Friday, August 23, 2024

არჩევნები და სპორტსმენები ანუ ტატამიდან პარლამენტამდე

ახლა ჩავხედე ოცნების სიას თბილისში (სხვა ჯერ არ მინახავს).
გვარებს არ დავასახელებ და
ძირითადად სპორტსმენები არიან.
ჰოდა, სპორტსმენებო, ძვირფასებო, შეგვარგეთ თქვენი სიყვარული!!!
კარგი სპორტსმენი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვაში ერკვევი და ქვეყნისთვის კარგ გადაწყვეტილებებს მიიღებ!
რა დროსაც თქვენ სპორტს უთმობთ, ჩემპიონები რომ გახდეთ, ჩვენ, ჩვეულებრივი, არაჩემპიონი მოკვდავნი მაგ დროს სხვა რაღაცებს ვსწავლობთ. ვსწავლობთ ლამის მთელი ცხოვრება.
ნახეთ, თქვენმა პოპულარობამ შეიძლება ბრიყვ (დიახ, ასე ვიტყვი) ამომრჩეველს არჩევანი თქვენ სასარგებლოდ გააკეთებინოს!!!
კი, თქვენთვისაც პატივია, პარლამენტარობა, კაბინეტი, მანქანა, მაგრამ „პატივისგან მეშინისო",...

იქ, სადაც ხართ ან იყავით, ჩემპიონები ხართ (რისი ჩემპიონიც გინდა იყოთ), აქ კი სიის დასამშვენებლად სჭირდებით, პოლიტიკოსები შემოეცალნენ მმართველ გუნდს და პოპულარულ სახეებს ეძებენ, რომ მოხვალთ, მეც და სხვა ჟურნალისტებიც შეკითხვებს დაგისვამთ. ან სულ მდუმარედ უნდა იყოთ, ან რამე არასწორი თქვათდ და ჩვენ დავწერთ. რაც გეპატიებათ ახლა, არ და ვერ გაპატიებთ პოლიტიკოსობისას.

ქვეყანას წინსვლა სჭირდება, წესიერი, განათლებული ადამიანები გვჭირდება ხელისუფლებაში: სამართლის, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და უამრავი სხვა სფეროს მცოდნე ღირსეული მოქალაქეები!

ბევრ საკითხზე თქვენ არც გიფიქრიათ. დროც არ გექნებოდათ ამაზე საფიქრალად.
ახლა მაგალითად ვწერ სტატიას: კლიმატის ასეთი ცვლილების ეპოქაში ჩვენც სწორი გადაწყევილებები უნდა მივიღოთ, რომ ბევრი რამ გადარჩეს, გულზე ხელი დაიდეთ და კიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებზე, ადაპტაციის გეგმაზე, მწვანე წარმოებაზე გიფიქრიათ რომელიმეს? თქვენ კი არა გარემოს დაცვის მინისტრს არ უფიქრია.
ხშირად პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან თანამდებობებზე.
ერთხელ გარემოს დაცვის ერთმა მინისტრმა მითხრა: რა მაკავშირებს ამ სფეროსთან და ჩემი მეგობრები მუშაობდნენო (!)
მეორემ: სანამ მინისტრი არ გავხდი, არასოდეს მიფიქრია ნარჩენი სად მიჰქონდათო.
მესამემ, სხვა სფეროს მინისტრმა კიდევ (გვარს კიდევ არ დავასახელებ, ამბობენ, რომ ეკონომიკა იცის): ბიდარას ჩამოშლილს ტრავერტინს (ტრაქტორმა ჩამოჭრა) ინვესტორი აღადგენსო.
ეს რაც უცებ გამახსენდა და იბიარდებიდა და სხვა სისულეეების შესახებ, თქვენც უნდა გქონდეთ გაგონილი.

