Tuesday, July 16, 2024

მიწის დამცველი გმირები


17 ივნისი  გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.  

30 წლის წინ, 1994 წლის 17 ივნისს პარიზის კონფერენციაზე მიიღეს  გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენცია.მას მერე გარემოსა და მიწის დამცველები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეისათვის კონვენციას 197 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს.      

წელს მთავარი ღონისძიება ბონში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხატვრო-საგამოფენო ცენტრში (ბუნდესკუნსტჰალეში) გაიმართა. კონვენციის სამდივნოც ბონში, გაეროს ოფისში მდებარეობს. 

„გაერთიანებულნი დედამიწისთვის: ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენი მომავალი“ - ასეთი იყო ღონისძიების დევიზი. 




ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო მიწის დამცველი გმირების დაჯილდოება. Land Heroes - ანუ მიწის დამცველი გმირები - ეს ტიტული ­მიანიჭეს 10 ახალგაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი უმეტესობა ქალია.



                     

ჩვენ მათთან შეხვედრის საშუალება გვქონდა. 


ალიონა ისაკი მოლდოველი გეოგრაფ-კლიმატოლოგია, ალონა ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია, მათ შორის უნდა აღინიშნოს ხეების დარგვის აქციები.

„მისი აქციების შესახებ ჩვენს გადაცემებშიც არაერთხელ გვისაუბრია. ამ ყველაფერს ალიონა იმიტომ კი არ აკეთებს, რომ გმირის წოდება მიეღო, ეს მისი ცხოვრების წესია“, - გვეუბნება მოლდოველი ჟურნალისტი ალექსანდე ნისტირიუკი.

ბეატრის  აზევედო დე არაუჟო ეკოლოგ-იურისტია ბრაზილიიდან, სეარას შტატიდან. სიერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბრაზილიის ზეგანზე  მდებარეობს.  რეგიონისთვის აქტუალურია გვალვა და მიწის დეგრადაციის საკითხი. ბეატრისის ორგანიზაცია ცდილობს,  ენერგეტიკული პროექტები ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს და შეიქმნას „მწვანე“ სამუშაო ადგილები.

ასტრიდ პერაზე - ინჟინერ-მასალათმცოდნე, კლიმატური და გენდერული აქტივისტი კოსტა-რიკიდან. ის იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. ცდილობს ხელი შეუწყოს მათ, გახდნენ ცვლილებების შემომქმედნი.   

ლინა პიკხარდტი - გერმანიაში ნიადაგების დეგრადაციისა და გარეული ცხოველების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის. ლინამ საინტერესო გზა გაიარა გარემოსდამცველი მოხალისეობიდან ნიადაგის აღდგენის პროექტების ხელმძღვანელამდე.

როკიატუ ტრაორე  მეწარმეა მალიდან. ის იბრძვის კლიმატის ცვლილებისა და  სიღარიბის წინააღმდეგ, იბრძვის, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო საკვებ პროდუქტებზე. როკიატუს სოციალური საწარმო „ჰეროუ ალიანსი“ ქალებსა და ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.  

მაროკოელი მანალ ბიდერი - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტია, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „მაროკოს რეგიონული ახალგაზრდული მთავრობა“. ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში  გვალვის, გაუდაბნოები წინააღმდეგ იბრძვის. საერთაშორისო პროექტების დახმარებით ასევე ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი ფენების შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისა და მიწის რესურსების შენარჩუნების საქმეში.

ფილიპინელი ბილი დუმალიანგი მასუნგის ნაკრძალის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორია. ორგანიზაცია მანილის შემოგარენის კარსტული რელიეფის დაცვაზე ზრუნავს და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

გრეის მანი ფოკამი -  ახალგაზრდული არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის „ფოლიო ტექნოლოგიის“ დამფუძნებელია. ორგანიზაცია კლიმატური კრიზისის პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

„ფოლიონეტი“ (FoliaNet) - ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც ავლენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებს.

ზიმბაბველმა ტაკუზბა ეშლი მლამბომ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის  მილიარდი ხე დარგოს, რაც 2.5 მილიონი ჰექტარი დეგრადირებული მიწის აღდგენას გამოიწვევს.

ინდოელი სიდხეშ საკორე  მამის მსგავსად ფერმერია. მოჰყავს ბრინჯი, ბოსტნეული კულტურები, ხილი. სიდხეშმა დააფუძნა კომპანია „აგრორეინჯერები“ და  ინოვაციური აგრომებაღეობისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის  შესახებ კონსულტაციებს სთავაზობს მცირე და დაბალშემოსავლიან ფერმერებს. 

„მილიარდზე მეტი ახალგაზრდის ცხოვრება განვითარებად ქვეყნებში დამოკიდებულია მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ლიდერებისა და ნოვატორების როლი განსაკუთრებლია მიწის გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდების ჩართვას ამ პროცეში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ეს კი ეკონომიკის წინსვლასა და ეკოლოგიურ მდგრადობას შეუწყობს ხელს", - ამბობს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის სამდივნოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონის ოფიცერი ნადეჟდა დემენტიევა.

https://www.unccd.int/ru/news-stories/press-releases/global-call-lands-sustainable-future

ამ ახალგაზრდების ნაწილს უფრო ახლოსაც გაგაცნობთ. 

გამოყენებულია თინათინ მოსიაშვილისა და /www.unccd.int-დან აღებული ფოტოები 




 



  



No comments:

Post a Comment