Friday, September 15, 2023

ქალები ხევსურეთიდან

უგზო, უშუქო და უტელეფონო სოფლები, ძვირდღირებული აჯაფსანდალი და სტუმრისთვის გადანახული გემრიელობები 


ბოლო 30 წელიწადში (მოსახლეობის ბოლო სამი აღწერის პერიოდში) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 75 სოფელი იქცა ნასოფლარად. აქედან დუშეთის მუნიციპალიტეტში - 40.  

2014 წლის აღწერით, საქართველოში 157 სოფელია, რომელშიც 1-5 მცხოვრებია, 98 სოფელში კი 5-10 კაცი ცხოვრობს. ასეთი სოფლების უმეტესობა მთაშია, ძირითადად თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში. 

ასეთ სოფლებში დიდი ფასი აქვს თითო კაცს. 

რა შეუძლია ერთ ადამიანს? 

ასოფლებს და აცოცხლებს სოფელს, მისი წასვლა ან გარდაცვალება  კი ნასოფლარად აქცევს  ხოლმე იქაურობას. 

„ღამით შუქს არ ვაქრობ, დე, დაიწვას ის 2-3 თეთრი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ნასოფლარია", - გვითხრა ერთხელ ვახო ბიძიამ სნოს ხეობის სოფელ ქოსელში. 


                                 


ბევრი ჩინოვნიკის, ჟურნალისტის ან თუნდაც გიდისთვის ხევსურეთი ბარისახო-შატილი-მუცო, ჰა, ჰა, არდოტია. ამ სოფლებამდე უპრობლემოდ მიდის მანქანა (აინშტაინისაც არ იყოს, ყველაფერი და მათ შორის სიტყვა უპრობლემოდ ამ შემთხვევაშიც ფარდობითია). არხოტსა და სხვა სოფლებში იშვიათად თუ დადიან ტურისტებიც.  

პირაქეთა ხევსურეთის ზოგიერთ სოფელში, უფრო ბარისახოსა და შემოგარენში, ზამთარშიც მიხვალთ, მაგრამ პირიქითა ხევსურეთის (შატილის მხარე იქნება თუ არხოტის), სოფლებში სამანქანე გზით მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე გადახვალთ. კავკასიონს გადაღმა მოსახვედრად 2700-3000 მეტრი სიმაღლის დათვისჯვრისა და არხოტის უღელტეხილები უნდა გადაიაროთ. 

                                                 

                                                        ხევსურეთის სოფლები და ნასოფლარები 


დახედეთ ამ რუკას და მითხარით,  რამდენ სოფელში ყოფილხართ? 

ჩვენ უცნობი ხევსურეთის რამდენიმე სოფელზე, იქ მცხოვრებ საოცარ ადამიანებზე და მათ პრობლემებზე მოგიყვებით. 


უგზოდ, უშუქოდ, უტელეფონოდ, უინტერნეტოდ, უხალხოდ დარჩენილ ხევსურულ სოფლებზე.  

„სამი სოფლის ხალხი შევირიბეთ და ათი კაციც არ ვართ", დაწერა შარშან ნინო ბარნაბიშვილმა ფეიბუკის ერთ პოსტში. ნინო პაატასთან ერთად ხახაბოში ცხოვრობს, თუმცა მასზე ცოტა ქვემოთ გიამბობთ. 

 

                                            მე და ორი სოფლის ხალხი ხევსურეთიდან 


***

წელს მეგობრებთან ერთად ძალიან საინტერესო მარშრუტი გავიარეთ: თუშეთიდან კერძოდ, წოვათუშეთიდან ბორბალოს უღელტეხილის გავლით ხევსურეთისეკენ გადმოვედით. 

გზა წოვათადან დავიწყეთ (რეპორტაჟი წოვათას ნასოფლარებიდან ცალკე დავდე) და ხუთი დღე, სანამ ანდაქში არ გადმოვედით, უტელეფონო და უინტერნეტო ზონაში ვიარეთ. ამ მონაკვეთზე აწუნთის მარშრუტისგან განსხვავებით ნიშნულები თითქმის არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ან უფრო სწორად სამივე მხრიდან (თუშეთი, ხევსურეთი და ფშავი) ეროვნული პარკები გვაქვს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, ერთი-ორგან ბევრი ბეძებეთ ბილიკი, თუმცა ჩვენს მარშრუტზე სხვა დროს გიამბობთ. ახლა ხევსურეთის იმ უცნობ სოფლებზე მოგიყვებთ, გზად რომ გავიარეთ. 