ქვეყნისა და მისი რეგიონების, თბილისის, სხვა დიდი თუ პატარა ქალაქების, სოფლებისა და მათი პრობლემების ცოდნა გჭირდება!
ცხადია, პოლიტიკაში სპორტსმენის ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ორი-სამი სპორტსმენი პარლამენტშიც შეიძლება მუშაობდეს სპორტის აქტუალურ საკითხებზე, მაგრამ,
მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ!
მიყვარდა და პატივს ვცემდი ჩემპიონ ზვიადაურს, ძალიან, ძალიან გამახარა მისმა წარმატებამ, მისმა ოქრომ... მაგრამ იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი პოლიტიკოს ზვიადაურზე (ჩემი ხევსურებიც გავანაწყენე ერთხელ).
შეიძლება მომწონდა ან არ მოწონდა ფეხბურთელი კალაძე (ისე მისი ორი გოლიც სულ მახსოვს საკუთარ კარში), მაგრამ ახლა ის უტიფრობის ეტალონია!
ეს იცის ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ!
მადლობა გამწვანებისთვის (კი, ბატონო ვხედავ), მაგრამ ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა,.. დაუსრულებელი პროექტები, შეუსრულებელი დაპირებები... მარტო მეტრო „ვარკეთილისა" და ვაკის შადრევნის გამო აღარ უნდა იყოს იმ ადგილას!
სექტემბერში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული რომ უნდა გავაახლო, უკვე ძალიან მაფიქრებს.
მანამდეც მიფიქრია, მაგრამ თურმე ფეხის მცირე ტრავმაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე, როგორ არ გვაქვს სათანადო ინფრასტრუქტურა. როგორ არ არის ადაპტირებული ჩვენი შენობები, ტრანსპორტი...
რა ძვირია ტაქსი! როგორ ცუდად დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მოკლედ, სპორტსმენებო, შეგვარგეთ რა თქვენი სიყვარული!
მეიმედება თბილისელი ამორჩევლის უმეტესობა!
მხოლოდ ფეხბურთის, რაგბის და ჭიდაობის (შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ, მიყვარს თითოეული თავისი წარმატებით თუ წარუმატებლობით)
ჩემპიონები და პროფესიონალებიც კი ვერ მიიღებენ ამ ქალაქისა და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს!
იმ სიიდან არც ერთმა თქვენგანმა ჩემზე უკვეთ არც ქვეყანა იცით, არც - ქალაქი,
ვერც ერთს ვერ გხედავთ, ამ ქალაქის პრობლემებს რომ მოერევით.
„ოცნებას" ხომ ისედაც არ ვუჭერ მხარს (კი, ღიად ვაცხადებ)
და თქვენც რატომ უნდა მოგცეთ ხმა?
როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება, სანამ პოლიტიკა უსაქმურთა თავშესაფარი იქნება. მე რომ ოთხ სამსახურში მაქვს (სკოლა, უნივერსიტეტები და რა ვიცი კიდევ) იმაზე გაცილებით მეტს იღებს ერთი უსაქმური პარლამენტარი, ან ყავის ჭიქის გადამტრიალებელი ჩინოვნიკი (ყველას არ ეხება, ცხადია), ასეთი ძალიან ბევრი გვყავს.
განსაკუთრებით მაშინ, თუ მმართველ პარტიას შეეკვრები.
სხვებს ჯერ ვერ აქვთ ხოლმე მსგავსი ფუფუნება.
აი, ამიტომაც არ უნდა იყოს ერთი პარტია ორ ჯერზე მეტად ხელისუფლებაში და 12 ან 16 წელი უკვე მეტისმეტად ბევრია. კრებითი კალაძეები ხდებიან!
იმედია, სხვა პარტიები მაინც დაასახელებენ გონიერ და განათლებულ კანდიდატებს თბილისშიც და სხვაგანაც.
პ,ს. ლაშა ტალახაძე, შენი ჭირიმე, არ მოინდომო რა პოლიტიკოსობა. შემარგე შენი სიყვარული.
რაც ამ ოლიმპიადაზე მე შენზე ვინერვიულე. ოქროზე იმდენი არა, რამდენიც შენს ჯანმრთელობაზე.
ძალოსნობის უმაგრესი ცენტრები გააკეთე, სასტუმრო იყიდე, რამე აწარმოე.... რამე სხვა ბიზნესი დაიწყე.
ფული რომ გაქვს საჩხერეში, თბილისში თუ სხვაგან უამრავი მაგარი რამის გაკეთება შეიძლება.
ოღონდ პოლიტიკოსი ლაშა ტალახაძე არ მაგინებინო რა, გთხოვ.
ეს ეხება ლაშა შავდაშუაშვილს, ვარლამ ლიპარტელიანს და ყველა სხვა სპორტსმენს.ლა რეაქცია:

Tuesday, July 23, 2024

როგორ იქცა ნაგავსაყრელი „ჰალდე ჰოჰევარდის" პარკად

 ცოტა რამ გეოგრაფიიდან 

რურის რეგიონი (გერმანულად Ruhrgebiet)ყველას კარგად გვახსოვს სასკოლო გეოგრაფიის კურსიდან. რური, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის მხარეში მდებარეობს,  ქვანახშირის საბადოებით არის ცნობილი.

