Monday, August 21, 2023

XXI საუკუნე: წერილი ოჯახში ამბის გასაგებად

 ანუ წოვა თუშეთი - უგზოდ და კომუნიკაციის გარეშე დარჩენილი კუთხე

„რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური", - პირველად ეს სიმღერა გახსენდება ადამიანს თუშეთის ხსენებაზე. მაგრამ თუშეთი და თუშური ხატობები რომ ნახო, საქართველოსა და ევროპაშიც ერთ-ერთ ურთულესად აღიარებული (თუმცა ასევე ულამაზესი) სამანქანე გზა უნდა გაიარო. 

                                                                                                                        ინდურთა 

ფშაველი - ომალოს 72-კილომეტრიანი გზის გავლას მანქანა (მგზავრობა მხოლოდ ჯიპით შეიძლება) 4 საათს მაინც ანდომებს. უნდა გადაიარო  2926 მეტრი სიმაღლის აბანოს უღელტეხილი. გზა წელიწადში მხოლოდ 4-5 თვით (ივნისიდან ოქტომბრამდე) არის გახსნილი, სხვა დროს თუშეთში მოხვედრა ვერტმფრენით შეიძლება.  

                                                         უღელტეხილზე 

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც 4-5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა გაცილებით უკეთესი გზაა, ბევრი ქართველი თუ უცხოელი გზის გამოც ამბობს უარს თუშეთში მოგზაურობაზე. 

ომალომდე, შენაქო-დართლომდე, დართლო-გირევამდე,  (გირევამდე შარშან მიიყვანეს სამანქანა გზა), ჯვარბოსელ-ვერხოვნამდე, თუ მანქანით მიხვალ (ცხადია, ჯიპით), თუშეთის ბევრ სოფელში დღემდე არ არის სამანქანე გზა.   

წოვათა თუშეთის ერთ-ერთი გამორჩეული ხეობაა. სამწუხაროდ, ყველაზე მიტოვებული. 

ზოგადად ნასოფლარებად ქცეული სოფლების რიცხვით საქართველოში სწორედ თუშეთი და ხევსურეთი ლიდერობენ.  

მომდევნო ოფიციალური აღწერა 2024 წელს უნდა ჩატარდეს. 

წინა, 2014 წლის აღწერის შედეგებით, თუშეთის 52 სოფელში სულ 47 კაცია რეგისტრირებული (30 მამაკაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, ხოლო დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ბოჭორნაში, ჩიღოში 1-2 ან მაქსიმუმ 4 კაცი რჩებოდა, ახლა 4-იც აღარ არის. 

წარო წოვათას პირველი სოფელია, თუმცა უკვე ნასოფლარ-ნანგრევებად ქცეული. წაროს კოშკებს 2018 წელს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბოლო აღწერით, წაროში ოფიციალურად ორი ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა ვერც ზეზვა ელიზბარიაძე და ვერც მისი მეზობელი დარჩენით, ცხადია, ვერ რჩებიან,  ქვემოთ ჯვარბოსლიკენ იზამთრებენ. 


                                                     ნასოფლარი წარო 

სამანქანე გზა წაროს ორ ნაწილად ყოფს. სამანქანეს ვამბობ, თორემ აქ გზა მუდმივად იშლება და  მანქანით გავლა წელიწადში სულ 1-2 თვე შეიძლება, ისიც, თუ გაგიმართლათ.  

თუ სტუმრობა ხატობების პერიოდს ემთხვევა, ალბათობა იმისა, რომ წოვათაში მანქანით გადასვლას შევძლებთ, უფრო მაღალია, რადგან ამ დროს გზა ტექნიკით იწმინდება. 

დაახლოებით 20 წელია თუშეთში დავდივარ, იშვიათად ჩამიგდია წელი, მინიმუმ ერთხელ მაინც რომ არ ავიდე ამ ზღაპრულ კუთხეში. ხშირად ტურისტებთან ერთად დავივლი ხეობებს. რამდენჯერ მივსულვართ წოვათას საზღვრამდე, მაგრამ ჩანჩქერიდან უკან  გავბრუნებულვართ, რადგან გზა არ ყოფილა. 

