Tuesday, February 2, 2021

„მიხა ხელაშვილი თავისუფალი საქართველოს სულია" (მიხაობა ფშავში)

არც წელს ვუღალატეთ ტრადიციას და, კორონობის მიუხედავად, მეგობრები პატარა ჯგუფით, 25 იანვარს ფშავში, ჩარგალში,  მიხაობაზე წავედით. 

ბოლო წლებია, ამ დღეს ჩარგალში მიხაობა -   მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნება.  

რატომ ჩარგალში? ახადში დაბადებულ პოეტს ჩარგალი ექცა საბედისწერო - მოღვაწეობის, სიყვარულისა და სიკვდილის ადგილად. 

მერეც აქვე, დედის საფლავისა და ტაძრის  გვერდით დაკრძალეს საბჭოთა ხელისუფლების დაკვეთით  „მეგობართაგან“ ღალატით მოკლული და პოლიციის ეზოდან მოპარული  „ველის პოეტის“ დანაწევრებული ცხედარი.





წელს სხვა წლებთან შედარებით ცოტა იყო ხალხი, ნაკლებად იყვნენ ჩინოვნიკები, არ იყვნენ ტელევიზიები.  იყვნენ ალაგ-ალაგ პირბადიანნი და ეს გამოარჩევდა მიხაობა 2021-ს. 

„ახლა ჩარგლისკენ უნდა მივდიოდე და  მიხას სულის ტაბლას ვშლიდე, მაგრამ ამ კორონას გამო წყალტუბოში ვარ", - გულსტკივილით დაწერა ფესიბუკზე ნუცა ცისკარიშვილმა. „ხრიდოლიონებიც" მსვლელობით, ფერხისათი და  „კაი ყმის" სულის ტაბლათი აკლდნენ წელს მიხაობას. 

თუმცა სხვებისთვის კორონას ხელი არ შეუშლია: ჩარგლის სასაფლაოს ყველა კუთხეში ისმოდა ქართული ლექსი და სიმღერა. 






ალაგ-ალაგ პირბადეები - აი, რა გამოარჩევდა წლევანდელ მიხაობას.  


                                        
                          

„მიხაობა ეროვნულ დღეობად უნდა იქცეს და არის კიდეც. ის კი არ არის მხოლოდ, რომ დღეს  მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა და მას ვიხსენებთ.  ვერ გაიგეს ზოგიერთებმა, რომ ყოველი დღე ასეთი პოეტებისაა.  

პოეტი არ არის ტომეულები. პოეტი შეიძლება იყოს ერთი სტრიქონიც... ქუჩაში ერთი ლექსი შეიძლება წაიკითხოს ვინმემ შენი, მაშინ ხარ პოეტი. მიხასი კი, როგორც თვითონ ამბობდა, ბევრი ლექსი გაქვეყნდა. 

 დღეს მე ბედნიერი ვარ, აქ რომ ვარ. 

ეს მზე, თივის ბულულები, ფშავის ხეობა, ყველაფერი ეფერება მიხა ხელაშვილს", - გვითხრა პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა. 






25 იანვარი - ნამდვილი სახალხო ზეიმია - თავისუფლების, თავისუფალი სულის ზეიმი. ზეიმი, რომელიც ყოველგვარი წინასწარი დაგეგვისა და გაწერილი პროგრამის გარეშე იმართება ხოლმე. 







                                 



„მისი სახელი  რომ ეხსენებინა ვინმეს, ხვრიტავდნენ. ეშინოდათ, მაგრამ არ დაუვიწყია ფშავს მიხა, არ დაუკარგია მისი სახელი. 25 წლის ბიჭმა ამდენი დაწერა, ამდენი მოასწრო, ამდენი დატოვა და როგორ დაივიწყებდა ხალხი", - გვეუბნება ფშაველი ღვთისო სესიაშვილი. 


***

ცოტა რამ მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიიდან (ძველი სტატიდან): 

უკანა ფშავში, ფშავის მთავარი სალოცავის - ლაშარის მოპირდაპირე მხარეს მთაზე არის სოფელი, უფრო სწორად ახლა უკვე ნასოფლარი - ახადი.  სამანქანე გზა არც ახლა არის და სოფელში რომ ახვიდე, დღესაც, ისევე როგორც საუკუნის წინ, ტყის ბილიკს ისე უნდა შეუყვე.