 

არჭილო 

ბორბალოდან ხევსურეთისკენ რომ ეშვები პირველი სოფელი არჭილოა. რამდენიმე წლის წინ არჭილოც მიტოვებული იყო. 

წლების წინ მეც დამიწერია, იმ პერიოდისთვის არჭილოს ბოლო მცხოვრებ,ს 32 წლის ბადრი ზვიადაურს ცხენით პროდუქტი მიჰქონდა, ხევში გადავარდა და ვეღარც იპოვეს. 

ასე იქცა არჭილო ნასოფლარად. 

ბოლო დროს კი სოფელში ორი ოჯახი იწყებს დამკვიდრებას. 

ამირან ზვიადაური რეინჯერია და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ამ უბანზე მუშაობს. მანამდე წლები ანდაქში სხვის სახლში ცხოვრობდა და საქონელს უვლიდა. ორი წლის წინ მშობლიურ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. სახლი აღადგინა და სასტუმროსაც აშენებს. 

ამირანი და მისი მეზობელი მამუკა ქვემოთ ანდაქში და ანდაქის გზაზე შეგვხვდნენ. 

რადგან არც არჭილოშია სამანქანე გზა, მამუკა სახლის აღსადგენად საჭირო მასალას ფეხით და ცხენებით ეზიდებოდა. ანდაქიდან მის სახლამდე 4, არდოტის ძირიდან (სადამდეც მანქანა მიდის) კი - 8 კილომეტრი. 

ამირანმაც ასე აზიდა მთელი სამშენებლო მასალა. 15 გზად მაინც აიტანა ჯერ არდოტიდან ანდაქში და მერე ზემოთ. 

ამირანის მეუღლე, სოფლის ერთადერთი ქალი, ციცო, სამწუხაროდ, არ დაგვხვდა. 

„ბარშია, დედაჩემია ცუდად და მას უვლისო, არადა, აქ რომ იყოს, კარგი იქნება, ჯერ მარტო პურის ცხობით და საჭმელის კეთებით დავიღალეო",  გვითხრა ამირანმა. 

არჭილოში თითქმის აღარ გავჩერებულვართ. ქვემოთ დავეშვით. შეძლებისდაგვარად დროულად უნდა გვეთქვა ჩვენებისთვის, რომ კარგად ვიყავით. არჭილოში არც ტელეფონი იჭერს და არც უკაბელო ინტერნეტი აქვთ. 

                                              შარშანდელი სტუმრობა არჭილოში 

„ქვემოთ, ანდაქში, სადაც ვცხოვრობდი, ხომ იცი, იჭერს ინტერნეტი და შეგიძლიათ დარეკოთ", - სიტყვა დაგვაწია ამირანმა. 


ანდაქი და ფოსტა

ანდაქში (და მთელ მიღმა ხევში, ანატორის აკლდამებიდან ზემოთ) ტელეფონი ისევ არ იჭერს, უკაბელო ინტერნეტი კი აქვთ.  

ჩემი თანამგზავრები პირველივე სახლის (ამირანი წლები ცხოვრობდა ახლობლის ამ სახლში) ეზოში ინტენეტის ხიბლით შევიდნენ და კარგა ხანს შერჩნენ, მანამდე, როგორც დავწერე, ოჯახის წევრებთან ხუთი დღე ვერ გავედით ხაზზე. 

მე ტელეფონის დასატენად სოსო ზვიადაურის ციხე-სახლისკენ წავედი.. .


                                               ციხე-სახლი „ანდაქი", ნინო რაზმაზაშვილის ფოტო  

სოსო ზვიდაურმა წლები მოანდომა ამ ციხე-სახლის აღდგენას.  სახლის ნაწილი მე-19, ნაწილი კი მე-20 საუკუნისაა. ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახლია მთელ ხევსურეთში. 

სახლის ნაწილი ისეა მოწყობილი, რომ სტუმრის მიღება შეუძლით, თუმცა უგზოობის გამო აქ ტურისტი ნაკლებად დადის. 

„ჩვენ გუშინ გელოდით. ხომ მშვიდობით იარეთ? რატომ დაიგვიანეთ", - ამ სიტყვებით დამხვდნენ ზვიადაურები.  

სოსო ზვიადაური - ანდაქის მკვიდრი, ყოფილი მესაზღვრე, ჩემი ძველი რესპონდენტია. რამდენიმე წლის წინ გავიცანი მისი მეუღლეც. მაიკო ბარში მყოფ შვილებსა და მთაში მყოფ მეუღლეს შორის ანაწილებს საკუთარ თავს.  