რურში ქვანახშირის მოპოვება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, რამდენიმე წლის წინ კი ბოლო მაღარო დაიხურა.  ახლა გერმანიაში მხოლოდ ორგან მოიპოვებენ ქვანახშირს, ერთი საწარმო კიოლნის ახლოსაა და მეორე - აღმოსავლეთ გერმანიაში.

რური ერთ-ერთი ყველაზე მაღალურბანიზებული არეალია მსოფლიოში. სწორედ რურში მდებარეობს გერმანიის ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორიცაა: დუისბურგი, დორტმუნდი, ესენი, ბოხუმი, გელზენკირჰერიც (ევროპის  ჩემპიონატიდან ამ ქალაქსაც ვიცნობთ).


რა ბედი ეწია ყოფილი ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოებს?

დღეს, კლიმატის ცვლილების ასეთ პირობებში, აქტივისტები საუბრობენ, რომ თანდათან უნდა შეწყდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მით უმეტეს ქვანახშირის მოპოვება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი წარმოებაა. 


ივნისში გარემოსდაცვით თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ტრენინგში ძირითადად ყოფილი საბჭოეთის წარმომადგენები, ან ემიგრაციაში წასული ჩვენი კოლეგები ვმონაწილეობდით. საქართველოშიც და ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნებშიც ბევრი საწარმო  თუ მაღარო მიტოვებულია ან ნაგავსაყრელად არის ქცეული. 




ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა გვენახა ჰალდე ჰოჰევარდის  (Halde Hoheward) ლანდშაფტური პარკი.

თავიდან ჰერტენში მივდივართ, საწარმოს ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში.




„ცოტა ვიჩქაროთ, გერმანული კანონებით, მძღოლმა ოთხსათიანი სიარულის შემდეგ უნდა დაისვენოს“, - გვეუბნებიან ორგანიზატორები.  ჰერტენი ბონიდან დაახლოებით 1.5 - 2 საათის სავალეა, მძღოლმა ბონში ჩამოგვაკითხა და წაგვიყვანა, ანუ ოთხი საათი ხდება, რაც მოძრაობს და უნდა შეისვენოს.

„ეს მთა, რომელსაც თქვენ წინ ხედავთ,  ხელოვნურია,  წლების განმავლობაში საწარმოს ნარჩენებს - მიწას, ქვას, ღორღს, რომელიც ქვანახშირს მოჰყვებოდა, აქ აგროვებდნენ. სწორედ  ნარჩენებმა წარმოქმნა მთა“ - გვეუბნება დენის პულიმიტატუ. ის  გეოგრაფია და ლანდშაფტების აღდგენაზე მუშაობს, ჩართული იყო ჰოჰევარდის პარკის გეგმარების პროცესშიც..,




როგორც გვეუბნებიან, ჰოჰევარდი და ჰოპენბრუჰი - ყველაზე დიდი საწარმოო ნარჩენების გროვები იყო ევროპაში.

ჰოჰევარდი ქალაქებს - ჰერტენსა და რეკლინსჰაუზენს შორის მდებარეობს.

ჰერტენი ზღვის დონიდან 75 მეტრზეა, მთის სიმაღლე კი 140-150 მეტრია.

მთისკენ მივდივართ. ჯერ მანქანით, მერე - ფეხით. პარკი დაქსელილია საფეხმავლო და ველობილიკებით. ექსკურსია დაახლოებით საათ-ნახევარს გასტანს და მცირე საგზალიც მიგვაქვს. შაბათია და ბილიკებზე ფეხით თუ ველოსიპედებით მრავლად გვხვდებიან დამსვენებლები.


   


გიდობას ბატონი მანფრედი გვიწევს. ის ადრე ამ საწარმოში მუშაობდა, თანამშრომლების გადამზადების პროგრამებს ხელმძღვანელობდა, ახლა პენსიონერი და მოხალისე გიდია. შაბათობით ყველა გიდი არც მუშაობს.  

