Monday, August 21, 2023

ქართული მთამსვლელობის 100 წლისთავი და ქართველი მთამსვლელი ქალები

  28 აგვისტო ქართული ალპინიზმის დაბადების დღეა  

„ეს მწვერვალია... მაშ მიზანი მიღწეულია... აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ასე ბრწყინვალედ დაგვირგვინდა! ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... შეშლილებივით ვაშას ვიძახდით, ვყვიროდით, ვიცინოდით...

როგორ აღვწერო ადამიანის სულიერი მდგომარეობა მიუწვდომელი მწვერვალის მიღწევის დროს. ეს ხომ სრულიად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვინც თვითონ ყოფილა ასეთ წუთებში. უძლეველი სიძლიერისა და სიამაყის გრძნობა მთელ არსებას იტაცებს. ჩვენი კი ბევრი რამ გვაქვს საამაყო: მწვერვალზე 18-ნი ვართ... ასეთ ცუდ დარში, როგორშიც ჩვენ ავედით, 18 კი არა, ერთიც არ ასულა... ჩვენი ასვლის დროს კი 20 მენაკამდე (გრადუსამდე) იყო ყინვა და ამასთან საშინელი ქარიც... უმთავრეს სიამაყეს ჩვენი დები წარმოადგენდნენ. ამდენი ქალი იქ არასოდეს ასულა. ჩვენები ხუთნი არიან... 

                                     

მწვერვალზე ყველა მშვენივრად გრძნობდა თავს, დაღალვის ნასახიც აღარავის ეტყობოდა“, - ასე აღწერდა მყინვარწვერზე ასვლით გამოწვეულ უდიდეს ემოციას გიორგი ნიკოლაძე.

ნიკოლაძის ჯგუფი, რომელიც ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტებითა და თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, 100 წლის წინ, 1923 წლის 28 აგვისტოს ავიდა მყინვარწვერზე. სწორედ ეს დღე ითვლება ქართული სპორტული ალპინიზმის დაბადების დღედ. 

პირველი ხუთეულის შემდეგ, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი, მეცნიერი და შემდგომში ყველაზე ცნობილი ქართველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფაარიძე ავიდა მწვერვალზე

ამ ქალებზე ცოტა ქვემოთ გიამბობთ. 

ალპინიზმი (ძალიან კარგი ქართული შესატყვისი აქვსმთამსვლელობა), სპორტისა და აქტიური დასვენების ერთ-ერთი სახეა, რომელიც მწვერვალებზე ასვლას ისახავს მიზნად.  მიღებული განმარტების მიხედვით, ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.

თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად, ოფიციალურდ,  ითვლება 1786 წლის 8 აგვისტო, როდესაც შვეიცარიელი გლეხი ჟაკ ბალმა და ფრანგი ექიმი მიშელ-გაბრიელ პაკარი სპორტული მიზნით ავიდნენ მონბლანზე (4807 მ). ერთი წლის შემდეგ, 1787 წელს,  ალპებში, ისევ მონბლანზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი  ორას ბენედიქტ დე სოსიური  და მწვერვალზე  მეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მონადირეები უძველესი დროიდან ლაშქრავდნენ მწვერვალებს... 

მიუხედავად იმისა, რომ წერაყინის, წრიაპების, თხილამურის მსგასი ინვენტარი ჩვენს ყოფაში უძველესი დროიდან დასტურდება...  

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მყინვარწვერზე იოსებ მოხევე, მღვდელი „ნებითა ხვთისა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა"…. (იოანე ბატონიშვილი, „კალმასობა“. 1813-1928 წ.წ.) და რამდენადაც ვიცით (https://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/07-iosebi.htm) იოსებ მოხევე 1763 წელს აღესრულა, ამდენად იგი, უფრო ადრე ასულა მყინვარზე, ვიდრე მონბლანს დალაშქრავდნენ... 

მიუხედავაად იმისა, რომ მყინვარწვერზე, მე-19 საუკუნეშიც, ჯერ კიდევ 1868 წ. ინგლისელი მთამსვლელები  დუგლას ფრეშფილდი, ადოლფ მური და ჩარლზ ტაკერი ავიდნენ. https://www.helloblog.ge/story/alpinism

ქართული სპორტული მთამსვლელობის დაბადების დღედ სწორედ 1923 წლის 28 აგვისტო ითვლება.  

