Wednesday, February 10, 2021

ალექსანდრა ჯაფარიძე - ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალი


ფოტო აღებულია ივანე ჯაფარიძის არქივიდან

დღეს 11 თებერვალია - ყველაზე დიდი ქართველი მთამსვლელი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღე. ვერის ბაღშიც, ტრადიციულად, მივლენ მთამსვლელები.


ავტორის ფოტო

აქ განისვენებენ ქათული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები: ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდა ჯაფარიძე, სიმონ ჯაფარიძე", - წერია ვერის ბაღში მემორიალ დაფაზე.
ტრაგიკულად დაღუპული ძმების გვერდით დაკრძალულია მათი უფროსი და - ლეგენდარული მთამსვლელი ქალი - ალექსანდრა ჯაფარიძე (1895 - 1974 წ.წ.).
ალექსანდრა დიდ მთამსვლელთან ერთად, დიდი მასწავლებელიც იყო: ძალიან ბევრ მთამსვლელსა და მოლაშქრეს ჯერ კიდევ მაშინდელი პიონერთა სასახლიდან გაუკვალა ბილიკები მწვერვალებისკენ.

ალექსანდრა ჯაფარიძე მასშტაბით პირველ ქართველ მთამსვლელ ქალად შეიძლება ჩაითვალოს (თუმცა ქრონოლოგიურად რამდენიმე ქართველი სტუდენტი ქალი ალექსანდრამდე ავიდა მყინვარწვერზე). ის იყო ქართული და საბჭოთა ალპინიზმის, ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.

ჭიათურის რაიონში სოფელი ხრეითში არსებობს მთამსვლელ და-ძმა ჯაფარიძეების მუზეუმი. ისინი სწორედ ამ სოფლიდან იყვნენ. 

ალექსანდრას სახელს ატარებს ხრეითის საჯარო სკოლაც და არც ეს მოხდა შემთხვევით,  სოფლის სკოლა სწორედ ალექსანდრას დაარსებულია. ის მაშინ სულ 18 წლის იყო. 


ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა ლიდია და ბიჭია ჯაფარიძეების ოჯახში. 
8 წლის გოგონა უფროსმა ძმამ, ივანემ, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარა და თავად რუსეთში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 

„ჩემზე ნუ იდარდებთ, რაც უნდა დამემართოს. მხოლოდ ერთი სურვილი ამისრულეთ: გაყიდეთ ყველაფერი და პატარების აღზრდას მოახმარეთ. ახლა ისეთი დრო მოდის, რომ ადამიანი სწავლის გარეშე არ ივარგებსო", - სწერდა თურმე ვანო მშობლებს.  ის პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა  რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, საპატიმროში დაავადდა და მალე გარდაიცვალა.   

ოჯახმა გაჭირვების მიუხედავად,  ალექსანდრას უმცროსი ძმები ალექსანდრე და სიმონიც მიაბარა გიმნაზიაში. 

წმინდა ნინოს სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსანდრა ჯერ ლაილაშის, შემდეგ კი ახლადგახსნილი ხრეითის სკოლის მასწავლებელი ხდება. 
                                       
ფოტო აღებულია ივანე ჯაფარიძის არქივიდან

ალექსანდრას უკვე ჰქონდა მათემატიკის მასწავლებლობის გამოცდილება, როცა 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად დაიწყო მუშაობა გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. 

1923 წლის 28 აგვისტოს გიორგი ნიკოლაძის ინიციატივით პირველი ქართული ექსპედიცია ადის მყინვარწვერზე. ნიკოლაძის 18 კაციან ჯგუფში ძირითადად სტუდენტები არიან, აქედან 5 ქალია (მარო ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე და ლიდა ჩხეიძე). 
რამდენიმე დღის შემდეგ, 3 სექტემბერს, უკვე მეცნიერთა ჯგუფი ლაშქრავს  მწვერვალს. ექსპედიციას, რომელსაც სპორტულის გარდა, სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვს, ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე დიდებულიძე უდგას სათავეში. მეცნიერთა ჯგუფში ერთადერთი ქალია - ალექსანდრა ჯაფარიძე. 

„მშვენიერი ამინდია. არც ერთ ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ... გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, იშვითად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ის ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა... მე ახლა ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლისას. 
მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურები მისკენ" 

ამ პერიოდიდან იწყება ალექსანდრას გატაცება მთამსვლელობით და არც შემდეგ უღალატია მთებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილიც იწვნია მთებში. 