ბატონი მანფრედი გვიყვება პარკის გაშენების ამბებს. გვაჩვენებს მზის საათსა და ცის (ჰორიზონტის) ობსერვატორიას - მხატვრულ ინსტალაციას, რომელიც დედამიწის მოდელსა და ეკვატორს განასახიერებს (ბოლომდე დასრულებულიც არ არის).


                      



მონუმენტები 2008 წელს დაიდგა.

„დაგავიწყდა საათი, არ იდარდო, აქ შენ შეგიძლია საათისა და მობილური ტელეფონის გარეშე ობელისკიდან მზის ჩრდილების მიხედვით დაადგინო საათი და სეზონიც კი.


   


                                 

ასევე აღმოაჩინოთ ჰორიზონტის ობსერვატორია, რომელიც ისტორიამდელი ქვის წრეების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ისეთივეს, როგორიც სტოუნჰენჯია“, - წავიკითხეთ ერთ-ერთ სარეკლამო გვერდზე.

https://www.hoheward.rvr.ruhr/en/

ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები ხელოვნურად არის გაშენებული: ქვა-ღორღი ჯერ მიწითა და ნიადაგით დაფარეს, მცენარეები ისე დარგეს.









ქარია. მთაზე დიდხანს ვეღარც ვჩერდებით. ვბრუნდებით ჰერტენში. ბატონ მანფრედს ვემშვიდობებით.

დაბლობზე გაშენებული ქალაქისთვის ეს მთა თავისი პანორამული ხედით მშვენიერი სასეირნო და დასასვენებელი ადგილია. 

ვფიქრობ, მზის საათი და ობსერვატორიაც კარგი ადგილი იქნება ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, გერმანელი მასწავლებლები ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ.









„ყოფილი საწარმო დღეს რეგიონულ ტურისტულ ცენტრად არის ქცეული. ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვნახეთ. მაღაროს სივრცეები საგამოფენო დარბაზებად არის გადაკეთებული.  აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა ფესტივალი“,  - გვიამბობს დენისი.

ჟურნალისტები სოციალური საკითხებითაც ვინტერესდებით: სად წავიდნენ თანამშრომლები? როგორც გვეუბნებიან, მაღაროში 4 ათასამდე კაცი მუშაობდა. ვინც საპენსიო ასაკის იყო, პენსიაში გავიდა, სხვებს ხელისუფლებამ გადამზადების პროგრამები შესთავაზა და უმეტესობა სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული.

Tuesday, July 16, 2024

მიწის დამცველი გმირები


17 ივნისი  გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.  

30 წლის წინ, 1994 წლის 17 ივნისს პარიზის კონფერენციაზე მიიღეს  გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენცია.მას მერე გარემოსა და მიწის დამცველები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეისათვის კონვენციას 197 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს.      

წელს მთავარი ღონისძიება ბონში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხატვრო-საგამოფენო ცენტრში (ბუნდესკუნსტჰალეში) გაიმართა. კონვენციის სამდივნოც ბონში, გაეროს ოფისში მდებარეობს. 

„გაერთიანებულნი დედამიწისთვის: ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენი მომავალი“ - ასეთი იყო ღონისძიების დევიზი. 




ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო მიწის დამცველი გმირების დაჯილდოება. Land Heroes - ანუ მიწის დამცველი გმირები - ეს ტიტული ­მიანიჭეს 10 ახალგაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი უმეტესობა ქალია.



                     

ჩვენ მათთან შეხვედრის საშუალება გვქონდა. 


ალიონა ისაკი მოლდოველი გეოგრაფ-კლიმატოლოგია, ალონა ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია, მათ შორის უნდა აღინიშნოს ხეების დარგვის აქციები.

„მისი აქციების შესახებ ჩვენს გადაცემებშიც არაერთხელ გვისაუბრია. ამ ყველაფერს ალიონა იმიტომ კი არ აკეთებს, რომ გმირის წოდება მიეღო, ეს მისი ცხოვრების წესია“, - გვეუბნება მოლდოველი ჟურნალისტი ალექსანდე ნისტირიუკი.

ბეატრის  აზევედო დე არაუჟო ეკოლოგ-იურისტია ბრაზილიიდან, სეარას შტატიდან. სიერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბრაზილიის ზეგანზე  მდებარეობს.  რეგიონისთვის აქტუალურია გვალვა და მიწის დეგრადაციის საკითხი. ბეატრისის ორგანიზაცია ცდილობს,  ენერგეტიკული პროექტები ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს და შეიქმნას „მწვანე“ სამუშაო ადგილები.