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 1923 წლის 28 აგვისტოს და შემდეგ 3 სექტემბერს მთამსვლელთა ჯგუფები გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით ავიდნენ მწვერვალზე. 

დღეს ალპინიზმი საქართველოში სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება (უნდა ვაღიაროთ, რომ კიდევ უფრო პოპულარული იყო ეს სახეობა საბჭოთა პერიოდში, როცა ალპინიადებისთვის, ალპური კლუბებისთვის დაფინანსება არსებობდა), მყინვარწვერი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვერვალია.  


ხევის დედოფალი 

ენციკლოპედიური მონაცემებით, მყინვარწვერი (იგივე ყაზბეგი)  -  მწვერვალი  საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის გვერდით, ხოხის ქედზე.  სიმაღლე 5054 მ. ვულკანური წარმოშობის მწვერვალი (ბოლო ამოფრქვევა დაახლოებით  ძვ. წ. 750 წ.) მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა.

მყინვარწვერი, პაატა ვრდანაშვილის ფოტო


მყინვარწვერიდან ეშვება მყინვარები:  სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი... თრუსოს ხეობაში, მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე  თერგი. 

მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს ძველი მეტეოროლოგიური სადგური, რომელშიც დღეს ალპინისტთა თავშესაფრია  მოწყობილი.

დღეს უმეტესად გერგეტის მხრიდან ადიან, თუმცა სხვა გზით ავიდნენ საუკუნის წინ. 


პირველი ქართული მასობრივი ასვლა  

გიორგი ნიკოლაძის ექსპედიცია ძირითადად უნივერიტეტის სტუდენტებით და თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

                                                                                                        გიორგი ნიკოლაძე, ფოტო აღებულია წიგნიდან „მყინვარწვერიდან ევერესტამდე"  
 

მწვერვალზე დევდორაკის მხრიდან ავიდა 18 მთამსვლელი, მათ შორის, 5 -  ქალი. 

როგორც ქართული მთამსვლელობის მემატიანე ივანე ჯაფარიძე წერს, ეს იმ დროისთვის იყო რეკორდი, როგორც მასობრიობის თვალსაზრისით, ასევე მწვერვალზე ქალთა რაოდენობით. 

ჯგუფის გამყოლი იყო ლეგენდარული მოხევე მთამსვლელი იაგორ კაზალიკაშვილი, რომელიც გადმოცემით, 18-ჯერ მაინც ასულა მყინვრწვერზე. 

იაგორ კაზალიკაშვილი, იაგო კაზალიკაშვილის არქივი

ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ნიკოლაძე, იაგორ კაზალიკაშვილი, მარიამ ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე, ლიდა ჩხეიძე, ატო აღნიაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ზაქარია მამამთავრიშვილი, მიხეილ მათიაშვილი, ვასილ მჭედლიშვილი, მიხეილ ჯინჭარაძე, გიორგი ალიხანოვი, გამყოლი აბზი ბეზურთანოვი, სტავროპოლელი მთამსვლელი ალექსანდრე ჩუმახინი, შვედი სტუდენტი კურტ პაკენდორფი, გერმანელი მასწავლებელი ფრიდრიხ ბაუმჰაუერი. 

მთელი ჯგუფის ფოტო არ არის შემორჩენილი. 

ფოტო აღებულია წიგნიდან „მყინვარწვერიდან ევერესტამდე"  

ამ ფოტოზე კი ექსპედიციის მონაწილე, ანუ პირველი ქართველი მთამსვლელი ქალები არიან: მარო ტყავაძე, ლიდუსი ჩხეიძე, ელენე ლორთქიფანიძე (წინა რიგში),  ასმათ ნიკოლაიშვილი და მარიამ (მარო) ბეჟანიშვილი (უკანა რიგში). საბაზო ბანაკამდე ავიდა კიდევ რამდენიმე ქალი, თუმცა, სამწუხაროდ, მათი სახელები ჩვენთვის ცნობილი არ არის. 