                                                         

ალექსანდრა ჯაფარიძეს შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე, აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასვლები მყინვარწვერზე (1923 წ.). თეთნულდზე (1930 წ.), უშბაზე (1934 წ.), დიხთაუ (1950 წ.), ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდი ტრავერსი.
ალესანდრას სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვებულის აღმოჩენაც.




                                             

ალექსანდრას გზას დაადგნენ მისი უმცროსი ძმებიც: სიმონი და ალექსანდრე.

1929 წელს სიმონი თეთნულდზე დაიღუპა. 
1930 წელს ალექსანდრა და ალექსანდრე ძმის ხსოვნის საპატივსაცემოდ ავიდნენ მწვერვალზე. ეს ქალის პირველი ასვლა იყო თეთნულდზე. 


ასევე საგანგებოდ აღსანიშნავია 1934 წლის ასვლა უშბაზე. ოთხკაციან ექსპედიციაში ალექსანდასთან ერთად იყვენენ: ალიოშა ჯაფარიძე, გიორგი ნიგურიანი, იაგორ კაზალიკაშვილი.  მთამსვლელებს მაშინ ჩამოაღამდათ, როდესაც მწვერვალამდე სულ 200 მეტრი იყო დარჩენილი. იმ ადგილას ღამისთევას მხოლოდ ერთი ადამიანი თუ შეძლებდა, თანაც ნახევრად დამჯდარი. კაცებმა ყოყმანი დაიწყეს. ალექსანდრამ მიიღო გადაწყვეტილება და დარჩა, ნაბდით თოკში დაკიდებული. 
მამაკაცებს მწვერვალზე ასვლა რომც გადაეფიქრებინათ, ქალს ზემოთ მარტოს ხომ არ დატოვებდნენ. მეორე დღეს ოთხივე მთამსვლელი ავიდა მწვერვალზე. ალექსანდრა იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბაზე ფეხი შედგა. 

ალექსანდე ჯაარიძე სწორედ უშბაზე დაიღუპა. 


                                       

                                ფოტო აღებულია ივანე ჯაფარიძის არქივიდან


მწვერვალებმა ბევრი ტკივილი აგემა, მაგრამ მწვერვალებს უკავშირდებოდა ამ ლეგენდარული ქალის  სიყვარული და წარმატება. 

რაც მთავარია, მწვერვალებისკენ სვლა და ქვეყნის სიყვარული ასწავლა არაერთ ახალგაზრდას.  



                                                       
               ფოტოები აღებულია ივანე ჯაფარიძისა და  ეროვნული ბიბლიოთეკის  არქივიდან. 


„ჩვენი ცოცხალო ლეგენდავ! ძვირფასო ალექსანდრა! მრავალი ქალის როლი განმისახიერებია ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ ნამდვილად გამიჭირდებოდა მეთამაშა ისეთი ქალის როლი, რომელშიც ისე იქნებოდა ქალური სინახე და დიდი ვაჟკაცობა შერწყმული, როგორც ეს თქვენშია", - ასე მიმართა ვერიკო ანჯაფარიძემ ალექსანდრა ჯაფარიძეს დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე. 

საქართველოში გვყავს ქალები, რომლებმაც გაცილებით მაღალი სიმაღლეებიც დალაშქრეს, 8 ათასიანებსაც შეეჭიდნენ (მათზე სხვა დროს), მაგრამ ალექსანდრა ჯაფარიძე მაინც ყველა დროის ლეგენდარულ მთამსვლელ ქალად რჩება. 



მასალები ამ თემაზე: 

ივანე ჯაფარიძის გვერდი, https://www.facebook.com/photo?fbid=3595535203815664&set=pcb.3595551747147343

ივანე ჯაფარიძე „მყინვარწვერიდან ევერესტამდე", 2010 წ. 


http://feminism-boell.org/ka/2014/06/13/aleksandra-japarize


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94


https://nationalgeographic.ge/story/aleqsandra-jafaridze/


https://helloblog.ge/story/aleksandra-japaridze-126?fbclid=IwAR3GPSyWmwB3ekLqlCGwTpzwj5JA8WxnymhNb17Uqsm1_-ExJy8LcMyEAPg



No comments:

Post a Comment