ასტრიდ პერაზე - ინჟინერ-მასალათმცოდნე, კლიმატური და გენდერული აქტივისტი კოსტა-რიკიდან. ის იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. ცდილობს ხელი შეუწყოს მათ, გახდნენ ცვლილებების შემომქმედნი.   

ლინა პიკხარდტი - გერმანიაში ნიადაგების დეგრადაციისა და გარეული ცხოველების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის. ლინამ საინტერესო გზა გაიარა გარემოსდამცველი მოხალისეობიდან ნიადაგის აღდგენის პროექტების ხელმძღვანელამდე.

როკიატუ ტრაორე  მეწარმეა მალიდან. ის იბრძვის კლიმატის ცვლილებისა და  სიღარიბის წინააღმდეგ, იბრძვის, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო საკვებ პროდუქტებზე. როკიატუს სოციალური საწარმო „ჰეროუ ალიანსი“ ქალებსა და ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.  

მაროკოელი მანალ ბიდერი - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტია, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „მაროკოს რეგიონული ახალგაზრდული მთავრობა“. ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში  გვალვის, გაუდაბნოები წინააღმდეგ იბრძვის. საერთაშორისო პროექტების დახმარებით ასევე ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი ფენების შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისა და მიწის რესურსების შენარჩუნების საქმეში.

ფილიპინელი ბილი დუმალიანგი მასუნგის ნაკრძალის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორია. ორგანიზაცია მანილის შემოგარენის კარსტული რელიეფის დაცვაზე ზრუნავს და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

გრეის მანი ფოკამი -  ახალგაზრდული არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის „ფოლიო ტექნოლოგიის“ დამფუძნებელია. ორგანიზაცია კლიმატური კრიზისის პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

„ფოლიონეტი“ (FoliaNet) - ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც ავლენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებს.

ზიმბაბველმა ტაკუზბა ეშლი მლამბომ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის  მილიარდი ხე დარგოს, რაც 2.5 მილიონი ჰექტარი დეგრადირებული მიწის აღდგენას გამოიწვევს.

ინდოელი სიდხეშ საკორე  მამის მსგავსად ფერმერია. მოჰყავს ბრინჯი, ბოსტნეული კულტურები, ხილი. სიდხეშმა დააფუძნა კომპანია „აგრორეინჯერები“ და  ინოვაციური აგრომებაღეობისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის  შესახებ კონსულტაციებს სთავაზობს მცირე და დაბალშემოსავლიან ფერმერებს. 

„მილიარდზე მეტი ახალგაზრდის ცხოვრება განვითარებად ქვეყნებში დამოკიდებულია მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ლიდერებისა და ნოვატორების როლი განსაკუთრებლია მიწის გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდების ჩართვას ამ პროცეში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ეს კი ეკონომიკის წინსვლასა და ეკოლოგიურ მდგრადობას შეუწყობს ხელს", - ამბობს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის სამდივნოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონის ოფიცერი ნადეჟდა დემენტიევა.

https://www.unccd.int/ru/news-stories/press-releases/global-call-lands-sustainable-future

ამ ახალგაზრდების ნაწილს უფრო ახლოსაც გაგაცნობთ. 

გამოყენებულია თინათინ მოსიაშვილისა და /www.unccd.int-დან აღებული ფოტოები 




 



  



მიწა, რომელიც შვილიშვილებისგან ვისესხეთ

ყოველ წამში დედამიწაზე ოთხი საფეხბურთო მინდვრისხელა მიწის ფართობი იკარგება

თინათინ მოსიაშვილი

მაშინ როდესაც ევროპისა და მსოფლიოს ყურადღება გერმანიის საფეხბურთო მწვანე მინდვრებისკენ არის მიმართული, ასევე გერმანიაში, ბონში ცოტა ხნით ადრე გარემოსდამცველებმა მიწისა და მწვანე მინდვრების შენარჩუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამყაროს.      

ყოველწლიურად მსოფლიო კარგავს 100 მილიონ ჰექტარ მიწის რესურსს, რომ წარმოვიდგინოთ, ეს ეგვიპტის ფართობის ტოლი ტერიტორიაა. კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს შედარება, ისევ ფეხბურთი მოვიშველიოთ, ყოველ წამში ოთხი საფეხბურთო მინდვრის ეკვივალენტი მიწის ფართობი იკარგება.   