                              მაია და სოსო ზვიადაურები, ფოტო აღებულია ანდაქის ფბ გვერდიდან 


 მაიკო 

„სანამ შენი მეგობრები მოვლენ, მე ხაჭაპურს გამოვაცხობ. გუშინ კეცეულები დაგიცხეთ, მაგრამ სტუმრებმაც შემოგვიარეს და ყველას აღარ გეყოფათ", - გვითხრა მაიკომ. 

„მადლობა, მაგრამ ნუ შეწუხდები-მეთქი", - კი ვთქვი...   

სანამ ჩემი თანამგზავრები მოვინენ, მაიკომ სუფრაც გაგვიშალა. 

5 დღე სუპებზე და კონსერვებზე მყოფებს განსაკუთრებულად გვეგემრიელა შიბუანი (ხევსურეთში ასე ეძახიან ღანძილს) ხაჭაპური და კეცეული. 

მოულოდნელი სუფრის დანახვაზე ჩემს მეგობარ გოგოებს თვალზე ცრემლიც კი  მოადგათ. 

იმ დღეს კიდევ ერთელ გავაცნობიერეთ, რამდენად ძვირფასი კერძია ანდაქში აჯაფსანდალი და როგორი ფუფუნებაა საზამთროთი გამასპინძლება.  

                                             ხევსურული სუფრა, ნინო რაზმაზაშვილის ფოტო 

ასეთ რამეებს მასპინძლები თავად არც ჭამენ, სტუმრისთვის ინახავენ. 

                                               

                                                      მაიკო ჩაჩანიძე-ზვადაური 

ყველს ზვიადაურები მეზობლებისგან ყიდულობენ. მცირე ბოსტანში მაიკოს მწვანილი და ბოსტნეული მოყავს, მაგრამ ძირითადი პროდუქტი მაინც თბილისიდან ააქვთ. 

როგორ?  

ზვიდაურებს მანქანა არ აქვს, ამდენად თუ ვინმე შინაურს არ მიჰყავს,  მაიკო სარეისო ტრანსპორტს უნდა გაყვეს შატილამდე.  

თბილისიდან შატილამდე 150 კილომეტრია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ დადის დიდუბიდან შატილამდე. შატილში მაიკომ ან სოსომ ვინმეს უნდა სთხოვოს და მანქანით ავიდეს არდოტამდე. შატილიდან არდოტამდე 17 კილომეტრია, მერე დაახლოებით 4 კილომეტრი ბილიკ-ბილიკ ფეხით ან ცხენებით უნდა იაროს. ასე უნდა აიტანოს ტვირთიც, პროდუქტი იქნება თუ სხვა რამ. 

არადა, ერთ ასვლაზეც რამდენს აიტანს? 

თან ზამთარში სამყოფი პროდუქტიც ბარიდან უნდა აიტანონ სოფელში (!!!)

                                                            
ბილიკი ორია, ერთი მთაზე ადის, მეორეთი წყალ-წყალ უნდა იარო. 

ახლა აგვისტო იყო, თბილოდა, ჩვენ ისედაც სველები ვიყავით და მდინარეში გატოპვა (დაალოებით 10-12-ჯერ) ვამჯობინეთ, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იზამ, აცივდა უკვე მთაში.  ზამთარში მთის ციცაბო შემოვლითი ბილიკებით დადიან.   

                                                        გზა ანდაქისკენ

„დარჩით დღეს", - შემოგვთავაზეს ზვიადაურებმა. 

მაგრამ არდოტის ძირას მანქანა გველოდა, მადლობა გადავუხადეთ და წავედით. 


გზის გასაყარი  

ანდაქიდან 3 კილომეტრს რომ ჩამოივლით, ნიშნულები შეგხვდებათ. 

                                

ან ნიშნულიდან დაახლოებით 1 კილომეტრში არდოტია. არდოტმდე მანქანა მოდის. ახლა ნიკო თავისი მანქანით სწორედ იქ გველოდა და მუცო-შატილის გზით უკან დავბრუნდით. 


                                                    შატილი, ნინო რაზმაზაშვილის ფოტო 

                                                 

ქვემო ხახაბო და მარუსა დეიდა

გული დამწყდა, მაგრამ ამჯერად ხახაბოსკენ ვეღარ წავედით. 

გზის გასაყარიდან ხახაბომდე 7 კილომეტრია.  

მანამდე ხახაბოს ჭალაში, ანუ ქვემო ხახაბოში, აქედან დაახლოებით 5 კილომეტრში ერთი ოჯახი, უფრო სწორად ერთი ქალი ცხოვრობს - მარუსა წელაური-მინდიკაური. 

