ფოტო აღებულია ივანე ჯაფარიძის არქივიდან
დღეს 11 თებერვალია - ყველაზე დიდი ქართველი მთამსვლელი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღე. ვერის ბაღშიც, ტრადიციულად, მივლენ მთამსვლელები.
ავტორის ფოტო
აქ განისვენებენ ქათული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები: ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდა ჯაფარიძე, სიმონ ჯაფარიძე", - წერია ვერის ბაღში მემორიალ დაფაზე.
ტრაგიკულად დაღუპული ძმების გვერდით დაკრძალულია მათი უფროსი და - ლეგენდარული მთამსვლელი ქალი - ალექსანდრა ჯაფარიძე (1895 - 1974 წ.წ.).
ალექსანდრა დიდ მთამსვლელთან ერთად, დიდი მასწავლებელიც იყო: ძალიან ბევრ მთამსვლელსა და მოლაშქრეს ჯერ კიდევ მაშინდელი პიონერთა სასახლიდან გაუკვალა ბილიკები მწვერვალებისკენ.
ალექსანდრა ჯაფარიძე მასშტაბით პირველ ქართველ მთამსვლელ ქალად შეიძლება ჩაითვალოს (თუმცა ქრონოლოგიურად რამდენიმე ქართველი სტუდენტი ქალი ალექსანდრამდე ავიდა მყინვარწვერზე). ის იყო ქართული და საბჭოთა ალპინიზმის, ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.
ჭიათურის რაიონში სოფელი ხრეითში არსებობს მთამსვლელ და-ძმა ჯაფარიძეების მუზეუმი. ისინი სწორედ ამ სოფლიდან იყვნენ.
ალექსანდრას სახელს ატარებს ხრეითის საჯარო სკოლაც და არც ეს მოხდა შემთხვევით, სოფლის სკოლა სწორედ ალექსანდრას დაარსებულია. ის მაშინ სულ 18 წლის იყო.
ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა ლიდია და ბიჭია ჯაფარიძეების ოჯახში.
8 წლის გოგონა უფროსმა ძმამ, ივანემ, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარა და თავად რუსეთში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად.
„ჩემზე ნუ იდარდებთ, რაც უნდა დამემართოს. მხოლოდ ერთი სურვილი ამისრულეთ: გაყიდეთ ყველაფერი და პატარების აღზრდას მოახმარეთ. ახლა ისეთი დრო მოდის, რომ ადამიანი სწავლის გარეშე არ ივარგებსო", - სწერდა თურმე ვანო მშობლებს. ის პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, საპატიმროში დაავადდა და მალე გარდაიცვალა.
ოჯახმა გაჭირვების მიუხედავად, ალექსანდრას უმცროსი ძმები ალექსანდრე და სიმონიც მიაბარა გიმნაზიაში.
წმინდა ნინოს სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსანდრა ჯერ ლაილაშის, შემდეგ კი ახლადგახსნილი ხრეითის სკოლის მასწავლებელი ხდება.
ფოტო აღებულია ივანე ჯაფარიძის არქივიდან
ალექსანდრას უკვე ჰქონდა მათემატიკის მასწავლებლობის გამოცდილება, როცა 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად დაიწყო მუშაობა გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.
1923 წლის 28 აგვისტოს გიორგი ნიკოლაძის ინიციატივით პირველი ქართული ექსპედიცია ადის მყინვარწვერზე. ნიკოლაძის 18 კაციან ჯგუფში ძირითადად სტუდენტები არიან, აქედან 5 ქალია (მარო ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე და ლიდა ჩხეიძე).
რამდენიმე დღის შემდეგ, 3 სექტემბერს, უკვე მეცნიერთა ჯგუფი ლაშქრავს მწვერვალს. ექსპედიციას, რომელსაც სპორტულის გარდა, სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვს, ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე დიდებულიძე უდგას სათავეში. მეცნიერთა ჯგუფში ერთადერთი ქალია - ალექსანდრა ჯაფარიძე.
„მშვენიერი ამინდია. არც ერთ ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ... გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, იშვითად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ის ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა... მე ახლა ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლისას.
მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურები მისკენ"
ამ პერიოდიდან იწყება ალექსანდრას გატაცება მთამსვლელობით და არც შემდეგ უღალატია მთებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილიც იწვნია მთებში.