                                                  Humayma Desert, Jordan

ფოტო აღებულია ვებგერდიდან https://www.milleworld.com/the-most-scenic-football-pitches-in-the-region/




მიწის რესურსისა და მიწის პროდუქტიულობის დაკარგვა, თავის მხრივ, განაპირობებს სურსათის დეფიციტს, საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, წყლის ხელმისაწვდომობასა და ეკოსისტემის მდგრადობას. ასევე იწვევს: მოუსავლიანობას, სიღარიბეს, მიგრაციებს... თანხებში რომ გადავიყვანოთ, ამ მიზეზების გამო მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად 7 მილიარდი დოლარის ზარალს განიცდის.

17 ივნისი  გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.  30 წლის წინ, 1994 წლის 17 ივნისს პარიზის კონფერენციაზე მიიღეს  გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენცია. მას მერე გარემოსა და მიწის დამცველები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეისათვის კონვენციას 197 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს.     

'

                                     

წელს მთავარი ღონისძიება ბონში გაიმართა. კონვენციის სამდივნო ბონში, გაეროს ოფისში მდებარეობს. 

„გაერთიანებულნი დედამიწისთვის: ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენი მომავალი“ - ასეთი იყო ღონისძიების დევიზი.




                                

ამ დღეს შირაქში ან სადმე ისეთ ადგილას ვარ ხოლმე საქართველოში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას მიწის რესურსების დაცვის საკითხი.  შირაქს ხომ  საქართველოს ბეღელს უწოდებენ და ამ მხარეში ნაყოფიერი ნიადაგების შენარჩუნებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მიწის დეგრადაციის თემა საქართველოსთვისაც აქტუალურია, თუმცა ამჯერად გლობალურ საკითხებს დავუბრუნდეთ.


„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაყოფიერი ნიადაგი, უსაფრთხო საკვები და სუფთა წყალი. ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამ საქმეში ჩავრთოთ ახალგაზრდებიც, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა განაპირობოს მათი უკეთესი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა მისალმებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.



გაუდაბნოება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონს ეხება.  

კონვენციის მიზანია ქვეყნებმა, რომლებიც სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას განიცდიან, ეფექტური ზომები მიიღონ, დაზარალებული რაონებისთვის გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაონ.

 

საჰელის პრობლემა და კონვენციის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი 

„მიწის მომავალი - ჩვენი პლანეტის მომავალია. 2050 წლისთვის დედამიწაზე 10 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს და მათი მომავალი განპირობებული იქნება ამ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი რესურსით. არადა, დეგრადირებულია მსოფლიო მიწის ფონდის 40%“, - აღნიშნა გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა იბრაჰიმ ტიაუმ. ის აფრიკიდან არის, მავრიტანიიდან.  

„მიწის დეგრადაციასთან ბრძოლა ჩემთვის, როგორც სფეროს პროფესიონალისთვის არ არის მხოლოდ გამოწვევა, ეს ჩემთვის ღრმა პიროვნული საკითხია: 1972 წელს ჩემი მშობლიური მხარე საჰელის რეგიონში სერიოზული და მრავალმხრივი ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დადგა“, - ამბობს ტიაუ.



https://www.google.com/search?q=ibrahim+thiaw&rlz=1C1CHBD_enGE1042GE1042&oq=Ibrahim+Thiaw&gs_lcrp=EgZjaHJvbWUqDAgAECMYJxiABBiKBTIMCAAQIxgnGIAEGIoFMgcIARAuGIAEMgcIAhAAGIAEMgcIAxAAGIAEMggIBBAAGAUYHjIGCAUQRRg8MgYIBhBFGDwyBggHEEUYPKgCALACAA&sourceid=chrome&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:7bbc878c,vid:JjmOtxblPHE,st:0


https://drive.google.com/file/d/1d4oaliMNSpST4By_4GBX7QnkeCus4JoY/view?usp=drive_link


საჰელი კლიმატური და ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონაა საჰარის უდაბნოსა და სავანას შორის, ვრცელდება ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. ამ არეალში 6 სახელმწიფოა: მავრიტანია, სენეგალი, მალი, ბურკინა-ფასო, ნიგერი და ჩადი. მოსახლეობა მომთაბარე ან ნახევრადმომთაბარე მესაქონლეობას მისდევდა.                           

