ ჩანს.

„რამაზ, შენ აღმოსავლეთ ქართველი გოგო უნდა გიპოვო. შენს სისწრაფეს დააბაალნსებს", - ვეუბნები რამაზს.

ბალახს ვეჭიდებით და ისე ავდივართ.

გიოს ვთხოვ პირადაპირ ავვიდეს, რომ იქნებ ბილიკზე დავდგეთ. ცოტა ხანში ბილიკზე ვართ და ქედზეც ავდივართ. აი, უღელტეხილი და ჯვარიც...
დაშვებას ვიწყებთ.
ახლა უკვე ვედულას სათავეებთან ვართ: მდინარეები, მაღალი ბალახი, ტყიანი ფრაგმენტები...

გზას ვაგრძელებთ.


ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებდი, ძროხის ფუნის დანახვა ასე გამიხარდებოდა.
მივხვდი, რომ სადღაც ახლოს უკვე მწყემსის ბინა იქნებოდა, მოლოდინი არც გამცრუებია.
რამდენიმე სახლი გამოჩნდა, ვიფიქრეთ, რომ მწყემსის კარე იყო.
პირველი მასპინძელი ტარიელ ჭკადუა იყო
„მოდით, გაშრით, დაისვენეთო".




მართალია, ერთი-ორგან ნიშნულიდან ნიშნულამდე ბილიკს ცოტა ავცდით, მაგრამ მალევე ვიპოვეთ გზა.
ხან მზე გვწვავდა, ხან (ბოლო დღეს) თითქმის გადაუღებლად გვაწვიმდა, ხან რაღაც უცნაური მწერები გვემტრებოდნენ (განსაკუთრებით გიორგის და მე), ხან მთის ბილიკებით ვიარეთ, ხან - თოვლზე, ნაშალზე, ბალახზე, ტალახში... მთის მდინარეები ხომ ვტოპეთ და ვტოპეთ (თავიდან ფეხზე ვიხდიდით და თოკით გავდიოდით და მერე სველი ფეხსაცმლით ეგრევე გავდიოდით ).
ჰო, ბილიკი მარკირებულია, მაგრამ ძველი ნიშნულები უმეტესად დამტვრეულია (ზემოთ მთაში ალბათ ქარისგან და თოვლისგან), ყველაზე სანდო ქვაზე და ხეებზე გაკეთებული ნიშნებია.
სამანქანე გზის ბოლოს, ბილიკი ჯერ ტყის გზას მიუყვება, მერე მაღლა ადის ტყეში (ერთი იქ შეგვეშალა გზადა როგორც მეჯოგემ მითხრა 10-დან 8 აქ იბნევა),
ძირს დაგდებული „სეტკა" ნიშნულად ვერ მივიჩნიეთ და ქვემოთ წავედით.




ახლა კი ტრადიციული მადლობები: Giorgi Tchezhia Tato Khvingia
სამწუხაროდ, რამაზ ბიგვავა, ცოტნე ქვარაია და მარიტა გიორგობიანი არ მყავს მეგობრებში (გიორგი მონიშნავს ალბათ)
ახალგაზრდებმა უდავოდ იყოჩაღეს და მადლობა მათ.
განსაკუთრებული მადლობა Tea Shonia თეა შონიასა და დავით ჭეჟიას მასპინძლობისთვის
მადლობა ჩვენს მძღოლებს: მერაბსა და ვასიკო ჭკადუას, მერე რატი გიორგობიანს.
მადლობა მეჯოგეებს - ქუთარი გაბედავას, ალიოშა ცირამუასა და ტარიელ ჭკადუას
მთაში მყოფ მწყემს ქალებს - იამზე ბერიას, ია და თეა ჭკადუებს
ახლა „გადამდგებ" მეცხენეზე არაფერს ვამბობ (მერე იყოს)
ფაქტია, რომ უკვე მუხურში მისულებს ლამის ორმაგი ჰონორარი მოგვთხოვეს, თუმცა ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია...
უკან არ დაგვიხევია და საკმაოდ მძიმე ზურგჩანთებით ვიარეთ მეგზურის გარეშე
ვიცოდი, რომ ნიშნულები იყო
ორ-სამჯერ ძირითად ბილიკს ცოტა ავცდით კიდეც, ერთხელ, ტყეშში ბილიკი რომ დაიკარგა, ახალგაზრდებმა უკან, სამეგრელოსკენ დაბრუნებაც შემომთავაზეს...
მიხარია, რომ დაგეგმილი მარშრუტი სრულად გავიარეთ.
დავიღალეთ, მაგრამ ღირდა ❤
წუხელ ისევ ჭეჟიებთან ანაკლიაში დავრჩით
დილას ჯერ ენგურის პირას, შუადღისას კი ზღვის პირას ვისხედით
დღეს საღამოს დავბრუნდით.
მადლობა კიდევ ერთხელ ღმერთს და ჯგუფის თითოეულ წევრს ❤
ჩემმა ბიჭებმა კი (მეცხენის არ იყოს) აწი აქ ათას ლარად თუ ამოვალო, მეორემ მხოლოდ მილიონადო... წინა, სქურის მხრიდან ლაშქრობის დროს მოლაშქრის ქოხის კედლის წარწერაც გამახსენდა, მერე მამუკა და გიოც რომ იმეორებდნენ: ჩემდა თავად აქ ამომსვლელისო...
ამ ყველაფრის მიუხედავად გეუბნებით, რომ მომავალ წელსაც (სავარაუდოდ ისევ სექტემბრის პირველ რიცხვებში) ისევ ავალთ ტობავარჩხილზე, ალბათ მუხური-სქურის მარშრუტით ვივლით და აუცილებლად ვნახავთ ქვაქუანცალიას.
აი, უკვე გეუბნებით ❤

24 კომენტარი

No comments:

Post a Comment