„რა უნდა ქალს მთაში? ", - უკვე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ნახევრად ხუმრობით მითხრა ერთმა მთამსვლელმა, როცა მყინვარწვერზე ბიჭებთან ერთად რამდენიმე გოგო ავედით. დღეს ბევრი ქალი ადის მყინვარზე, მაგრამ ეს გოგოები პირველები იყვნენ და პირველებლად დარჩებიან. მათ დაამტკიცეს, თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. 


მწვერვალიდან დაბრუნებულ ნიკოლაძის ჯგუფის წევრებს გზად მეორე ექსპედიციის წევრები შეხვედრიან.  

საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის პირველი სამეცნიერო ექსპედიციის ჯგუფი, რომელსაც ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა, როგორც ვიცით, 3 სექტემბერს 3 საათზე ავიდა მწვერვალზე.. ისინიც დევდორაკის მხრიდან,  გახა წიკლაურის გამყოლობით.

დიდებულიძის ექსპედიციის მონაწილენი გეოფიზიკური ობსერვტორიის თანამშრომლებთან ერთად. ცენტრში ზის ალექსანდრა ჯაფარიძე, ფოტო აღებულია წიგნიდან „მყინვარწვერიდან ევერესტამდე"  

ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: იოსებ ასლანიშვილი, ანდრია თოფაძე, ვალენტინ თულაშვილი, ტარასი ზაგაშვილი, არნოლდ ვეისი და ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელიც დღემდე ყველაზე დიდ ქართველ მთამსვლელ ქალად ითვლება. 


ალექსანდრა ჯაფრიძე - ლეგენდარული მთამსვლელი ქალი 

„მშვენიერი ამინდია, არც ერთი ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ… მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან  აქა-იქ შავი კლდეები მოჩანს  თოვლ – ყინულიდან, გარემო ჩრდილს მოუცავს და ისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ. გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო.


ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა. მე ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლის დროს… მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურებით მისკენ… მივდივართ და… გვინდა მიუდგომელს მივუდგეთ, მიუწვდომელს მივწვდეთ, მისი გულის სიღრმეში ჩავიხედოთ, იქ სინამდვილე ამოვიკითხოთ, რომელიც ჯერ არავისთვის მისაწვდომი არ გამხდარა. ამაში თვით იგია დამნაშავე: მკაცრია, სუსხიანი, თავის გულს არავის გადაუშლის ასე ადვილად“, - წერდა ალექსანდრა ჯაფრიძე.  


                                           

                                               ალექსანდრა ჯაფარიძე, 50 ქალი საქართველოდან 

ამ პერიოდიდან იწყება ალექსანდრსა გატაცება მთამსვლელობით. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება მთებს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილიც იწვნია მთებში.

„აქ განისვენებენ ქათული ალპინიზმის ფუძემდებლები: ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდრა ჯაფარიძე, სიმონ ჯაფარიძე", - წერია ვერის ბაღში მემორიალურ დაფაზე.

მთაში ტრაგიკულად დაღუპული ძმების გვერდით დაკრძალულია მათი უფროსი და - სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლეგენდარული მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფრიძე (11.02.1895 - 27.11.1974)

1929 წელს სიმონი თეთნულდზე დაიღუპა. 

1930 წელს ალექსანდრა და ალექსანდრე ძმის ხსოვნის საპატივსაცემოდ ავიდნენ მწვერვალზე. ეს ქალის პირველი ასვლა იყო თეთნულდზე. 

ალექსანდრა ასევე პირველი ქალი იყო, ვინც უშბაზე (სამხრეთ მწვერვალი) შედგა ფეხი. ეს 1934 წლის ექსპედიცია ასევე საგანგებოდ აღსანიშნავია. ოთხკაციან ჯგუფში ალექსანდასთან ერთად იყვენენ: ალექსანდრე ჯაფარიძე (შემდეგში სწორედ უშბაზე დაიღუპა), გიორგი ნიგურიანი, იაგორ კაზალიკაშვილი.  მთამსვლელებს მაშინ ჩამოაღამდათ, როდესაც მწვერვალამდე სულ 200 მეტრი იყო დარჩენილი. იმ ადგილას ღამისთევას მხოლოდ ერთი ადამიანი თუ შეძლებდა, თანაც ნახევრად დამჯდარი. კაცებმა ყოყმანი დაიწყეს. ალექსანდრამ მიიღო გადაწყვეტილება და დარჩა, ნაბდით თოკში დაკიდებული. 
მამაკაცებს მწვერვალზე ასვლა რომც გადაეფიქრებინათ, ქალს ზემოთ მარტოს ხომ არ დატოვებდნენ. მეორე დღეს ოთხივე მთამსვლელი ავიდა მწვერვალზე.