      
მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან არასწორი ძოვების, მიწის რესურსების არარაციონალური გამოყენების გამო მწვავედ დადგა საჰელის ეკოლოგიური კრიზისი. მხარეში რამდენიმე წელი არ იყო წვიმა, 1972 წელი კი განსაკუთრებით გვალვიანი გამოდგა. გაუდაბნოების არეალი 2 ათასამდე მილზე გავრცელდა და მოიცვა დასავლეთ ევროპაზე დიდი ტერიტორია.

„პრობლემა შეეხო არა მხოლოდ მიწას, მცენარეებს, პირუტყვს, არამედ მოსახლეობასაც. დაზარალდა 6 მილიონზე მეტი ადამიანი. ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ რესურები, არამედ საცხოვრებლები და მთელი ცხოვრება. მოუსავლიანობამ იძულებული გახადა ბევრი ოჯახი, მათ შორის ჩემი ოჯახიც, ვქცეულიყავით მიგრანტებად, დაგვეტოვებინა მშობლიური სოფლები და ვეღარასოდეს დავბრუნებილიყავით უკან“, - ამბობს ტიაუ.  

მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლა იბრაჰიმ ტიაუს მთავარი საქმიანობა გახდა. დღეს ის და მისი ორგანიზაცია წარმატებული პროექტებითაც იწონებენ თავს. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ აფრიკის „დიდი მწვანე კედელი“, რომლიც ფარგლებშიც საჰელში  დაახლოებით 8 ათას კილომეტრზე ირგვება ხეები. ასევე აღსანიშნავია გლობალური მიწის ინიციატივის კამპანია (https://g20land.org/)


                                         

 

რა იყო განსაკუთრებული 30 წლის განმავლობაში?  

„ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გავაცნობიეროთ: ნიადაგისა და მიწის რესურსების დაცვა არ არის მხოლოდ აფრიკის პრობლემა, ეს საკითხი მწვავდედ დგას აქ, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ამაზონის რეგიონშიც კი.

მიწის რესურსების დაცვა თითქმის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია. ჩვენ გვჭირდება ნიადაგი და მიწის რესურსები, რათა გვქონდეს საკვები, ჩვენ გვჭირდება მიწის რესურსები, რათა გვქონდეს წყალი“, - თქვა კონვენციის სამდივნოს აღმასრულებელი მდივნის მოადგილე ანდრეა მეზა მურილომ.



„30 წელი, ერთი მხრივ, ისტორიისთვის არც ისე დიდი დროა და,  მეორე მხრივ, არც თუ მცირე პერიოდია. თუ შეხედავთ ღონისძიებაში ჩართული ადამიანების რაოდენობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი  სხვადასხვა ქვეყნიდან ერთვება გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციისა და გვალვის   წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის პროცესი, რომელიც ყველას შეიძლება შეეხოს: სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნესს, თითოეულ ოჯახს.

სულ უფრო მეტი ახალი თემა ჩნდება პროცესში: იქნება ეს მიწის დეგრადაციით გამოწვეული მიგრაცია,  გენდერული საკითხები, ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში; უფრო მეტს ვსაუბრობთ გვალვებზე, ქვიშისა და მტვრის ქარბორბალებზე და ვცდილობთ, მეტი დაფინანსება მოვიპოვოთ ამ პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ამბობს ნადეჟდა დემენტიევა, კონვენციის სამდივნოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონის ოფიცერი. მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რესურსების დაცვის საუკეთესი პრაქტიკების გაზიარება.




ბონელ ნიადაგმცოდნეთა გამოცდილება

17 ივნისს დილოთ ბონის მეტროს სადგურ „რაინაუსთან“ ვიკრიბებით და ამავე სახელწოდების პარკში შევდივართ.

ჩვენი მეგზურობა ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაცვის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა კლაუს მაიატმა და ლუიზა შვარცმა იკისრეს.




ისინი ქალაქის ისტორიაზე, გეოგრაფიასა და გეოლოგიურ წარსულზე საუბრობენ.