                                                                 ქვემო ხახაბო 


მარუსა დეიდა თითქმის 20 წლის წინ გავიცანი, როცა პირველად ვიყავი ამ ხეობაში. მაშინ მისი მეუღლე, ილო პაპაც ცოცხალი იყო. 

79 წლის მარუსა მინდიკაური თავად ფშავიდან არის, რაც გათხოვდა, მთელი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა.  

                                             

                                        

                            მარუსა წელაური - მინდიკაური, ნინო ნარიმანიშვილის ფოტო

„ამ ხევებში ცხენით დავდიოდი, შვილო, შვილებიც დამყავდა და პროდუქტიც დამქონდა. უჰ, რთული დღეები მაქვს გავლილი", - გვიამბობს. 

მთელი ცხოვრება აქ იცხოვრა. ორი შვილი ჩვილობისას მოუკვდა, ოთხი გაზარდა. 

ერთი ამბავი, რომელსაც მარუსა დეიდაზე ვყვები ხოლმე:

ერთხელ ცუდად გახდა და ექიმთან წასვლა გადაწყვიტა, ფეხით ჩაიარა 5 კილომეტრი არდოტამდე, მერე 5 კილომეტრი მუცომდე, მერე 12 კილომეტრი შატილამდე, იქ მიხა ექიმმა გასინჯა, მოეფერა, წამლები მისცა. იმ დღეს შატილში დატოვეს და მეორე დღეს უკან წავიდა ისევ იმავე გზით და ისევ ფეხით... 

ასეთ პირობები, უექიმოდ, უწამლოდ, უგზოდ, უტელეფონოდ (ინტენეტი კი იჭერს ხახაბოში), თითქმის უშუქოდ (სუსტი მზის ბატარიით აქვთ მხოლოდ ელექტრონენერგია) ზამთარში ვეღარ რჩება და შემოდგომით გამარჯვებაში შვილთან მიდის.  

„გზა მოგვცენ, გზა გვჭირდება ხახაბოში, შვილო", - გვეუბნება მარუსა დეიდა. 

წელს ჯერ ვერ შევძელი და შარშან მარუსა დეიდასგან გზა ზემო ხახაბოსკენ, პაატასა და ნინოსკენ გავაგრძელე. 

„იმ დღეს ვლოცავ, როცა ეს გოგო ჩვენს ხეობაში გამოჩნდა", - მითხრა შარშან მარუსა დეიდამ. 


გაცოცხლებული ხახაბო და ნინო 

„ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს და მეც ასე დავიწყებ: ცხრა მთასა და ცხრა მდინარეს იქით ერთი ბიჭი ცხოვრობდა-მეთქი", ვწერდი ორი წლის წინ  როცა მე და ნინო პირველად მოვხვდით ხახაბოში. 

ნინო ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის იტალიურენოვანი გიდი იყო. 


                                            ასე გამოიყურებოდა ხახაბო ორი წლის წინ 

ხახაბოსკენ რომ მიხვიდე, ორი გზიდან ერთი უნდა აირჩიოა: ან არდოტიდან უნდა იარო ფეხით ან ცხენით 7 კილომეტრი. ან მეორე მხრიდან - დათვიჯვრიდან, 12 კილომეტრი.  

მაშინ, ორი წლის წინ, არდოტის ძირას ცხენებით დაგვხვდა პაატა, ცხენებით ავედით ხახაბოში და მერე დათვისჯვრიდან წამოვედით. 


ორი წლის წინ, ზუსტად იმ პერიოდში იქ რომ ვიყავით, დათვისჯვრის მხრიდან სამანქანე გზაც მივიდა ხახაბოში, თუმცა „სამანქანე" ხმამაღალი ნათქვამია, რადგან იქ მხოლოდ ნინო გადადის მანქანით და თან ისე, პაატა წინ რომ მყვება და გზას წმენდს. 

შარშან ამ გზაზე გუბერნატორიც ჩარჩა და პაატას მოუწია ტრაქტორის პოვნაა, მანქანა რომ  ამოეყვანათ.  

ხახაბოშიც, ხევსურეთსი ბევრი სოფლის მსგავსად ელექტროენერგია მხოლოდ მზის ბატარიით აქვთ. აქ არც ტელეფონი იჭერს. სამყაროსთან კონტაქტისთვის მხოლოდ ინტერნეტი აქვთ. შარშან ზამთარში ერთი თვე ინტერნეტიც არ იყო და სანამ არ აღადგინეს, სამყაროს მოწყვეტილებმა იცხოვრეს. 