მიხას წინაპრები გოდერძაულნი ყოფილან. გვარიდან გამორჩეულა ბეწუნა - თიკუნათ ხელაი, მის შთამომავალთ ხელაიშვილებად მოიხსენიებდნენ, მიხას მამა კი უკვე ხელაშვილად დაწერილა. ახადში, ზურაბ ხელაშვილის  ოჯახში დაბადებულა მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს (ზოგიერთი მონაცემით, ცოტა ადრეც). აქვე გაუტარებია ბავშვობა. ახადში მდგარა ხელაშვილების ორსართულიანი ქვითკირის სახლიც. 

„სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გათხოვდებოდეო“, - ამბობს პოეტი თავის ყველაზე პოპულარულ ლექსში „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“

ამ ორი ოცნებიდან ვერც ერთი არ აუსრულდა, მიტოვებული სახლიც დაინგრა და ძალიან ადრე დაქვრივებული ცოლიც გათხოვდა... 

აქვე, ფშავში უსწავლია მიხას წერა-კითხვა. მამას სასწავლებლად ქალაქში გაუშვია და სწავლის ფული რომ სჭირდებოდა, ზურაბს ხარები „პატიოსანა“და „თვირთვილა“ გაუყიდია,  რასაც მიხას ბიოგრაფების თქმით, იმდროინდელ ფშავ-ხევსურეთში იშვიათად თუ ვინმე გააკეთებდა, რადგან ბალღის „ქაღალდისაც ჩახედვა“ დედაჭუაობად მიაჩნდათ.

1915 წელს სადიაკვნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მიხა დიაკვნად გაუნაწილებიათ ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში , სადაც დიდი სიყვარული დაუმსახურებია.  

1919 თუ 1920 წელს ჩარგლის ეკლესიაში მღვდლად უკურთხებიათ მიხა ხელაშვილის დის ქმარი, სოფელ აფხუშოში (ჩარგლის ფუძე სოფელი) მცხოვრები თევდორე ჟამიაშვილი, რომელსაც ცოლის ძმა თავისთან გადაუყვანია.

იმ დროს ჩარგალში მასწავლებლად მუშაობდა ნიკო მაკალათია (სერგი მაკალათიას ძმა, რომელიც შემდეგ თავის ცოლის ძმა ლადო ბალიაურთან ერთად ყარაგანდაში გადაასახლეს), ვაჟა-ფშაველას შვილი ვახტანგი,  ვანო ხორნაული (მეზობელ კაწალხევიდან), ასევე ლუკა მარცვალაშვილი, ლევან გარსევანაშვილი.

აქვე, ჩარგალში,  უპოვია მიხას თავის სიყვარულიც - დედუნა ბაჩიაშვილი, რომელთანაც ქალიშვილი - თამარი შეეძინა.

სასულიერო პირი იყო, მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ტაძარი და ცხენზე ამხედრებულიყო. ია ქაქუცა  ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა. ჩოლოყაშვილიც განსაკუთრებით ენდობოდა ფშაველ ახალგაზრდას. „კარის პოეტი ხარო“, - ეუბნებოდა თურმე ქაქუცა და გამარჯვების შემთხვევაში კარგი სწავლა-განათლების მიღებასაც ჰპირდებოდა...

„კარის კი არა, ველის პოეტი ვარო“, - პასუხობდა თურმე მიხა, რომელიც ხან ფშავში იყო, ხან ხევსურეთში, ალავერდსა თუ ხაშმში. ის არც უცხოეთში გაყოლია სხვა შეფიცულებს.

დარჩა და პოლიციელ-კომკავშირლებს თავსატეხად ექცათ მიხა ხელაშვილი. თავად მას რომ ვერაფერი დააკლეს, აფხუშოდან ახადში მიმავალ დედამისს დაუხვდნენ, ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს და მერე ტყვის ჰკრეს და მოკლეს.