2000 წლის წინ რომაელების მიერ დაარსებული ბონი გერმანიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება.  დედაქალაქური წარსულის მიუხედავად დღემდე პატარა და მწვანე პუნქტად რჩება.  2023 წლის მონაცემებით,  ქალაქში 336 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მეორე მსოფლიო ომის მერე დასავლეთ გერმანიაში ბონის გადედაქალაქება განპირობებული იყო იმით, რომ ეს დაბალსართულიანი, მდიდარი გერმანელებით დასახლებული პატარა ქალაქი შედარებით ნაკლებად დაინგრა და დაზარალდა.

დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ თუნდაც მეზობელი კიოლინისგან განსხვავებით, არასოდეს გამხდარა სამრეწველო ქალაქი.

„ბონი მიმდებარე ქალაქებისგან იმითიც გამოირჩევა, რომ მთებს შორისაა გაშენებული.  გერმანიის დიდი ნაწილი, მიმდებარე ქალაქებიც და, განსაკუთრებით ჩრდილოეთი ნაწილი, გაცილებით ვაკე დაბლობია.

გეოლოგია რომ გავიხსენოთ, მილიონობით წლის წინ, ამ ადგილას ხან ოკეანე იყო, ხან - ხმელეთი. მყინვარულ პერიოდში ტერიტორია მყინვარებით იყო დაფარული.  შემდეგ დათბა და მყინვარებმა უკან დაიწია.

მდინარე რაინმა თანდათან გაჭრა კალაპოტი. ბონი ხომ მდინარის ორივე ნაპირზეა გაშენებული.  

ასეთი გეოლოგიური წარსულის გამო ქალაქის ტერიტორიიაზე ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგებია“, - გვიამბობს კლაუსი.





ეს ბონია 

როგორც გვეუბნებიან, ნიადაგების დაცვას ქალაქში დიდი ყურადღება ექცევა. ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტისას კომპლექსური მიდგომა გამოიყენება.  თითოეული პარკის და ბაღის გაშენებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მთელი ქალაქი, ისტორიული ცენტრი, რაინისპირეთი თუ გარეუბნები, სიმწვანეშია ჩაფლული.





ერთი საინტერესო გამოცდილების შესახებ, როგორ აქციეს მაღაროს ტერიტორია და საწარმოო ნაგავსაყრელი ტურისტულ ცენტრად, ჩვენ ცალკე ბლოგში მოგითხრობთ. 

ზემოთ საქართველო ვახსენეთ და გადავწყვიტეთ სტატია საქართველოს პრობლემებზე საუბრით დაგვესრულებინა. 
რამდენად მწვავედ დგას საქართველოში მიწის დეგრადაციის, გაუდაბნოების საკითხი, რა მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ გაუდაბნოებასთან ბრძოლის დაეროს კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში, გარემოს დაცივისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის რეურსების დაცვის სამმართველოს უფროსს, ნინო ჩიქოვანს.
„საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აქტუალურია მიწის დეგრადაციის პრობლემა.  მართალია, ქვეყანაში არ გვაქვს ბუნებრივი უდაბნო, თუმცა კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენული ზემოქმედების გავლენით მიწის დეგრადაცია უკვე მწვავედ დგას, განსაკუთრებით ქვემო ქართლის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. 
რაში გამოიხატება მიწის დეგრადაცია? მცირდება ნიადაგის ნაყოფიერება, რაც აისახება მოსახლიანობისა და მცენარეულის საფარის შემცირებაში. 
თითოეული ფერმერის ვალდებულებაა, დაიცვას ნიადაგი, გამოიყენოს მდგრადი მიწათსარგებლობის მიდგომები. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, დავნერგოთ საერთაშორისოდ გავრცელებული და აღიარებული მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები, როგორიცაა: როტაციული ძოვება, ქარსაფრების გაშენება, თესლბრუნვა, მინიმალური დამუშავებით თესვის პრაქტიკა. 
რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მუნიციპალიტეტი მოვიცვათ, ასევე აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია თანამედროვე მიდგომების შესახებ", 

საქართველოს კონსიტიტუციით, ბუნებათსარგებლობა ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესის გათვალიწინებით უნდა ხდებოდეს. მიწა კი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა, რომელსაც შვილებს ვუტოვებთ.  


ეზუპერისაც არ იყოს, „დედამიწა მემკვიდრეობით არ მიგვიღია, ჩვენ ის შვილიშვილებმა გვასესხეს". 







გამოყენებულია თინათინ მოსიაშვილისა და https://www.unccd.int/-დან აღებული ფოტოები