ალექსანდრას იხსენებს ძმისშვილი, ვანე ჯაფარიძე.

https://www.facebook.com/watch/?v=2695850120430779

ალექსანდრა ჯაფარიძეს შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე, აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასვლები მყინვარწვერზე (1923 წ.). თეთნულდზე (1930 წ.), უშბაზე (1934 წ.), დიხთაუ (1950 წ.), ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდი ტრავერსი.
ალესანდრას სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვებულის აღმოჩენაც.

მთამსვლელი ქალი 19-ჯერ იყო მყინვარწვერზე. 


მწვერვალებმა ბევრი ტკივილი აგემა, მაგრამ მწვერვალებს უკავშირდება ალექსანდრა ჯაფარიძის - ამ საოცარი ქალის სიყვარული და წარმატებაც. 

ის, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, დიდ მთამსვლელთან ერთად, დიდი მასწავლებელიც იყო: ძალიან ბევრ მთამსვლელსა და მოლაშქრეს ჯერ კიდევ მაშინდელი პიონერთა სასახლიდან გაუკვალა მწვერვალებისკენ მიმავალი ბილიკები. მთებში სიარულის გარდა ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული ასწავლა.  

მოსწავლეებთან, ივანე ჯაფარიძის არქივი

„ჩვენი ცოცხალო ლეგენდავ! ძვირფასო ალექსანდრა! მრავალი ქალის როლი განმისახიერებია ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ ნამდვილად გამიჭირდებოდა მეთამაშა ისეთი ქალის როლი, რომელშიც ისე იქნებოდა ქალური სინახე და დიდი ვაჟკაცობა შერწყმული, როგორც ეს თქვენშია", - ასე მიმართა ვერიკო ანჯაფარიძემ ალექსანდრა ჯაფარიძეს დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე. 

საქართველოში გვყავს ქალები, რომლებმაც გაცილებით მაღალი სიმაღლეებიც დალაშქრეს, მაგრამ ალექსანდრა ჯაფარიძე მაინც ყველა დროის ლეგენდარულ მთამსვლელ ქალად რჩება. 


ქართველი მთამსვლელი ქალები, 1937 წელი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი


„შენმა სიყვაარულმა მთამსვლელად მაქცია" 

ხშირად გაიგონებთ, თითქოს იოსებ ნონეშვილის ცნობილი ლექსი, რომელზეც პოპულარული სიმღერაც არის დაწერილი. „ეგ სახე მყინვართაა სარკეში მინახავს.... ალი ხარ, ქალი ხარ? მითხარი ვინა ხარ" -  ეძღვნება ალექსანდრა ჯაფრიძეს. 

https://www.youtube.com/watch?v=k9ftiD9OmE4


თუმცა ალექსანდრა ჯაფარიძი ძმისშვილი და შვილობილი, ქართული მთამსვლელობის მემატიანაე ივანე ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ცნობილი ლექსი ეძღვნება არა ალექსანდრა ჯაფარიძეს, არამედ მეორე არანაკლებ ცნობილ ქართველ მთამსვლელ ქალს, მარინე უთმელიძეს. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც 1952 წელს უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი გაიარა ჯუმბერ მეძმარიაშვილთან, თორნიკე ტატიშვილთან და სარგის ცაიშვილთან ერთად. 
 
