სასტუმროში „შინაში" ვიყავით დაბინავებული. წამოსვლის წინა საღამოს ვვახშმობდით, როცა ზაზა ლაგაზიძემ სავახშმოდ სტუმრები მოიყვანა. მოვიკითხეთ ერთმანეთი. გვერდით მაგიდაზე ისხდნენ და პერიოდულად ვეხმიანებოდით: ხან ალავერდს გადმოდიოდა და ხან სასმელს გვაწვდიდა.
„60 წელია, ასეთი რამ აღარ მომხდარა თუშეთში. საცდელად ხორბალი დავთესეთ და ხვალ ალოობა გვაქვს, გეპატიჟებითო", - გვითხრა ზაზამ.
მანამდე შეხვედრით კი შევხვედრივარ, მაგრამ საქმეებთან დაკავშირებით ტელეფონზე უფრო ვეხმიანებოდი. ზაზა ლაგაზიძე თუშეთის დაცული ლანდშაფის ადმინისტრაციის დირექტორი იყო. გამორჩეულად კოლორიტული ადამიანი.
ამ ტურამდეც მისგან გავიგე, რომ წოვათას გზა გაწმენდილი იყო და ამიტომაც, სხვა დროისგან განსხვავებით, თამამად შევბედეთ ამ ხეობის გზას.
თავად ზაზაც წოვათადან იყო - ულამაზესი ხეობიდან, სადაც, მოგეხსენებათ, დღეს აღარავინ სახლობს.
მეორე დღეს შენაქო და დიკლო რომ მოვიარეთ, სანამ ომალოს პლატოდან ხეობისკენ დავეშვებლოდით, ყანებთან გავჩერდით. ტექნიკა ადგილზე იყო და სტუმრებს ელოდნენ.
კომბაინმა მუშაობა დაიწყო, გაიარა პირველი რიგი, წამოიღო პირველი თავთავები და გაჩერდა.
„იუთუბზე ვუყურე და ასე მუშაობსო", - უხსნიდა ზაზა მემანქანეს კომბაინის მუშაობის პრინციპს.
ჩვენ ჯგუფში აღმოგვაჩნდა ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთი დიპლომით იყო ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანე ზეინკალ-შემკეთებლის ჩვევებით. „აი, საქმე გამოგიჩნდაო", - ხუმრობით ვუთხარით ქეთის და თუშებს ასევე ღიმილი მისი დახმარებაც შევთავაზეთ.
სამწუხაროდ, თბილისისკენ უნდა წამოვსულიყავით და ვეღარ დაველოთ ტექნიკის შეკეთებას (ვერც მოესწრებოდა იმ დღეს).
მოკლედ, ალოობიდან მთლად კარგი რეპორტაჟი არ გამოვიდა. მაინც ვფიქრობდი, რომ რომელიმე გამოცემისთვის დამეწერა იმის შესახებ, რომ თუშეთში ხორბლის თესვა დაიწყეს.
ვფიქრობდი, მოგიანებით ზაზასთან შეხმიანებასაც, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე: უნივერსიტეტში სემესტრი დაიწყო, ონლაინპროცესის სირთულეებითა და გამოწვევებით. წამოვიდა ბევრი ყოფითი ამბავი და ეს მასალა ვეღარ დავწერე.
არადა, როგორი ამბავია, როცა მთაში ისეთ ტრადიციული დარგის აღდგენა იწყება, როგორიც მარცვლეულის მოყვანაა.
დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი მიზანი ხომ ესაც არის.
ვფიქრობდი, მაგრამ ვეღარ შევეხმიანე, არადა, უნდა მოასწრო თურმე...
P.S. ორი კვირის წინ, იანვრის შუა რიცხვებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ ვიყავით.
„ზაზა ყოფილა ცუდად, ლაგაზიძე", - მითხრა ნინო სეთურიძემ.
არ მომიკითხავს, არც მიფიქრია, რომ ასე გართულდებოდა საქმე. გარშემო უმეტესობა ხომ იოლად ამარცხებს კორონავირუსს. თურმე ყველაზე დიდებს ერევა - გიო არაბულისაც არ იყოს, დევივით მთიელ მამაკაცებს (ნოდარი ბიძიაზე, ნოდარ ჯალაბაურზეც ცალკე დავწერ).
„ცუდი ამბავი უნდა გითხრა - ისევ ნინომ მომწერა გუშინ - ზაზა გარდაცვლილა".
ეს სტატუსიც, ალოობის დაგვიანებული რეპორტაჟის მაგვარი ბლოგიც ზაზას ხსოვნისა იყოს.
ახლო პლანიდან გადაღებული ფოტოები არც აღმომაჩნდა. გაფუჭებულ ტექნიკაზე ზრუნვისას ახლო კადრების, პირველი ალოობის სამახსოვრო ერთობლივი კადრების გადაღება მატრაკვეცობად მომეჩვენა.
ეს გადაცემა ვიპოვე, სადაც ზაზა ლაგაზიძე წოვა თუშური ენის გადარჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს.
https://www.youtube.com/watch?v=E9LtSzxYFaQ&fbclid=IwAR3lYgGFWhURs8QcEhuOP8o_CwAXysyszju5M-QjpZQmB2oHXaxs8BiLgd0
No comments:
Post a Comment