გადმოცემით, ძალიან ცოტა ხანს მივიდაო დედის გასვენებაში მიხა ხელაშვილი, თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი მზად იყო, თუ რამეს დაუპირებდნენ, თავადვე მოეკლა თავი. პოლიციელებით იყო სავსე ჩარგლის მიდამოებიც, მაგრამ გასვენებისას ვეღარავინ შებედაო სროლა.   

ცოლ-შვილის დაწიოკებასაც ერიდებოდა და მათთან მისვლას ვერ ბედავდა და ისე შორიდან თუ დახედავდაო...

-         არ გათხოვდეო! - ეს ყოფილა უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.

ჩარგალში სტუმრობა აღმოჩნდა საბედისწერო. „გულღიად“ დახვედრიან „მეგობრები“ - ლუკა მარცვალაშვილი და ლევან გარსევანაშვილი: ხინკალიც ჩაუყრიათ, არაყიც დაულევიათ, ღამით სტუმარი  თითქოს უსაფრთხოებისთვის საბძელში დაუძინებიათ.... შუაღამისას კი თავად დასდგომიან იარაღით და ღალატით მოუკლავთ.

პოლიციას სროლა აუტეხავს, ვითომ მათ მოკლეს მიხა ხელაშვილი, შემდეგ გვამი დუშეთში გადაუტანიათ და პოლიციის ეზოში მიუგდიათ სხვების დასაშინებლად.

მიხას დას, სალომეს ჯერ საბძელში შეუგროვებია ძმის ტვინი, მერე  ნაცნობი პოლიციელის დახმარებით მისი გვამი მოუპარავს, ნაწილ-ნაწილ ჩაეწყია ხურჯინში და ბევრი კაცი რომ ვერ იზამდა, თავად წაუღია ჩარგალში. დედის საფლავის გვერდით დაუკრძალავს ველად გაჭრილი დიაკვან-პოეტი.

მიხა ხელაშვილის „ლექსო, ამოგთქომ“ პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა შეიტანა 1934 წელს გამოცემულ „ხალხურ პოეზიაში“. მისთვის ლექსი ვანო ხორნაულს მოუწოდებია. ეს ორივესგან უკვე დიდი სითამამე იყო, რადგან მიხას და მიხასნაირების სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა.

***

ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა გვითხრა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტსა და ფონდის ინიციატივით უახლოეს ხანში გამოცხადდება კონკურსი მიხა ხელაშვილის საფლავის პროექტზე  და საფლავიც კეთილმოეწყობა.  





ამ დღეს ჩარგლის ტაძარში მიააბრძანეს ლომიის წმინდა გიორგის ხატი. 

„მიხა ხელაშვილი თავისუფალი საქართველოს სულია, მთელი საქართველოს, ერთიანი საქართველოს სული. მეც 300 კილომეტრი გამოვიარე, რომ ასპინძიდან ფშავში ჩამოვსულიყავი. აქ ხომ დღეს მთელი საქართველოა შეკრებილი. ვარძიის დედაღვთისმშობელმა დალოცოს ეს ხეობა და ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან", - გვითხრა მერაბ შაღაშვილმა. 









წელსაც გვიანობამდე ისმოდა ჩარგალში ლექსი, სიმღერა, კაფია, სადღეგრძელო... 

 

ვიდეოები ცოტა ვრცელი იყო და მოგვიანებით ავტვირთავ. 

ჩემი მასალები ამ თემაზე სხვა გამოცემებში:  

https://mtisambebi.ge/news/culture/item/285-%E2%80%9Emixa-xelashvili-daumarzxebeli-saqartvelos-simboloa%E2%80%9C


https://publika.ge/article/chemo-sakhelo-amqveynad-didkhansamc-ikhsenebode/



ფოტოალბომები 

https://www.facebook.com/photo?fbid=10220964086153484&set=oa.2844051792328095 მიხაობა 2020

https://www.facebook.com/media/set/?set=oa.2844051792328095&type=3  მიხაობა 2020 

https://www.facebook.com/media/set/?set=oa.1661830600550226&type=3 მიხაობა 2018 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.10211547548985940&type=3  მიხაობა 2017 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.10208095759093350&type=3 მიხაობა 2016 






No comments:

Post a Comment