მარინე უთმელიძე, ივანე ჯაფაარიძის არქივი  

„ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი იყო, ვინც უშბაზე ავიდა 1934 წელს, ხოლო მარინე უთმელიძემ, პირველმა გააკეთა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი, რისთვისაც სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მარინე უთმელიძემ ეს ტრავერსი განახორციელა 1952 წელს, იოსებ ნონეშვილის ლექსი კი 1953 წლითაა დათარიღებული, როცა ჯერ კიდევ არ იყო განელებული ამ ასვლით გამოწვეული სიხარული, - წერს ივანე ჯაფარიძე"

https://www.facebook.com/profile/100000776582798/search/?q=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E2%80%9E%E1%83%94%E1%83%92%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%20%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%20,

.
მარინე უთმელიძე, ალექსანდრა ჯაფრიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ივანე ჯაფარიძის არქივი   
    

               

თიკანაძე, რჩეულიშვილი და... მთაში დაღუპული ქალი - ხათუნა ალავიძე


ქართული ალპინიზმის ისტორიაში 50-მდე ადამიანია, რომელიც მწვერვალთან ჭიდილში დაიღუპა, მათგან მხოლოდ ერთი ქალია.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან მეგობრებთან ერთად თითქმის ყოველ წელს დავდივარ ჭაუხების მასივში. არ ყოფილა შემთხვევა, მწვერვალ თიკანაძეზე (3436 მ.) და მწვერვალ რჩეულიშვილზე (3542 მ.) არ ავსულიყავით.

პირველ მწვერვალს ფოტოგრაფის, გეოლოგისა და მთამსვლელის გურამ თიკანაძის სახელი ჰქვია, მეორე კი ასევე ცნობილი მწერლისა და მთამსვლელის გურამ რჩეულიშვილის სახელს ატარებს.

გურამი რჩეულიშვილი 63 წლის წინ, 1960 წლის 23 აგვისტოს, 26 წლის ასაკში, უცნობი რუსი გოგონას გადასარჩენად შევიდა ზღვაში, ტურისტი გადაარჩინა და თავად დაიხრჩო.

გურამ თიკანაძის ხსენებისას ალბათ მურმან ლებანიძის ერთი ლექსი გაგახსენდებათ: „გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა დაშვებისას მომხდარა, თავი სიმამაცით წაუგია, ვოი, ვო, გურამი მომკვდარა" - ზუსტად 60 წლის წინ, 1963 წლის 27 აგვისტოს შხარიდან დაშვებისას დაიღუპა გურამ თიკანაძე.

ამ სახელების უკვდავსაყოფად დღესაც ადიან ორი გურამის მწვერვალებზე (თიკანაძე და რჩეულიშვილი) მთამსვლელები.

https://www.facebook.com/tinatin.mosiashvili/posts/pfbid02324hkrFjCUoCc53SVgm2z5JKthh2TUAwjPXBhtBAVihUGNvehSqA38Wh7iCjnfFil?notif_id=1693218186653254&notif_t=feedback_reaction_generic&ref=notif

მთაში წასულები აუცილებლად აბობენ ხოლმე იმ ადამიანების ხსოვნის სადღეგრძალოს, ვინც მთაში დარჩა...

რადგან ჩვენი სტატია მთამსვლელ ქალებს ეხება, გეტყვით, რომ ჭაუხში დღესაც იხსენებენ და ალბათ სულ გაიხსენებენ 37 წლის წინ, 1986 წლის 6 ივლისს გურამ თიკანაძის მწვერვალზე შემთხვევით დაღუპულ ხათუნა ალავიძეს. ხშირად დაგვხვედრია სანთლები და მთის ყვავილები მის მემორიალურ დაფასთან.

დამოუკიდებლობის ხიბლი და სირთულეები

საბჭოთა პერიოდში არსებობდა დაფინანსება და ძალიან ბევრი ალპინისტური ექსპედიცია ტარდებოდა. ფინანსდებოდა ალპური კლუბები და ალპინისტური ბანაკები.

ამ პერიოდში მთამსვლელობა, მართლაც, ძალიან პოპულარული სახეობა იყო საქართეველოში.

