სექტემბრის პირველ რიცხვებში სტუდენტებთან ერთად ტობა ვარჩხილზე ვიყავი. თავად ამ მარშრუტზე ცალკე პოსტს დავდებ, ახლა იმაზე უნდა დავწერო, როგორ ხედავს ზოგი ბიზნესს ქართულად.
ტობაზე 6 ვიყავით: მე, ერთი გოგონა და ოთხი ბიჭი. ორი ჩემი სტუდენტი იყო და სამიც მათი მეგობარი, სამეგრელოს და რუსთავის სკაუტები, ყოჩაღები.
მუხური ხაიში - ცოტა რთული, მაგრამ ძალიან კარგი მარშრუტი გავიარეთ და
ჩვენ 5 დღე მოვანდომეთ. თავად მარშრუტზე და რეკოემდაციებზე სხვა ბლოგს დავწერ.
ახლა ღიად სხვა რამეზე მინდა დავწერო: როგორ „გადაგვაგდეს" მეცხენეებმა.
31-ში დილას უნდა გავსულიყავით ზუგდიდიდან მუხურში
კარვებისა და საჭმელისთვის ერთი ცხენი გვჭირდებოდა და
რამდენიმე დღით ადრე შევუთახმდი გამყოლს, ცხენი (!!!) და გამყოლი გვინდა-მეთქი.
(მოგეხსენებათ, ცხენი მხოლობითი რიცხვია და ერთ ცხენს ნიშნავს, ქართულში და სხვა ენებშიც ორის ან მეტისთვის მრავლობით რიცხვს ვიყენებთ და ასეთ დროს ცხენებს ვეტყოდი, ან დავაკონკრეტებდი, 2, 3, 4 ცხენი მინდა-მეთქი).
წასვლის წინა დღეს, უკვე ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსში რომ ვზივარ, გამყოლი მირეკავს: დედა ცუდად მყავს და მე ვერ წამოვალ ჩემ მაგიერ ეს კაცი იქნებაო და პატას ნომერს მწერს.
- ორი ცხენი გინდოდათ, არა?, - მიკონკრეტებს
და
- არა, გამყოლი და ერთი ცხენი, - ვპასუხობ.
ვურეკავ პატას და ვუთანხმდები, რომ ხვალ 9-9.30-ზე ვიქნებით მუხურში. ვეუბნები, რომ ტელეფონი მიჯდება და ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ დავურეკავ.
ვრეკავ ზუგდიდიდან
- მანქანა გყავთ? - მეკითხება პატა.
- კი, მანქანა შეთანხმებულია.
- ცხენები ზემოთ მყავს და კარემდე (მწყემსის ბინა) თქვენი მანქანით წამოვალ.
ისედაც ვიწროთ უნდა ვიყოთ, მაგრამ მოვთავსდებით რა, - ვფიქრობ.
- თქვენ ორი ცხენი გინდათ ხომ? - აზუსტებს პატა.
- არა, გიას რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ერთი ცხენი გვინდა, - ვეუბნები.
- ერთი ცხენით სიარული რაში მიღირს, მაგრამ კარგი, მოდით დილას და შევთანხმდებით.
მეორე დილას 9.30-სთვის მუხურის ცენტრში ვართ.
გველის მანქანაც (სტუდენტების ნაცნობის მამა) და
პატაც.
- იცი რა, მე ერთი ცხენით წამოსვლა არ მიღირს, მომეცით 1000 ლარი (!!!) და ხობისწყლის სათავეებში გადაგიყვანთ, - მეუბნება პატა.
გიასთვის სამ დღეში 450 ლარი უნდა მიგვეცა.
თუნდაც ორი ცხენით, რა მათემატიკით გამოდიოდა სამ დღეში 1000 ლარი არ ვიცი. თან სტუდენტები მახლავს და სტუდენტებიც რომ არ იყვნენ. ქართული ჯგუფისთვის სამ დღეში მხოლოდ ცხენებში 200 ლარი ძვირია, თან წინასწარ რომ არც იცი და სიურპრიზი გხვდება.
ვურეკავ გიას, რომელიც მეუბნება, რომ მას თავისი ცხენები არ ჰყავს, ამჯერად ცხენი ვერ იშოვა და ამიტომ გადამამისამართა პატასთან (არადა, თავიდან მითხრა დედა მყავსო ცუდად). მოდის ცენტრში, მაგრამ მისი მოსვლა არაფერს ცვლის.
კი დავრეკეთ ვიღაცებთან, მაგრამ ასე უცებ ცხენ-გამყოლი ვეღარ ვიპოვეთ.
ჰო, გია ორი წლის წინ ახლდა ჩემებს ტობაზე და ერთი თვის წინაც თაზო წაიყვანა თავისი გერმანელი ტურისტებით (ამდენად, მთლად უცხო არ იყო), მასთან კი მეგობრის ახლობელმა გადამამისამართა.
პატამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ქალი ვიყავი, სტუდენტები მყავდა, მის იქით გზა არ მექნებოდა.
იძულებული გავხდი მეთქვა: რომ მისი საქციელი არც კაცური იყო, არც პროფესიულ-კოლეგიალური.
მეც და სტუდენტებმაც მოვიკიდეთ ზურგჩანთები და ვიარეთ (პატას ხვეწნას ვერ დავუწყებდი), მთელი გზა ვატარე ერთი კარავი.
ვიცოდი, რომ ბილიკი მარკირებული იყო და წავედით.
მართალია, ერთი-ორგან ნიშნულიდან ნიშნულამდე ბილიკს ცოტა ავცდით, მაგრამ მალევე ვიპოვეთ გზა.
ერთგან მეჯოგემ თავისი ცხენიც შემოგვაშველა (უფრო მცირე ანაზღაურებით).
დავიჯერო, ასე ულხინს ქართულ სოფელს, მათ შორის მუხურსაც, რომ ერთ ადამიანს სამ დღეში 450 ლარი ასე ძალიან ეცოტავება?
ჰო, ბილიკი მარკირებულია, მაგრამ ძველი ნიშნულები უმეტესად დამტვრეულია (ზემოთ მთაში ალბათ ქარისგან და თოვლისგან), ყველაზე სანდო ქვაზე და ხეებზე გაკეთებული ნიშნებია.
სამანქანე გზის ბოლოს, ბილიკი ჯერ ტყის გზას მიუყვება, მერე მაღლა ადის ტყეში (ერთი იქ შეგვეშალა გზადა როგორც მეჯოგემ მითხრა 10-დან 8 აქ იბნევა),
ძირს დაგდებული „სეტკა" ნიშნულად ვერ მივიჩნიეთ და ქვემოთ წავედით.
აზრი, რომ მარკირებას შეიძლება გამყოლებიც აფუჭებდნენ, რა ვქნა, უკვე დასაშვებადაც მივიჩნიე (ყაზბეგის დელიკების ამბავიც ხომ ვიცი).
No comments:
Post a Comment