ყველას არ უნდა და არ შეულია, ვერხოვანიდან წოვათას ნასოფლარებმდე და უკან, დაახლოებით 10-12 კილომეტრი ფეხით იაროს.  

ასეთ დროს წოვათასწყლის გატოპვა 10-11-ჯერ მაინც გვიწევს. 


ალტერნატიულ გზაზეც, რომელიც წაროს მოპირდაპირე მხარიდან გადავა ხეობაში, ტენდერი კი იყო რამდენჯერმე გამოცხადებული, მაგრამ სამუშააოები არც წელს ჩატარებულა და აქაურებს ისევ არსებული გზით უწევთ სარგებლობა. ეს გზა კი სულ უფრო და უფრო იშლება...

 

წოვა თუშეთში ცოცხალი სოფელი აღარც არის: ინდურთა, ეთელთა, მოზართა, ნადირთა,  ნაზართა, შავწყალა, საგირთა - ნასოფლარებად არის ქცეული. აქ არავინ არის რეგისტრირებული და აღარავინ ცხოვრობს. 


                                  

ზაფხულში ხეობაში მესაქონლეები დგანან. ათენგენობისას ორი-სამი დღით ჩასული თუშები აცოცხლებენ და ახმაურებენ ნასოფლარებს. სხვა დროს კი სიჩუმეა. 

კომუნიკაციების არარსებობის გამო წოვათას ტურისტებიც ნაკლებად სტუმრობენ. 

წელს აგვისტოში ბორბალოს უღელტეხილით თუშეთიდან ხევსურეთში გადავედით . გვინდოდა მარშრუტი სწორედ წოვათადან დაგვეწყო.   

ხატობები ახალი ჩავლილი იყო და ვიცოდი, რომ გზა გაწმენდილი იქნებოდა. მართლაც, გაგვიმართლა: ინდურთამდე მანქანით მივედით. 



ინდურთასთან ბინა (მწყემსის თავშესაფრი) აქვს დათო ჯიხოშვილს. ის  39 წლისაა.  მეცხვარეა და საქმიანობდან გამომდინარე, წლებია, ვიცნობ.                  

                   
                 

დათო თავისი საქონლით ზაფხულში თუშეთშია, ძირითადად წოვათაში ან ალაზნისთავში. ზამთრობით ელდარის დაბლობისკენ, ოლეში. 

წასვლამდე ორ-სამი კვირაზე მეტი ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, გზისა და ცხენების ამბავი მინდოდა გამერკვია. წინა წლებში წოვა თუშეთში ინტერნეტი იყო, ახლა კი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დაკავშირება. აღმოჩნდა, რომ წელს წოვთაში ინტერნეტი არ იჭერს.

„როგორც ძველ დროში, ან წერილებს ვწერთ ოჯახის წევრებს და მათგანაც ასევე წერილს ველით, ან სადმე უნდა გავიდეთ, რომ დარეკვა ან ინტერნეტით დაკავშირება შევძლოთ", - გვეუბნება დათო. 

მისი მეუღლე ექიმია, ალვანში სტომატოლოგიური კაბინეტი აქვს. ის ბავშვებით თითქმის ვერ ახერხებში მთაში ასვლას. დათოს ოჯახი რამდენიმე დღე იყო წოვათაში ხატობის დროს.    

„ამასწინათ კბილი მტკიოდა, რამდენიმე კილომეტრზე გავედი, რომ ცოლისთვის დამერეკა და მეკითხა, როგორ მოვქცეუიყავი. აბა, კლინიკა აქ არ არის და ექიმი". 

დათოც, ისევე, როგორც თუში მეცხვარეების უმეტესობაა, წელიწადში სულ 1-2 თვეს ატარებს სახლში.  

ჯიხოშვილების გარდა წოვათში კიდევ რამდენიმე მესაქონლე დგას.  