მანამდეც და 80-იან წლებშიც თანხები იყო საუნივერისტეტო ალპინიადებისთვისაც და ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის ქალი, დადიოდა მთაში: მყინვარწვერი, ჭაუხების მასივი, ხდეს ხეობა, ზესხო, აილამა - ძალიან პოპულარული ადგილები იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ყველა სფეროში, აქაც გაჭირდა დაფინანსების მოპოვება, თუმცა ქართველ მთამსვლელებს გაუჩნდათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისა და საერთაშორისო ექსპედიციებში მონაწილეობის ახალი შესაძლებლობები.

სამბჭოთა კავშირში ძალიან მაღალი იყო კონკურენცია,. მავე დროს ნაკრებების მწვრთნელები ხშირად არ სწყალობდნენ ჩვენს სპორტსმენებს.

1991 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 7 თვეში, რომან გიუტაშვილმა ნეპალში გათხოვილი ქართველი ქალის, თალიკო ყუბუსიძის მიერ შეკერილი საქარათველოს შინდისფერი დროშა პირველად ააფრიალა დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე.

მას შემდეგ ექვსი ექსპედიციით საქართველოს კიდევ 10 წარმომადგენელი ავიდა ჯომოლუნგმაზე (ევერესტზე). ესენი არიან: ბიძინა გუჯაბიძე, ლევ სარქისოვი, აფი გიგანი, ბენო ქაშაყაშვილი, მერაბ ხაბაზი, მამუკა ციხისელი, გია ნემსიწვერიძე, ირაკლი უგულავა, გია თორთლაძე, ავთანდილ ცინცაძე. ზოგი ორჯერ ან სამჯერაც იყო „დედამიწის სახურავზე". ლევ სარქისოვი კი იმ პერიოდისთვის, როცა ავიდა, ყველაზე ასაკოვანი იყო (თუმცა მერე მისი რეკორდი იაპონელმა მთამსვლელმა გააუმჯობესა).


ბიძინა გუჯაბიძე და ლევ სარქისოვი ევერესტზე


ქართველ ევერესტელთა შორის ჯერჯერობით არ არის ქალი.

თუმცა ჰიმალაის მწვერვალებში 6852 მეტრ სიმაღლის მწვერვალი ამადაბლამი დალაშქრული აქვს სოფიო თვარაძეს. ექვსიათასიანი არ არის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ სოფო იყო არარატზეც (5165 მ). არაერთხელ აქვს დალაშქრული კავკასიონისა და ევროპის სხვა მწვერვალები.


სოფიო თვარაძე

ამ დრომდე ქართველი ქალები 8 ათას მეტრზე მაღალ მწვერვალზე არ ყოფილან.

მყინვარწვერზე, კავკასიონის, ალპების და სხვა მწვერვალებზე კი დღესაც ბევრი ქალი დადის.


100 წლის შემდეგ

დღეს 100 წლისთავი შესრულდა მას შემდეგ, რაც გიორგი ნიკოლაძის ჯგუფი და ქალთა პირველი ხუთეული ავიდა მყინვარწვერზე.

ნამდვილად შეიძლებოდა მეტად მასშტაბურად აღნიშნულიყო ეს დღე, შეიძლებოდა და უნდა აღნიშნულიყო კიდეც, თუმცა დღეს საქართველოს ხელისუფება ასეთი ღონისძიებების ჩატარებაზე, სამწუხაროდ, ნაკლებად ზრუნავს, ნაკლებად პოულობს თანხებსაც ალპინიადებისთვის.


ცალკეული ჯგუფები და სხვადასხვა თაობის მთამსცლელები კი ნამდვილად ბევრი იყვნენ მყინვარწვერზე.

ტრადიციულად, თსუ-ს საუნივერსიტეტო ალპინიადა ჰქონდა ერთ-ერთ უხუცეს ქართველ მთამსვლელს, 87 წლის შოთა მირიანაშვილს, რომელიც მასობრივი ასვლებისა და ალპინისტური შეკრებების ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორია. მის ჯგუფში ასევე ტრადიციულად ბევრი ქალი იყო.


„გოგოების თოკი" საიუბილეო ალპინიადაზე, ნინია ჩერქეზიშვილის ფოტოარქივი


გუშინევ, 28 აგვისტოს, მყინვარწვერი დალაშქრა ერთ-ერთმა უხუცესმა ქართველმა მთამსვლელმა, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძემ. როგორც ვიცი, ეს რეკორდია.