ერთ დღეს პაატას კბილი ასტკივდა და რამდენიმე დღე იტანჯდა უექიმოდ. ზამთარში სად წავიდოდა. წამლებით და ხალხური მეთოდებით მკურნალობდა ნინო... 


ჩემი პირველი მიახლოებისას, 19 წლის წინ, ხახაბოში რამდენიმე ოჯახი იყო დარჩენილი. მერე ისინიც წავიდნენ... ბოლო წლებში მხოლოდ პაატა იყო ზაფხულობით. მას საქონელი ჰყავდა. ზამთრობით ისიც  ბარში მიდიოდა. 

ორი წლის წინ მისი ცხოვრება შეიცვალა. ზღაპარივით გაგრძელდა ამბვი: ტურისტად ჩასულმა ნინომ გადაწყვიტა, ცხოვრება პაატასთან და ხახაბოსთან დაეკავშირებინა. 

ნინო დარჩა ხახაბოში და არა მხოლოდ ზაფხულში, ორი ზამთარია, პაატასთან ერთად იზამთრებს. ისე რომ 10 კილომეტრის რადიუსში მეზობელიც არ ჰყავს. 

მთელი ხახაბოში შუქი არ ჩაუქრიათ, საქონელს უვლიდნენ და გაზაფხულს ელოდნენ. 


                               ციხე-სახლი „ხახაბო". ასე გამოიყურება ის ძველი ნასახლარი 


ნინომ და პაატამ ერთი ნასოფლარი გააცოცხლეს. საქონელი ჰყავთ, ბოსტანი მოაწყვეს, სახლი-სასტუმრო ააშენეს და მოაწყვეს. 

ანდაქის არ იყოს, ბევრი ტურისტი ჯერ არ დადის, მაგრამ ალაგ-ალაგ ქართველი და უცხოელი სტუმრებიც ჰყავთ. 
 

                                              სტუმარ-მასპინძელი ხახაბოში

შარშან, როდესაც ნინოზე და ამ ხევსურულ ზღაპარზე დავწერე, ასე დავამთავრე, მინდა ეს ხევსურული ზღაპარი ასე დასრულდეს: ხახაბოში დიდხანს ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა ეს ოჯახი. 




P.S. ასეთ ადგილებში ცენტრლური ხელისუფლების კი არა,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იშვიათად დადიან. 

თუ დადიან, საქეიფოდ და ან, სულო ცოდვილო და, სანადიროდ (კი, სამწუხაროდ, მსმენია ასეთ შემთხვევებზეც: დადიან სანადიროდ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დაცული ტერიტორიებია, რეინჯერები ხომ ყველგან ვერ დგანან). 

აგვისტოს ბოლოს არდოტ-ანდაქი-ქვემო ხახაბო და არხოტი პარლამენტარმა ქალებმა - თეონა აქუბარდიამ, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ მოიარეს, მათაც ადგილობრივების მსგავსად ფეხით და ცხენებით იარეს, დარჩნენ ხეობებში და შეხვდნენ ხალხს  და სექტემბრის დასაწყისში პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდეს ხევსურეთში არსებულ მდგომარეობაზე: უგზოობაზე, უსინათლობაზე, უტელეფონობაზე, ხევსურთა გასაჭირზე, ადამიანების გარეშე დარჩენილ სოფლებზე...  როცა ქალებმა საუბარი დაასრულეს... 

„კარგია, საინტერესოდ გაგიტარებიათ ზაფხული" - კლასის დამრიგებელივით თქვა და უნიჭოდ იხუმრასავით პარალამენტის თავმჯდომარე კაცმა (!!!). 

ყველაფერი ხომ ისედაც კარგად ჩანს და ამ ფრაზაშიც გამოჩნდა, როგორ ანაღვლებს ხელისუფლებას ხევსურთა გასაჭირი. 


და მაინც, ისევ ყოჩაღი ხევსურებისა და განსაკუთრებით ქალების იმედი მაქვს, ყველაფრის მიუხედავად მჯერა, ხევსურეთის სხვა სოფლებიც  ხახაბოს მსგავსად ნელ-ნელა გაცოცხლდება.  

ჩვენ კი, ბარში მყოფებს ერთი რამ შეგვიძლია: ხშირად ვიაროთ მთის სოფლებში, გავამხნევოთ იქაურები, ვიაროთ, სანამ მთებში თოვლს ჩამოყრის,  გზა ჩაიკეტება და უპატრონო ქვეყანაში მხოლოდ ღმერთისა და ერთმანეთის იმედად დარჩებიან ხევსურები.   

 



 

 


  










No comments:

Post a Comment