რამდენიმე წლის წინ ერთ სტატიაზე ვმუშაობდი, სტატია მეცხვარეების პრობლემებს ეხებოდა.  გაზაფხულზე, ცხვარს რომ ერეკებოდნენ, ფშავლიდან აბანოს უღელტეხილის რაღაც მონაკვეთამდე, სადღაც ბოთლისწყარომდე (ადგილია ასეთი) მეცხვარეებთან ერთად ვიარე. 

„ავტომანქანა, მობილური ტელეფონი, ბანკის ვალი და ფეისბუკპროფილი – ეს არის ის, რაც დღევანდელ მეცხვარეს წინაპრისგან გამოარჩევს,  სხვა ყვველაფერი ისევეა, როგორც საუკუნეების წინ: დოლი, პარსვა, მოსავლის გადმოტანა და ცხვრის გადარეკვა საზამთრო საძოვრებისკენ ან პირიქით", - ვწერდი მაშინ, 

წოვათაში კი მანქანით გადასვლაც ჭირს, არც მობილური იჭერს, არც ინტერენტია. 
ასე რომ, აქაური მეცხვარეების ყოფა ნამდვილად არ განსხვავდება ერთი-ორი საუკუნის წინანდელი წინაპრების ყოფისგან. 

კიდევ უფრო რთულია ქალი მესაქონლეების მდგომარეობა. 

ინდურთას მერე, ნასოფლარ ეთელთას ძირაას ლაგაზიძეების ბინაა.

ბორბალოსკენ რომ მივდიოდით, სწორედ მათ სიახლოვეს გავიარეთ. მათ ბინაში ბავშვებიც ვნახეთ. ბავშვები წინა საღამოსაც მოვიდნენ ჩვენს კარვებთან. შოკოლადები ყველაზე მეტად გაუხარდათ.  

 

                                       
                                                ლაგაზიძეების ბინა 

ნანა ლაგაზიძე საქონელს უვლის, დილა-საღამოს ძროხები ჰყავს მოსაწველი. ის მაისში ავიდა მეუღლესთან ერთად საზაფხულო ბინაში. 

„საქმეც ბევრია, მძიმე შრომა გვიწევს, მაგრამ ძალიან რთულია, როცა შვილები და ოჯახი შორს გყავს და მათი არაფერი იცი. ახლა ბავშვი აქ მყავს და კარგია, თორემ სხვა დროს კილომეტრები უნდა გაიარო, რომ ოჯახში დარეკო", - გვეუბნება ნანა. 

წოვათაში არც აგვისტოს სტიქიის შესახებ იცოდნენ რამე:  

„შოვი? რა მოხდა? რა ვიცი, ჩვენ არაფერი გაგვიგია. თუ ვინმე არ მოვიდა და ამბავი არ მოიტანა, ჩვენამდე ინფორმაცია ძნელად აღწევს", - გვითხრეს. 

უტელეფონოდ, უინტერნეტოდ, ექიმის გარეშე, რასაკვირველია, რთულია. 

„ასე ღმერთს მინდობილები ვართ", - გვეუბნება ნანა.  

თავად ნანა წოვათუში არ არის, რძალია და არც წოვა თუშურად საუბრობს. მის გარდა წოვათაში სხვა ქალს ვერ შევხვდით. 


თუმცა წოვათაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ წოვური ენა. 

წოვათუშური (ბაცბური), რომელიც ვაინახურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ძალიან წააგავს ინგუშურს და ეს წოვათუშების სასაუბრო ენაა. 

წოვათას დაცლით ამ ენას, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს, დაკარგვის საფრთხე  ექმნება, მისი გადარჩენა საჩქარო საქმეა. ენის გადარჩენას სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. 

წელს ისედაც მთავრდება მთის სეზონი, თუში მესაქონლეები მალე დაეშვებიან თუშეთიდან და მათ შორის წოვათას ხეობიდანაც. ზამთარში იქ კომუნიკაცია ნაკლებად სჭირდებათ. 

იმედი მაქვს, მომავალი წლისთვის, წოვათას ულამაზეს ხეობაში გზას თუ არ გაიყვანენ, ტელეფონი ან ინტერნეტი მაინც იქნება. თუმცა ამაზე ზრუნვა ახლავე უნდა დავიწყოთ. 



No comments:

Post a Comment