„მთავარი არ არის, ბოლომდე ავალთ თუ არა, მთავარია, ბევრი ახალგაზრდა ავიდეს ამ დღეს მყინვრწვერზე", - გვითხრა მან ექსპედიციის დაწყების წინ.

მწვერვალზე იყო ქართველი და უცხოელი ალპინისტების რამდენიმე ჯგუფი.

ჩვენც, ჯგუფიდან „მო-იარე" და კომპანია „თმტური საქართველოდან" ტრადიციული ალპინიადა გვქონდა ჭაუხების მასივში. მთლიანად ბანაკში 28 კაცი ვიყავით. მოყვარული მთამსვლელები და მოლაშქრეები. მწვერვალებზე (მუხაძე, თიკანაძე, რჩეულიშვილი) 15 ავედით (მათ შორის 4 ქალი), უფროსებიც, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.


                                        მწვერვალ თიკანაძისკენ, ზურაბ კვერნაძის ფოტო


სტუდენტები მწვერვალ თიკანაძეზე 


კი, დღესაც დადიან და წარმატებით ლაშქრავენ მწვერვალებს ქართველი ახალგაზრდები.

2022 წელს „ოქროს წერაყინი" - ალპინიზმის ოსკარი" მიიღეს არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა.

დადიან და უნდა იარონ, მაგრამ...

ფეხბურთის არ იყოს, დიდ ფეხბურთში წარმატება და მაღალი შედეგები მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ბავშვთა ფეხბურთი გვექნება მაღალ დონეზე. მთამსვლელობაშიც მაღალი სიმაღლეების დალაშქვრას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ახალგაზრდული მთამსვლელობის განვითარებაზე და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე ვიზრუნებთ.


                                              
                                          დავით ნიკოლაიშვილი და პატარა მთამსვლელები 
ზურაბ კვერნაძის ფოტო

მამუკა მაისურაძე და პატარა მთამსვლელები 


ჩვენ ეს შეგვიძლია.

ქართველ მთამსვლელურ ტრადიციებს თუ გავითვლსწინებთ, გვევალება კიდეც.



ფოტოები აღებულია ივანე ჯაფარიძის, პაატა ვარდანაშვილის, იაგო კაზალიკაშვილის, ნინია ჩარექიშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, ზურაბ კვერნაძის, თინათინ მოსიაშვილისა და  ეროვნული ბიბლიოთეკის  არქივიდან. 


გამოყენებულია ლიტერატურა: 

ივანე ჯაფარიძე „მყინვარწვერიდან ევერესტამდე", 2010 წ. 

ივანე ჯაფარიძის გვერდი, https://www.facebook.com/photo?fbid=3595535203815664&set=pcb.3595551747147343

https://www.facebook.com/profile/100000776582798/search/?q=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E2%80%9E%E1%83%94%E1%83%92%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%20%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%20,


https://1tv.ge/radiomuseum/pirveli-qartveli-mtamsvleli-qali-aleqsandra-jafaridze/


http://feminism-boell.org/ka/2014/06/13/aleksandra-japarize

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

https://nationalgeographic.ge/story/aleqsandra-jafaridze/


https://helloblog.ge/story/aleksandra-japaridze-126?fbclid=IwAR3GPSyWmwB3ekLqlCGwTpzwj5JA8WxnymhNb17Uqsm1_-ExJy8LcMyEAPg


https://www.helloblog.ge/story/alpinism

https://www.amerikiskhma.com/a/georgian-avtandil-tsintsadze-reached-the-top-of-the-8848-metre-everest/4923088.html



 





2 comments:

  1. ვახ თინი რა მაგარია!! ვისიამოვნე <3 მადლობა, მადლობა ამ ინფორმაციების ასე ერთად გაერთიანებისთვის და ამ ემოციებისთვის!! <3

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარია, რომ ალპინიზმის 100 წლის იუბილე ასე საინტერესოდ აღნიშნე, თინათინ. მადლობა, რომ ამდენი საინტერესო მთასვლელის ისტორია გაგვაცანი. მადლობა, რომ ამდენი ახალგაზრდა აზიარე მთის მწვერვალებს.

    ReplyDelete